ანდრო ჭიჭინაძის საქმეს გარდა პოლიტიკური მოტივაციისა, სხვა საფუძველი არ აქვს - ჩვენ არ მოვითხოვთ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას, ჩვენ ვითხოვთ მის გაუქმებას, - ამის შესახებ მსახიობ, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პროკურატურის მიერ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საერთოდ არ არის შემხებლობაში არათუ ანდრო ჭიჭინაძესთან, არამედ საერთოდ საქმესთან.
„დღევანდელ პროცესზე განიხილება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, იქნება შუამდგომლობების დაუშვებლობების საკითხი. ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იქნება გამოკითხვის ოქმები და საჯაროდ გავრცელებული ვიდეოკადრი, სადაც ჩანს რეალურად ანდრო ჭიჭინაძის განწყობა როგორია, როცა ის აქციებში იღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, წარდგენილია ის რეზოლუციები, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ამ საქმეს პოლიტიკური მოტივაციის გარდა სხვა საფუძველი არ აქვს. ჩვენ მოვითხოვოთ მტკიცებულად რეზოლუციების დართვას, სადაც მოხსენიებულია, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. რაც შეეხება პროკურატურის მტკიცებულებებს, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საერთოდ არ არის შემხებლობაში არათუ ანდრო ჭიჭინაძესთან, არამედ საერთოდ საქმესთან. თითქოს, რამდენიმე თვე გაწელეს იმაში, რომ უნდა გამოეკითხათ დაზარალებულები, თუმცა არცერთი დაზარალებული არ უთითებს ვინ მიაყენა ზიანი, დაინახეს თუ არა ანდრო იმ დღეს და მეტიც, ანდროს ედავებიან 29 ნოემბერს განხორციელებულ მოქმედებებს. ამ პოლიციელების ნაწილი კი ან 1-ელ დეკემბერს, ან 2 დეკემბერს ან კიდევ 30 ნოემბერს იყვნენ აქციაზე.
რაც შეეხება ჩვენს პოზიციას აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ჩვენ არ მოვითხოვთ მის შეცვლას, ჩვენ ვითხოვთ მის გაუქმებას. თუმცა, სავარაუდოდ, ალტერნატივის სახით, არა კონკრეტული რაოდენობის, მაგრამ მაინც სასამართლოს დავუტოვებთ გირაოს ნაწილში ლავირების საშუალებას.
ამასთან, გვინდოდა, რომ სასამართლოს სცოდნოდა, გუშინ გავაგზავნეთ ჩვენ და გასაჩივრებულია სტრასბურგში პირველი ორი აღკვეთის ღონისძიება, უკანონო გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღეს სასამართლოში. იმედი მაქვს, სასამართლო ამ საფუძვლით მაინც შიშის ფაქტორი იქნება, რათა დღეს მაინც მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც კანონთან მინიმუმ დაახლოებული იქნება“, - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 5 დეკემბერს დააკავეს.