გიორგი დავითური - სტრატეგია ისაა, რომ ადგილობრივი სათემო მედიები ცენტრალიზებული პროპაგანდისტული საშუალებებით ჩანაცვლდეს - რაც შეეხება FARA-ს, მისი სამიზნე ორგანიზაციებზე გავრცელება, რთული იქნება

სტრატეგია ისაა, რომ ადგილობრივი სათემო მედიები ცენტრალიზებული პროპაგანდისტული საშუალებებით მთლიანად ჩანაცვლდეს - რაც შეეხება FARA-ს ქართულ თარგმანს, ამ კანონის შინაარსის იმ სამიზნე ორგანიზაციებზე გავრცელება, ვისზეც უნდათ, რომ გაავრცელონ, კანონპროექტის არსებული რედაქციიდან გამომდინარე საკმაოდ რთული იქნება, - ამის შესახებ IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელმა და მთავარმა იურისტმა, გიორგი დავითურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც დავითურმა აღნიშნა, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი „რეგიონულ, სათემო მაუწყებლებს ძალიან მძიმედ დაარტყამს“. FARA-ს თარგმანის დაინიცირება კი დავითურის თქმით, „გაურკვეველია“.

„ძალიან მძიმედ დაარტყამს არა დიდ მედიებს, საეთერო მაუწყებლებს, არამედ რეგიონულ, სათემო მაუწყებლებს, რომლის არსებობის შესახებ ფართო საზოგადოებამ შეიძლება არ იცოდეს. იმიტომ, რომ მუშაობენ სპეციფიკურ რეგიონებში პატარა პრობლემებზე, რაც ადგილობრივ წარმომადგენლებს ნამდვილად აწუხებთ. მათთვის იკრძალება, ირიბად წესდება გარკვეული შეზღუდვები. ჩემთვის ეს ძალიან მძიმეა. სამწუხაროდ, როგორც ჩვენ ვხედავთ, სტრატეგია ისაა, რომ ადგილობრივი სათემო მედიები ცენტრალიზებული პროპაგანდისტული საშუალებებით მთლიანად ჩანაცვლდეს. ამ სტრატეგიის ნაწილია ესეც.

რაც შეეხება უშუალოდ, FARA-ს ქართულ თარგმანს, რომელიც მეტ-ნაკლებად მოდიფიცირეს და წაკითხვადია. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ჩემთვის პირადად, ამ კანონის დაინიცირება ბევრი მიზეზით ჯერ გაურკვეველია. რაოდენ საოცრადაც არ უნდა ჟღერდეს, ამ კანონის შინაარსის იმ სამიზნე ორგანიზაციებზე გავრცელება, ვისზეც უნდათ რომ გაავრცელონ, კანონპროექტის არსებული რედაქციიდან გამომდინარე საკმაოდ რთული იქნება. განსხვავებით „რუსული კანონისგან“, რომელიც უცხოური ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ავტომატურად თვლიდა იმ ორგანიზაციას, რომელსაც ევროკავშირიდან ან მისი რომელიმე ქვეყნიდან 20%-ზე მეტი ჰქონდა დაფინანსება“,- განაცხადა გიორგი დავითურმა.

გიორგი დავითურის განცხადებით, FARA-ს ქართულ თარგმანში, „ცოტა იქნება ისეთი ორგანიზაციები, ვინც ჩავარდება“.

„მასობრივი პროპაგანდისტული ნარატივია, რომ FARA რატომღაც უფრო მკაცრია, რადგან უფრო მკაცრ სანქციას ითვალისწინეს, მაგრამ ვისზე ვრცელდება, უნდა ჩავხედოთ. FARA-ს შინაარსობრივი შეზღუდვა ისაა, რომ უნდა დადასტურდეს, რომ ორგანიზაცია მოქმედებს უცხოური ინტერესებისთვის ან უცხოური ინტერესებიდან გამომდინარე. ამას თუ ვინმეს დაუდასტურებენ, თუ მიიღეს და სამართლიანად და ისე აღსრულდა როგორც შიგნით წერია, ბუნებრივია, ამ კანონში, ალბათ, ძალიან ცოტა ორგანიზაცია იქნება, ვინც ჩავარდება. როგორც მინიმუმ ვვარაუდობ, რომ ის სამიზნე ორგანიზაციები, რომლებიც მათ ყველაზე მეტად თვალში ეჩხირებათ, ისინი არ ჩავარდებიან“,- განაცხადა დავითურმა.

გარდა ამ თემებისა, დავითური გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებას სოციალური ქსელების შესაძლო რეგულირების შესახებ და აღნიშნა, რომ „განცხადებები შემთხვევით არ კეთდება“.

„ქართული ოცნების“ სტრატეგიულ მიზნად გამოიყურება, რომ სიტყვის თავისუფლების ნებისმიერი ფორმა ჩაახშონ. აგრეთვე ის, რომ ჩაახშონ ის საშუალებები, რითაც საზოგადოების ერთ წევრს შეუძლია საზოგადოების დანარჩენ წევრებს მიაწვდინონ ხმა საკუთარი გაჭირვების, პრობლემის თუ სხვა საკითხების თაობაზე. რაც შეეხება სოციალური ქსელების რეგულირებას, ის დღესაც რეგულირებულია. განცხადებები შემთხვევით არ კეთდება. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ რეპრესიების ტალღები, სიტყვის თავისუფლების ჩახშობის ტალღები, რასაც ვხედავთ, ჯერ საკმაოდ საწყის ეტაპზეა. ეს ტალღები ბოლომდე არ გააქტიურებულა. სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული დამატებით რეგულირებების შემოღება არის ერთ-ერთ მომდევნო ეტაპი. თუ ამ ყველაფრის გაკეთების საშუალება მიეცათ, საბოლოო ეტაპად შეიძლება მივიღოთ თვით ინტერნეტზე წვდომის რეგულირებაც კი. ამას უკვე შეიძლება ბევრად უფრო მძიმე შემთხვევებიც მოჰყვეს“,- განაცხადა დავითურმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება