ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმის მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ, მისი აცილების შესახებ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმის მოსამართლემ, ირაკლი შვანგირაძემ საქმე არ აიცილა. შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე ბრალდებულებიდან ერთ-ერთის, რევაზ კიკნაძის ადვოკატმა, ელგუჯა ავსაჯანიშვილმა დააყენა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.

ავსაჯანიშვილის თქმით, ეს საქმე გუშინდელი დღის ჩათვლით, სხვა მოსამართლეს, ნინო თარაშვილს ეწერა განსახილველად, დღეს კი ახლადდანიშნულ მოსამართლეს დაეწერა. უფლებადამცველი მიიჩნევდა, რომ ის მრავალტომიანი საქმის გაცნობას რამდენიმე საათში ვერ მოასწრებდა.

ამასთან, ადვოკატი აცხადებდა, რომ ირაკლი შვანგირაძე რაიონული პროკურორი იყო, კერძოდ კი, ქუთაისში იმყოფებოდა აღნიშნულ პოზიციაზე, ახალხან კი მოსამართლე გახდა.

„მე აქ მესამე პროკურორს ვხედავ სხდომაზე“, - განაცხადა ავსაჯანიშვილმა.

მის შუამდგომლობას ადვოკატების ნაწილი დაეთანხმა. ნაწილი კი აცხადებდა, რომ მოსამართლეს შეეძლო სხდომა გადაედო და საქმის მასალებს გაცნობოდა, ვინაიდან მათ ჰქონდათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად სრულყოფილად გაეცნო მოსამართლე საქმის მასალებს, ვინაიდან მას დაკავებულების არამხოლოდ ბედი უნდა გადაეწყვიტა, არამედ ადვოკატების მიერ მთელ რიგ მტკიცებულებების დაუშვებლობაზეც უნდა ემსჯელა.

დაცვის მხარის შუამდგომლობას პროკურატურა არ დაეთანხმა. როგორც პროკურორები აცხადებდნენ, შუამდგომლობაში ვერც არგუმენტები და ვერც დასაბუთება მოისმინეს. ასევე, ვახტანგ ცალუღელაშვილმა განაცხადა, რომ დღეს, სხვა მოსამართლეც რომ ყოფილიყო, დაცვის მხარე ამ შუამდგომლობას მაინც დააყენებდა.

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა.

როგორც შვანგირაძემ განმარტა, მოსამართლის წინარე საქმიანობა მოსამართლის აცილების საფუძველი არ შეიძლება გახდეს. ამასთან, როგორც შვანგირაძემ აღნიშნა, ის წარსულში ადვოკატიც იყო, რაც უფლებადამცველმა არ გააჟღერა.

რაც შეეხება საქმის მასალების მოკლე დროში გაცნობას, როგორც მოსამართლემ თქვა, მან „საკმაოდ დიდი ძალისხმევა ჩადო, რომ საქმის მასალებს გაცნობოდა“.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მირიან მირიანაშვილი - საქართველოსთვის აშშ-ს გზავნილის მთავარი პათოსი ასეთია: აშშ-ს ადმინისტრაცია არ მოითმენს საქართველოს პრორუსულ კურსს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.03.2025
Profy - დალაგებისა და ხელოსნის სერვისები განახლებულ აპლიკაციაში