5 სანტიმეტრის არაკანონიერი ნივთი რომ გქონდეს მანქანაში, ვერ გადაიტან საზღვარზე - ვის ატყუებენ?! სულელებად თვლიან ამ ხალხს - ის რომ ბაჩიაშვილი ისე გავიდა [ქვეყნიდან], რომ ვერავინ დაინახა, სისულელეა - აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ამას ხელი შეუწყვეს,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნის დატოვების შესახებ საუბრისას განაცხადა.
დოლიძის თქმითვე, „სისტემა ცდილობს ისაუბროს იმაზე, რომ ჩვენთან რღვევა არ არის“.
„საბავშვო ბაღია. სისტემა ცდილობს ისაუბროს იმაზე, რომ ჩვენთან რღვევა არ არის და ვიღაც კონკრეტულმა ადამიანებმა ხელი არ შეუწყვეს ამ პროცესს. საზღვარზე გადიხარ, სამალავი კი არ არის. 5 სანტიმეტრის ნივთი რომ გქონდეს მანქანაში, რომელიც არაკანონიერია, იმას ვერ გადაიტან. სკანერს გადის მანქანა. ვის ატყუებენ?! სულელებად თვლიან ამ ხალხს. სტრუქტურა და სისტემა ჩამონგრეულია და ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს. აქედან გამომდინარე, აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამას. ის, რომ ისე გავიდა, თითქოს ვერავინ დაინახა, სისულელეა. ყველა კარგად ხვდება, დღეს თუ ხვალ ესენი დამთავრდებიან. შესაბამისად, გადასულები არიან საკუთარ თავზე ფიქრზე, ზოგი ამ ფორმით, ზოგი იმ ფორმით“,- განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
გარდა ამისა, ბაჩო დოლიძე გამოეხმაურა „კრაბ კოფის“ თანამშრომლებზე ძალადობის ფაქტს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ ფიქრობს, რომ ეს „შემთხვევითობაა და აქციებს არ უკავშირდება“.
„ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს. თუკი ვინმემ ამ სამოქალაქო აქტივიზმში რაიმე ფორმით მონაწილეობა მიიღო, თუ თავისი მხრიდან რაღაცას ეცადა, ყველას რაღაც დაუშავეს. ადრე მანქანიდან ყავით უმასპინძლდებოდნენ, ის მანქანა დაუმტვრიეს. გუშინ გავიგეთ, რომ ორ გოგოს თავს დაესხნენ. არ დარჩა არცერთი სეგმენტი, რომელსაც არ შეხებოდნენ ამა თუ იმ ფორმით. ამ ყველაფრის შემდეგ იმის დაჯერება, რომ რაღაც შემთხვევითობას აქვს ადგილი და აქციებს არ უკავშირდება, ნუ, რა გითხრათ. ყველაფერი შეიძლება, ყველაფრის დამთხვევაც შეიძლება, მაგრამ როდესაც სახელი ისე გაქვს გავარდნილი, რომ შენი არაფერი არ დაიჯერება... თუ ყავის მანქანის დამტვრევასაც შემთხვევითობას მივაწერთ, კი ბატონო, მივაწეროთ შემთხვევითობას და ვთქვათ, რომ თბილისში ხდება თავდასხმები, რომელთა გამოძიებაც არ ხდება. მაგრამ სამწუხაროდ, საპირისპიროსთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
ასევე, დოლიძემ ისაუბრა დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებზეც და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მარტივ პოზიციაში არ არის“.
„ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ბოლო პერიოდში ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სამთავრობო პროპაგანდას. ეს არის პოლიტიკური აუტიზმი. „დიფსთეითი“, „დიფსთეითი“ - ნუ, კომიკურიც აღარ არის. შიგნით, ქვეყანაში ამხელა ამბავი გაქვს და ძალიან ჭკვიანი სახით გლობალურ-პოლიტიკურ საკითხებზე გვესაუბრებიან. რაც მთავარია, სამთავრობო პროპაგანდამ თუკი სადმე იმუშავა, ეს იყო ომისა და მშვიდობის ნარატივი. ამან მართლაც იმუშავა, როგორც თბილისში, ისე რეგიონში. მაგრამ მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, საზოგადოების განწყობებიც. დღეს კვლევა რომ გამოქვეყნდეს, თუნდაც რეიტინგი სანდოობის თვალსაზრისით [„ქართული ოცნების“], არ მგონია ძალიან მაღალი იყოს. აქედან გამომდინარე ამ ნარატივს, დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი.
საერთოდ არ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ მარტივ პოზიციაშია. საგარეო კუთხით კი ვიცით რა მდგომარეობაშია და ვისთან უწევს კომუნიკაცია და ურთიერთობა. შიგნით სრული კატასტროფაა. როდესაც ვამბობთ, რომ დღეს ოპოზიციურ მხარეს და დემონსტრანტებს უჭირთ, მოდი, იმაზეც ვიფიქროთ, რომ „ქართული ოცნების“ ცნობილი სახე რომ ხარ, ალბათ, სამჯერ უფრო მეტს იფიქრებ იმაზე სუპერმარკეტში მარტო ჩახვიდე თუ არა. აქ გამწარებული ხალხია“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
როგორც დოლიძემ აღნიშნა, ქვეყანაში „ძალიან რთული პოლიტიკური მდგომარეობაა“, რომელიც არც „ქართული ოცნებისთვის“ და არც აქციის მონაწილეებისთვის „მარტივი არ არის“.
„ვხედავთ ჩვენი მოქალაქეების ძალიან პრინციპულ პოზიციას, რომლებიც არ შეიცვლიან ამ თავის შეხედულებას. მეორე მხრივ, ვხედავთ ძალიან ჯიუტ, პატარა პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ამდენი ხანია, 12-13 წელია, სახელმწიფოს აბსოლუტურად ყველა სექტორს თავიდან ბოლომდეა მომჯდარი, ხელიდან არ უშვებს, არ აძლევს დამოუკიდებლობის შესაძლებლობას არცერთი პროცენტით. ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე ჯარიმდებიან, მაგრამ მაინც მოდიან და მაინც დგანან.
ძალიან რთული პოლიტიკური მდგომარეობაა, რომელიც არცერთი მხარისთვის არ არის მარტივი. ვერ ვიტყვით, რომ ქუჩაში მდგომი ხალხისთვის იქ, დღეს მარტივი დღეებია, მაგრამ დამერწმუნეთ არც ხელისუფლებისთვის არ არის“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.