საია - 8 მარტს საქართველო ქალთა უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებული გარემოთი ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, 8 მარტს საქართველო ქალთა უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებული გარემოთი ხვდება.

ორგანიზაციის ცნობით, „2024 წლის ნოემბრიდან, რეპრესიებისა და უფლებადარღვევების სხვა მძიმე ტენდენციებთან ერთად, განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა სამართალდამცავთა მხრიდან ლეგიტიმურ, მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ქალების მიმართ განსაკუთრებულად აგრესიული დამოკიდებულება, სექსუალური შევიწროება, გენდერულად მოტივირებული შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა“.

ყოველწლიურად 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. მამაკაცთა და ქალთა შორის არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფა და გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა.

სამწუხაროდ, სახელმწიფო ქალთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მრავალი გამოწვევის წინააღმდეგ ეფექტიანი ზომების მიღების ნაცვლად, მიზანმიმართულად აუარესებს გენდერული თანასწორობის კანონმდებლობას და ღიად ახალისებს ქალთა მიმართ გენდერულად მოტივირებული ძალადობის ისეთ ფორმებს, როგორიცაა სექსუალური შევიწროება. აღნიშნული საგანგაშო ტენდენცია მჭიდრო კავშირშია საქართველოში “ქართული ოცნების” მიერ ხელისუფლების მიტაცებასთან, ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებასთან, მკვეთრ დემოკრატიულ უკუსვლასთან და ადამიანის უფლებების სისტემურ, მძიმე დარღვევებთან.

საია-მ 2024 წელს გამოაქვეყნა კვლევა „სახელმწიფოს რეაგირება გენდერულად მოტივირებულ ძალადობაზე საქართველოში, კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი“. კვლევამ გენდერულად მოტივირებულ ძალადობასთან ბრძოლის სისტემაში არაერთი გამოწვევა და სისტემური პრობლემა გამოავლინა, როგორც საკანონმდებლო, ასევე პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების, სტატისტიკის წარმოების, ძალადობაგამოვლილი ქალების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის, მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვის და მხარდამჭერ სერვისებზე, მათ შორის თავშესაფრებზე წვდომის კუთხით.

სამწუხაროდ, ამ პრობლემების აღმოფხვრის ნაცვლად, ,,ქართული ოცნება” საკანონმდებლო სივრცეს კიდევ უფრო აშორებს სტამბოლის კონვენციის სტანდარტებს და ცდილობს კანონმდებლობიდან გააქროს სიტყვები “გენდერი” და “გენდერული თანასწორობა”.

სტამბოლის კონვენციის და მისი განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, ტერმინი “გენდერი” ნიშნავს სოციალურად კონსტრუირებულ როლებს, ქცევას, საქმიანობას ან მახასიათებლებს, რომლებსაც საზოგადოება შესაფერისად მიიჩნევს ქალის ან მამაკაცისათვის. გარკვეული როლები ან სტერეოტიპები ხელს უწყობს არასასურველ და საზიანო პრაქტიკას და ქალთა მიმართ ძალადობისადმი მიმღებლობას. კონვენციის განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა გააზრებული უნდა იყოს გენდერულ ჭრილში, რაც უნდა იქცეს ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და მხარდაჭერაზე მიმართული ღონისძიებების საფუძვლად.

გენდერული პერსპექტივის უარყოფა ნიშნავს იმ სოციალურ და კულტურულ ფაქტორებზე თვალის დახუჭვას, რომელთა მიმართ სენსიტიურობის გარეშე წარმოუდგენელია არა მხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სისტემური ბრძოლა, არამედ ასეთი ძალადობის ან უთანასწორობის სხვადასხვა ფორმების გამოვლენა და სწორად იდენტიფიცირება.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ,,ქართული ოცნება” გამუდმებით ახალისებს სტერეოტიპულ გენდერულ როლებს როგორც რიტორიკით, ასევე დისკრიმინაციული საკანონმდებლო ინიციატივებით, სახელმწიფო ფაქტობრივად თავად ამკვიდრებს ქალისა და მამაკაცის როლების შესახებ ისეთ წარმოდგენებს, რომლებიც ძალადობრივ და უთანასწორო გარემოს აძლიერებს.

გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა და ანტი-გენდერული პროპაგანდისა, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება აქტიური ქალების წინააღმდეგ ინტენსიურად იყენებს გენდერულად მოტივირებული ძალადობის სხვადასხვა ფორმებს. 2024 წლის ნოემბრიდან, რეპრესიებისა და უფლებადარღვევების სხვა მძიმე ტენდენციებთან ერთად, განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა სამართალდამცავთა მხრიდან ლეგიტიმურ, მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ქალების მიმართ განსაკუთრებულად აგრესიული დამოკიდებულება, სექსუალური შევიწროება, გენდერულად მოტივირებული შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა.

პოლიცია, რომელიც გენდერულად მოტივირებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი უნდა იყოს, თავად გვევლინება მოძალადედ.

სამართალდამცავი სისტემის მსგავსი ეროზია და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების, მათ შორის, ქალების წინააღმდეგ პოლიციის ასეთი ინსტრუმენტალიზაცია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ საპოლიციო ძალადობის უშუალო მსხვერპლებზე, არამედ, ზოგადად, დაუცველად ტოვებს საზოგადოების ყველა წევრს, ახალისებს გენდერულად მოტივირებულ ძალადობას და უთანასწორობას საზოგადოების ყველა სფეროში“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია