ვალერი ჩეჩელაშვილი - კონსტიტუციაში არაფერი წერია, რაც ელჩებს სასამართლო პროცესებზე დასწრებას აუკრძალავდა, მაშინ არჩევნებზე დაკვირვებაც ავუკრძალოთ - რაც შეეხება ბალტიის ქვეყნებს, მათ ყველაზე უკეთ ესმით, რა ხდება დღეს საქართველოში

თუ ვინმეს ევროკავშირის წევრებიდან ესმის, რა ხდება დღეს საქართველოში, ალბათ, ეს ყველაზე უკეთესად ბალტიისპირელებს ესმით, - ამის შესახებ უკრაინასა და რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მან ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები და აღნიშნულის გამო, მმართველი გუნდის საჯარო კრიტიკა შეაფასა. ვალერი ჩეჩელაშვილის შეფასებით, ბალტიის ქვეყნები საქართველოს მეგობრები არიან და ისინი საქართველოს ყოველთვის მხარს უჭერენ.

„ბალტიის ქვეყნები ჩვენი მეგობრები არიან. ისინი თავის მეგობრობას ყოველთვის ამტკიცებდნენ და ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდნენ მხარს, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ამაში მგონი არავის ეჭვი არ ეპარება. ის, რომ აქტიურები არიან, ეს გასაგებია, რადგან ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი ერთ ქვეყანაში ვცხოვრობდით, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. ამიტომ, თუ ვინმეს ევროკავშირის წევრებიდან ესმის, რა ხდება დღეს საქართველოში, ალბათ, ყველაზე უკეთესად ეს ბალტიისპირელებს ესმით“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

მისი შეფასებით, ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ სანქციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც ხელისუფლება ახორციელებს. ვალერი ჩეჩელაშვილის განმარტებით, საზოგადოებამ რამდენჯერმე იხილა გადამეტებული ძალის გამოყენება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, თუმცა არცერთი დაკავებული და გასამართლებული არც უნახავს.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სამართლებრივი სისტემა ეფექტურად არ მუშაობს. რაც უფრო უარესია, ნიშნავს იმას,რომ ეს ყველაფერი დაკვეთით იყო გაკეთებული. შესაბამისად, ხელისუფლება იმ პირებს, რომელიც ასე აშავებს ჩვენი მოქალაქეების წინაშე და მათ უფლებებს არღვევს, ამ ქმედებების ინსპირაციით არის დაკავებული“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

რაც შეეხება მმართველი გუნდის განცხადებებს, რომ საქართველოში გარკვეული ძალები „მეორე ფრონტის“ გახსნით იყვნენ დაინტერესებული, ვალერი ჩეჩელაშვილი აღნიშნავს, რომ პარტნიორების დადანაშაულება და მათ მიმართ „თითის გაშვერა“ დიპლომატიაში ეფექტური პოლიტიკა არ არის.

„თუ მაშინ (უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ) საქართველოს მთავრობას ჰქონდა საფუძველი, რომ ბოლომდე არ გაეზიარებინა ევროკავშირის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, ეს უნდა ყოფილიყო ჩვენს პარტნიორებთან სიღრმისეულად განხილვის საგანი შესაბამისი არგუმენტების და მიდგომების დემონსტრირებით, ფაქტების მოყვანით და ა.შ. ვფიქრობ, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ეს სავსებით შესაძლებელი იყო. იმ პოლიტიკას, რომელსაც მაშინ „ქართული ოცნება“ აწარმოებდა, გამართლების შესაბამისი სისტემა არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, გადავიდა თითის გაშვერასა და ჩვენი პარტნიორების დადანაშაულებაზე. ეს არ არის დიპლომატიაში ყველაზე ეფექტური პოლიტიკა. შენ ყოველთვის შეგიძლია გამოძებნო დიალოგის შესაძლებლობა“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

გარდა ამისა, მან „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან, აქციებზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესებზე დასწრების გამო, ევროპელი ელჩების კრიტიკაც შეაფასა და აღნიშნა, რომ დიპლომატებს უფლება აქვთ, სასამართლო პროცესებს დაესწრონ.

„ელჩები ვალდებულები არიან გააკეთონ ის, რასაც აკეთებენ. ირაკლი კობახიძის ლოგიკა რომ გავაგრძელოთ, მაშინ ელჩებს მაგალითად, საარჩევნო პროცესებზე დაკვირვებაც ავუკრძალოთ. ეს შეიძლება ჩაითვალოს ჩარევაში და ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევაში. ჩვენს კონსტიტუციაში, მგონი, არაფერი წერია ისეთი, რაც ელჩებს სასამართლო პროცესებზე დასწრებას აუკრძალავდა. ეს ადასტურებს, რომ ელჩებს აქვთ ეჭვები იმასთან დაკავშირებით,თუ რამდენად იცავს ჩვენი სასამართლო ადამიანის უფლებებს. ეს არის ძირეული, ფუნდამენტური ევროპული ღირებულება, ამიტომაც ესწრებიან, ხოლო მოსამართლეებს აქვთ ყველა საშუალება, ეს ეჭვები გაუქარწყლონ“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს