თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თეიმურაზ ჯანაშიამ ჩაიდინა სამოხელეო დანაშაული და მას საბიუჯეტო თანხები არ გაუფლანგავს.
ამის შესახებ მან საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე განაჩენის გამოცხადებისას აღნიშნა.
„რაც შეეხება თეიმურაზ ჯანაშიას ქმედებას, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მან უშუალოდ გახარჯა საბიუჯეტო თანხები. მას არც პირადად და არც მიხეილ სააკაშვილთან ერთად, არ მოუხდენია აღნიშნული საბიუჯეტო თანხების ხარჯვა. შესაბამისად, ის გაფლანგვის თანაამსრულებლად ვერ იქნება მიჩნეული. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილსაც გაფლანგვის ჯგუფურობის მაკვალიფიცირებელი გარემოება უნდა ამოერიცხოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თეიმურაზ ჯანაშიას საერთოდ არ ჩაუდენია დანაშაული. ის იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და მატერიალურად პასუხისმგებელი იყო მისდამი დაქვემდებარებული უწყების ბიუჯეტიდან თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე. მან კი თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენა საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, უპირატესობა მიანიჭა იმჟამინდელ პრეზიდენტს და იმოქმედა მისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რაც გამოიხატა იმაში, რომ ის პირადი ხარჯები, რომელიც მას პირადად, თავისი სახსრებიდან უნდა დაეფარა, დაფარა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ გზით დაზოგა პირადი სახსრები და ამ გზით გამორჩენა მიიღო. თეიმურაზ ჯანაშიას ქმედებამ გამოიწვია სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა, სახელმწიფო ბიუჯეტმა იზარალა 9 მლნ ლარზე მეტი ოდენობის თანხით, მთელ რიგ სახელმწიფო უწყებებსა და ინსტიტუტებს მიადგა რეპუტაციული ზიანი. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იქცა კორუფციულ სალაროდ, ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტს მიადგა რეპუტაციული ზიანი, რადგან დადასტურდა, რომ თანამდებობა გამოყენებული იქნა პირადი მიზნებისთვის. რაც შეეხება საზოგადოებისთვის მიყენებულ ზიანს, იგი გამოიხატა იმაში, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ფული, რომელიც არის ხალხის ფული, უნდა იხარჯებოდეს ხალხის საჭიროებიდან გამომდინარე. თეიმურაზ ჯანაშიას ქმედებაში სახეზეა არა გაფლანგვის, არამედ სამოხელეო დანაშაულის ნიშნები, როგორიც გახლავთ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. მან სწორედ ამ დანაშაულის ჩადენისთვის უნდა აგოს პასუხი“, - განაცხადა მოსამართლემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.