ადვოკატ დიმიტრი ვარდიაშვილის განცხადებით, არჩილ მუსელიანცის ბრალდების საქმეში არსებობს მასალები, თუმცა ცალკე საკითხია, რამდენად ავთენტურია ეს მასალები. აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს მისი დაცვის ქვეშ მყოფ არჩილ მუსელიანცთან დაკავშირებით სასამართლოში განუცხადა, რომელსაც პარლამენტთან დამონტაჟებული ვიდეო-კამერების დაზიანებას და ცეცხლის წაკიდებას ედავებიან.
საქმე არსებით განხილვაზე გადავიდა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დღეს მოწმის სახით დაიკითხებიან ის გამომძიებლები, ვინც მონაწილეობდნენ კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებში.
„მტკიცებულებებს რაც შეეხება, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში გარკვეულწილად არის რაღაც მასალები, თუმცა რამდენად ავთენტურია და ზოგადად შეესაბამება საქმეს, რამდენად ჭეშმარიტია, ეს ცალკე საკითხია.
სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც არჩილ მუსელიანცი არის ბრალდებული მრავალი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული, თუმცა სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები სულ სხვა მიზანს ემსახურება და არა კონკრეტული პირის ბრალის გამოკვეთას. აქედან გამომდინარე, დღეს იკითხებიან საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირები“, - განაცხადა დიმიტრი ვარდიაშვილმა.
შეგახსენებთ, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს მიმდინარე აქციების ფარგლებში დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.