ადვოკატი თამარ კორძაია მოსამართლეს - მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ მზია ამაღლობელი აღკვეთის ღონისძიების სახით არ იმსახურებს პატიმრობას

მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ მზია ამაღლობელი აღკვეთის ღონისძიების სახით არ იმსახურებს პატიმრობას, - ასე მიმართა ადვოკატმა თამარ კორძაიამ მოსამართლე სალიხ შაინიძეს, რომელიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს.

მზია ამაღლობელი ადვოკატ თამარ კორძაიასთან ერთად, დისტანციურად ესწრება სასამართლო პროცესს. დღევანდელი პროცესი კი ეხება 11 იანვარს მომხდარს, როდესაც მზია ამაღლობელი პოლიციამ პირველ ჯერზე, ადმინისტრაციული წესით დააკავა, კერძოდ კი, პოლიციის შენობისთვის ე.წ. სტიკერის გაკვრაზე.

როგორც კორძაიამ აღნიშნა, ამ სტიკერის გაკვრით პოლიციის შენობის იერ-სახე არ დამახინჯებულა.

„ჩვენ ამ პროცესზე არ ვაპირებთ საუბარს იმაზე, მზია ამაღლობელი დამნაშავეა თუ არა იმ ბრალდებაში, რაშიც სისხლის სამართლის წესით ედავება მას პროკურატურა, მაგრამ მე მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ მზია ამაღლობელი აღკვეთის ღონისძიების სახით არ იმსახურებს პატიმრობას. ერთადერთი, რის გამოც მზია ამაღლობელი დღეს არის წინასწარ პატიმრობაში, ეს არის ზუსტად ის, რომ მოსამართლემ, ამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის გამო ჩათვალა, რომ ის დანაშაულს კიდევ ჩაიდენს. პირადად ჩემთვის, როგორც მზიას ადვოკატისთვის ეს პროცესი გარკვეულწილად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სისხლის სამართლის საქმე იმიტომ, რომ ამ პროცესში მტკიცებულებებში უფრო მეტი სიყალბეა. მადლობა თქვენ, რომ იმ მოსამართლისგან განსხვავებით მოწმეები დაუშვით და იმედი მაქვს, რომ მოწმეები თავიანთი ჩვენებებით ამ ოქმებს გააქარწყლებენ. ამ ოქმიდან გამომდინარე მათ სურთ, რომ მზია ამაღლობელი დატოვონ წინასწარ პატიმრობაში. მე არ ვლაპარაკობ სისხლის სამართლის ბრალდების კანონიერებაზე, მაგრამ თქვენ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული აღკვეთის ღონისძიება შეიცვლება თუ არა საქმეზე“, - მიმართა მოსამართლეს თამარ კორძაიამ.

ამასთან, როგორც საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, მზია ამაღლობელი დააკავეს შენობის გარეთ, სტიკერის გაკვრის დროს და ის შენობაში შემდგომ შეიყვანეს.

„მათ აქვთ მცდელობა, თქვან, თითქოს, მზია მანამდე დაკავებული არ იყო, უბრალოდ შეიყვანეს შენობაში, შემდეგ შენობაში აგრძელებდა შეურაცხყოფას და იმიტომ დააკავეს“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე