სოფო ხორგუანი - ხელისუფლებას ჰგონია, რომ მთელი სახელმწიფო მათ სამსახურში უნდა იყოს - ის, რაც ქვეყანაში ხდება, ორ იდეას შორის ბრძოლაა

ხელისუფლებას ჰგონია, რომ მთელი სახელმწიფო მათ სამსახურში უნდა იყოს - გვყავს ვიღაც ადამიანი, რომელიც დამალულია, გვყავს მისი მომსახურე პერსონალი და კიდევ რაღაც ჯგუფი, რომლებიც ლოიალურები არიან მათდამი და ამ ადამიანებს უნდათ მთელი ჩვენი ქვეყნის სიკეთეები განკარგონ, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა, სოფო ხორგუანმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესი ორ იდეას შორის ბრძოლაა, ერთი მხარე, რომელიც საბჭოთა ფეოდალური სახელმწიფოს მშენებლობას ცდილობს და ძალაუფლების განმტკიცების მიზნით სხვადასხვა ბერკეტებს იყენებს და მეორე მხარე, რომელსაც ქართული, ევროპული ქვეყნის მშენებლობა სურს, რომელიც საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება.

„ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ეს თაობათა შორის ბრძოლა კი არა, არამედ ორ იდეას შორის ბრძოლაა. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც საბჭოთა ფეოდალური სახელმწიფოს მშენებლობას ცდილობენ. ჩვენი იდეა კი იმაში მდგომარეობს, რომ ავაშენოთ ქართული, ევროპული სახელმწიფო, სადაც სახელმწიფო ინსტიტუციები და ვერტიკალი მოწადინებული იქნება, რომ საზოგადოების ინტერესებს ემსახუროს. ხელისუფლებას ჰგონია, რომ მთელი სახელმწიფო მათ სამსახურში უნდა იყოს. ვხედავთ ადამიანებს ძალაუფლებით ხელში, რომლებიც ცდილობენ, რომ ეს ძალაუფლება განამტკიცონ, სწორედ ამას ემსახურება დევნა, ახალი კანონპროექტების მიღება. გვყავს ვიღაც ადამიანი, რომელიც დამალულია, გვყავს მისი მომსახურე პერსონალი და კიდევ რაღაც ჯგუფი, რომლებიც ლოიალურები არიან მათდამი და ამ ადამიანებს უნდათ მთელი ჩვენი ქვეყნის სიკეთეები განკარგონ.

სწორედ ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურება სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერება, საჯარო სექტორში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესიც, რომელსაც ეს სახელი დაარქვეს. ეს საჯარო სექტორის მარწუხებში მოქცევის მცდელობაა. საჯარო სექტორი არის ის სექტორი, რომელიც ჯერ კიდევ წინა ხაზზე დგას, ჩვენი ევროპული სახელმწიფოს გადარჩენისთვის. მინდა გათავისუფლებული საჯარო სექტორის თანამშრომლების კოლეგებს ვუთხრა, მათ შორის უნივერსიტეტშიც - შემდეგი ისინი იქნებიან, დღეს შეიძლება მათი პოლიტიკური განცხადება არ მოეწონოთ, შემდეგ შესაძლოა, მათ მიერ დაკავებულ თანამდებობაზე ვიღაცას თავისი ოჯახის წევრის დასმა მოუნდეს, ზეგ შესაძლოა, ჩაცმულობა აღარ მოეწონოთ... ეს ასე იწყება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სოლიდარობის დონე მაღალი იყოს“,- განაცხადა სოფო ხორგუანმა.

სხვა საკითხებს რაც შეეხება, სოფო ხორგუანი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის ოპოზიციური პარტიების ერთიანობაა საჭირო, თუმცა ხელისუფლებამ გასული წლების განმავლობაში კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს „ნაციონალური მოძრაობის“ კომპლექსი გაუჩინა.

სოფო ხორგუანის შეფასებით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ კომპლექსებს უნდა მიხედოს, რადგან „ქართული ოცნება“ სწორედ იმ სისტემაზე დგას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ შემოქმედების ნაწილია.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი თავის კომპლექსი უნდა ჰქონდეს. სასამართლო სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს მათი შემოქმედების ნაწილია. მურუსიძე და ჩინჩალაძე დღეს არ შესულან სასამართლო სისტემაში, ასევე დღეს არ შესულა სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობა. ეს სისტემა მათ დატოვეს და „ქართულმა ოცნებამ“ ეს მშვენივრად გადაიბარა. ამიტომ საკუთარ კომპლექსებს მიხედონ, უპრიანი იქნებოდა მათ თავად ესაუბრათ თუ როგორი სისტემა შექმნეს. იგივე არჩევნების გაყალბების სისტემაზეც, „ქართულმა ოცნებამ“, უბრალოდ ძველ სისტემას ელექტრონული თაღლითობაც დაუმატა“,- განაცხადა სოფო ხორგუანმა.

მირიან მირიანაშვილი - საქართველოსთვის აშშ-ს გზავნილის მთავარი პათოსი ასეთია: აშშ-ს ადმინისტრაცია არ მოითმენს საქართველოს პრორუსულ კურსს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.03.2025
Profy - დალაგებისა და ხელოსნის სერვისები განახლებულ აპლიკაციაში