კახა კალაძე სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმაზე დასმულ კითხვაზე - ყველანაირი ძალადობა ძალიან ცუდია, ორივე მხრიდან ვგმობ - ძალადობას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

ყველანაირი ძალადობა ძალიან ცუდია, ორივე მხრიდან ვგმობ - [ძალადობას] შესაბამისი რეაგირება ყოველთვის მოჰყვება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც სამოქალაქო აქტივისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, სიცრუეა, რომ სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმა ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული.

„ყველანაირი ძალადობა ცუდია. ეს თქვენ გინდათ ასე იყოს, რომ ვიღაცა ხელისუფლების დავალებით მოქმედებს და აკეთებს. ყოველდღიურ რეჟიმში უამრავ ადამიანს აყენებთ შეურაცხყოფას. თქვენ ხართ ტელევიზია, რომელიც ხელს უწყობს პოლარიზაციას, საზოგადოების დაპირისპირებას, რევოლუციური სცენარის განხორციელებას...

ძალიან ცუდია ეს დაპირისპირება, კატეგორიულად ვემიჯნები და ამასთან დაკავშირებით განცხადება არა ერთხელ გამიკეთებია თქვენგან განსხვავებით იმიტომ, რომ თქვენ პირდაპირ ახალისებდით და ხელს უწყობდით, რომ გმირად გამოგეცხადებინათ ისეთი ადამიანები, ვინც პოლიციელზე ძალადობდა, ვინც პოლიციელს ცოცხლად წვავდა. რომელი ერთი ჩამოგითვალოთ?! ცუდია, როდესაც ახალისებთ ძალადობას, ცუდია როცა გინდათ, მოძალადეები გამოიყვანოთ გმირებად. ეს გმირების შეურაცხყოფაც არის. ანწუხელიძე ხომ გმირია ჩვენთვის და ლაზარე რომ გმირად გამოგყავდათ, რომელიც ცდილობდა პოლიციელები ცოცხლად დაეწვა, გმირების შეურაცხყოფაა. ეს ძალიან ცუდია. ეს ყველამ ერთად უნდა დავგმოთ.

თქვენ დალოცვილებო, გამოდიოდით და პირდაპირ, თქვენს ეთერში საუბრობდით იმაზე, რომ კვერცხის სროლა, თურმე, ყოფილა დემოკრატიული პროცესი. წარმოგიდგენიათ?! ამას ტაშს უკრავდით! ამიტომ გეუბნებით, რომ ბინძურები ხართ, სამარცხვინოები ხართ! გამოდიოდით და მოძალადეებს, ადამიანებს, ვინც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ, მოსამართლეებს კვერცხებს ესროდნენ, გამოგყავდათ გმირად და ამბობდით, რომ ეს ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესიაო. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც ძალადობთ, მოქალაქეები, ვისთვისაც განსხვავებული მოსაზრება მიუღებელია და ეს მარტო საქართველოში არ ხდება. მთელ მსოფლიოში, ბევრ ქვეყანაში ხდება, სადაც არის გაჯერებული „დიფ სთეითის“ ინტერესები, იქაც ყველგან არის იგივე დამოკიდებულება. იგივე არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება“, - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საქართველოსთან მიმართებით, სხვადასხვა ქვეყნის ელჩების პოზიციებს ეხებოდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „მათ ჰგონიათ, რომ საქართველო არის მეასეხარისხოვანი ქვეყანა. პირიქით, დღეს საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომლისთვისაც მთავარი და მნიშვნელოვანი ამ ქვეყნის ინტერესებია“.

„როცა საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა, რა ტიპის განცხადებები კეთდებოდა ევროკავშირის ელჩის მხრიდან და სხვა ზოგიერთი ქვეყნის ელჩის მხრიდან. წარმოუდგენელია უბრალოდ შენი განცხადებებით ერეოდე წინასაარჩევნო კამპანიაში, ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში. მათ თავი ქვეყნის პატრონები ჰგონიათ. წარმოუდგენელია ეს. ამ ქვეყნის ბატონ - პატრონი არის ქართველი ხალხი. შენ შეგიძლია გააკრიტიკო, მაგრამ არ გაქვს უფლება ჩაერიო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. როცა გერმანიაში მიდიოდა არჩევნები, ილონ მასკმა გააკეთა განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით. მაშინვე გამოვიდნენ და ევროპიდან გააკეთეს განცხადება, თურმე როგორ შეიძლება ეს, პირდაპირ არჩევნებში ჩარევააო. საკუთარ ქვეყანასთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადებები „ეს როგორ შეიძლება“. მათ ჰგონიათ, რომ საქართველო არის მეასეხარისხოვანი ქვეყანა. პირიქით, დღეს საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომლისთვისაც მთავარი და მნიშვნელოვანი ამ ქვეყნის ინტერესებია. ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, განვამტკიცებთ და გავაძლიერებთ ქვეყნის სუვერენიტეტს და არავის მიეცემა უფლება, რომ ქვეყანასთან ჰქონდეს ის დამოკიდებულება, რასაც ვხედავდით, თუნდაც ამ ტიპის განცხადებებით”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს