თაზო დათუნაშვილი - The New York Times-ის სტატია მეტყველებს, რამხელა ინტერესია დასავლელ პარტნიორებში, რომ ანაკლიის პორტი არსებობდეს და აზიური ტვირთების უსაფრთხო გამტარი იყოს, სახელმწიფომ კი პროექტი დაასამარა

ის, რომ The New York Times კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს, მეტყველებს, რამხელა ინტერესია დასავლელ პარტნიორებში, რომ ანაკლიის პორტი არსებობდეს და იყოს უსაფრთხო გამტარი გზა აზიური ტვირთების - სახელმწიფომ მიზანმიმართულად, რუსული ინტერესის გამოვლინებით ყველაფერი გააკეთა, რათა ანაკლიის პორტი კონსორციუმს არ აეშენებინა და ამერიკული და ევროპული ინვესტიცია არ შემოსულიყო, ამის მაგივრად პროექტი დაასამარა ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა The New York Times -ის სტატიას სათაურით - „ჩინური პორტის მშენებლობის გეგმები ყოფილი საბჭოთა ქვეყნის პოლიტიკაში არეულობას იწვევს“.

დათუნაშვილის თქმით, „მხოლოდ რუსეთის და ამ ქვეყნის ცუდის მოსურნეების ინტერესია ის, რომ ანაკლიის პორტი ახლაც გაჩერებულია“.

„ის, რომ The New York Times კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს, რომელიც დეტალურად აღწერს იმ თავგადასავალს და პერიპეტიებს, რომელიც ანაკლიის პორტთან მიმართებით რუსული დაკვეთით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რამხელა ინტერესია ჩვენს დასავლელ პარტნიორებში, რომ ანაკლიის პორტი არსებობდეს, ოპერირებდეს და იყოს უსაფრთხო გამტარი გზა აზიური ტვირთების.

საქართველოს მოქალაქეების და ამ ქვეყნის ერთადერთი რეალური შანსი, რომ ჩვენ გავხდეთ მდიდარი სახელმწიფო, არის საერთაშორისო ვაჭრობის ჯაჭვში ამ ქვეყნის ჩართვა. ერთადერთი გზა ამისთვის იყო ანაკლიის პორტის დასრულება და შუა დერეფნის ფუნქციის გამოყენება საქართველოს მიერ. ამ იდეას ემსახურებოდა ანაკლიის კონსორციუმი და ამ იდეის გამო უნდა აშენებულიყო ანაკლიის პორტი როგორც დასავლური, ისე ჩინური ინვესტიციით. ამის მაგივრად სახელმწიფომ მიზანმიმართულად, პირდაპირ რუსული ინტერესის გამოვლინებით, ყველაფერი გააკეთა, რათა ანაკლიის პორტი კონსორციუმს არ აეშენებინა და ამერიკული და ევროპული ინვესტიცია არ შემოსულიყო. ამის მაგივრად დაასამარა ეს პროექტი. პოლიტიკურად დევნის დღევანდელ დღემდე ამ პროექტის ავტორებს და წამოიწყო საშიში და ბინძური ავანტიურა ჩინეთის ამ თემაში შემოყვანით, ჩინეთის ევროპის კარიბჭესთან მიყვანით, როგორც მაკონტროლებლის მთელი იმ სავაჭრო გზის, რომელმაც ეს უსაფრთხო შუა დერეფანი უნდა გაატაროს. იმის მაგივრად, რომ დღეს უკვე 600 000 კონტეინერი გადიოდეს ყოველწლიურად ამ პორტში და საქართველოს მოქალაქეებს საკუთარ ჯიბეზე ეგრძნოთ გამდიდრება, რომელსაც მოიტანდა ეს შუა დერეფანი, ვხედავთ ყოველდღიურად და ყოველწლიურად გაზრდილ ჭაობს ანაკლიაში და ამ პორტის პერსპექტივის დასამარებას.

სტატიაში, რომელიც The New York Times -მა გამოაქვეყნა, ნათლად იკვეთება დამატებითი გარემოება, რომელიც არის დღევანდელი რუსული ინტერესი, რომ ჩინელების ხელში აღმოჩნდეს მთლიანად ეს სავაჭრო გზა და ანაკლიის პორტი. ამ სტატიაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ ნოვოროსიისკის პორტის სანქციების ქვეშ მოყოლის გამო, რუსეთს სჭირდება საქართველო, საქართველოში აშენებული გზები, საქართველოში ჩინეთის მიერ გაკონტროლებული პორტი, რათა გამოიყენოს საქართველო თავის სავაჭრო პლაცდარმად. ჩვენ ვხედავთ დღეს, რომ არათუ საქართველოს ინტერესები, რომ ეს ქვეყანა გამდიდრდეს, უსაფრთხოების ბალანსი დაიცვას ანაკლიის პორტით ამ სავაჭრო გზაზე, რომელიც შუა დერეფანში გადის, ეს ინტერესები პირდაპირი დარტყმის ქვეშაა მოსკოვიდან, ჩინეთიდან დაკვეთით და ამ ყველაფერს ახორციელებს „ქართული ოცნება“ საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესები წინააღმდეგ. დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენი და შეერთებული შტატების ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, რომ აქ იყოს რუსეთისგან დამოუკიდებელი შუა დერეფანი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ლაპარაკი არის მაგალითად მინერალების გადმოტანაზე . საქართველო დღეს, „ქართული ოცნების“ პირობებში უდიდესი ეკონომიკური დარტყმის ქვეშ არის და ამაში დამნაშავე არის ივანიშვილი და ივანიშვილის უკან ამოფარებული რუსული სპეცსამსახურები. იმის ნაცვლად, რომ ჩვენს ხელისუფლებას დაეხარჯა 70 მლნ ანაკლიის პორტის შესახებ დავაში, ეს 70 მლნ და 600 მილიონი დოლარი, უნდა მოეძია ამ პორტის ასაშენებლად, მაგრამ ამას არ აკეთებს და არ აკეთებს რუსული ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, The New York Times-ი აქვეყნებს სტატიას სათაურით ჩინური პორტის მშენებლობის გეგმები ყოფილი საბჭოთა ქვეყნის პოლიტიკაში არეულობას იწვევს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია იმის გამოცხადებით, რომ შავ ზღვაზე პორტის პროექტი ჩინურ კომპანიას გადაეცემოდა, მას შემდეგ, რაც კონსორციუმთან დადებული ხელშეკრულება, რომელშიც დასავლური კომპანიები შედიოდნენ, გაუქმდა. ამასთან, სტატიის ავტორი, ივან ნეჩეპურენკო აღნიშნავს, რომ საქართველოში კიდევ ერთი ამბიციური ძალის გავლენა ნათელი ხდება.

ჰოვსეპ ხუშრედიანი - სომხეთი ცდილობს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და კომუნიკაციების გახსნას, მაგრამ ეს არც ბაქოს აწყობს და არც მოსკოვს და ამიტომაცაა, რომ  პროცესს ორივე ხელს უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 17.03.2025
Profy - დალაგებისა და ხელოსნის სერვისები განახლებულ აპლიკაციაში