ნათია თურნავამ შვეიცარიაში საბანკო, საფინანსო და ბიზნეს სექტორში ტექნოლოგიური ინოვაციების თემაზე გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში გამართულ საერთაშორისო ღონისძიება „ბლოკჩეინს მიღმა“ მონაწილეობა მიიღო.

შეხვედრის მთავარი თემა საბანკო, საფინანსო და ბიზნეს სექტორში ტექნოლოგიური ინოვაციების განხილვა იყო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას საფინანსო სექტორში ინოვაციების ხელშეწყობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ცენტრალური ბანკების როლს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების კუთხით.

სებ-ის პრეზიდენტმა ყურადღება საფინანსო სექტორის გაციფრულების ტენდენციაზე გაამახვილა, რაც ცენტრალურ ბანკებს უბიძგებს ფეხი აუწყონ სწრაფ ტექნოლოგიურ ცვლილებებს და პარალელურად, ახალი გამოწვევები მართონ.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიზანია ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობების ტესტირება, ღია რეგულირების და ტექნოლოგიურად ნეიტრალური მიდგომის დანერგვა, რაც ხელს კონკურენციის ზრდას, ინოვაციებისა და მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების განვითარებას შეუწყობს.

ნათია თურნავამ, ასევე ისაუბრა ფინტექ ბიზნესის მოდელების განვითარებაზე და ფინანსური ტექნოლოგიების კუთხით ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოების მნიშვნელობასა და პრიორიტეტებზე.

„ეროვნული ბანკი, პროაქტიულად ცდილობს ხელი შეუწყოს ფინანსური ტექნოლოგიების ბაზრის და მრავალფეროვანი ბიზნეს მოდელების განვითარებას. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) პარტნიორობით შექმნილი ტექნიკური სენდბოქსი, რომელიც 16-მა სხვადასხვა კომპანიამ გამოიყენა. მათ საშუალება მიეცათ, სრულიად უფასოდ მიეღოთ წვდომა ღია ბანკინგის პროდუქტებზე და გამოეცადათ მათი გამოყენების სხვადასხვა მაგალითები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ღონისძიების ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ასევე მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში მიიღო, რომელშიც საერთაშორისო ფინანსური და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში საერთაშორისო ფინანსური სერვისების განვითარებაზე და ციფრულ ბანკებთან დაკავშირებული პერსპექტივები განიხილა.

„ჩვენი მიზანი საქართველოს, როგორც შუა დერეფნისა და უფრო ფართო რეგიონის ქვეყნების წამყვანი ფინტექ ჰაბის წარმოჩენაა. სებ-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ფინანსური ინოვაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისკენ. ჩვენ შევიმუშავეთ მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ხელს უწყობს საქმიანობის ახალ სახეებს და საფინანსო სექტორში ახალი მოთამაშეების უსაფრთხო შესვლას. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობით მომზადდა ფინტექის განვითარების ეროვნული სტრატეგია. ფინტექების განვითარების ჩვენეული ხედვა ფინტექებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს, რაც ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ ფინანსურ სერვისებში კონკურენციას წაახალისებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მათივე ინფორმაციით, ლუგანოში გამართულ ღონისძიებაში, ასევე მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, ექსპერტები მონაწილეობდნენ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ციფრული გადაწყვეტილებების გავლენის შესწავლით ბიზნესსა და საბანკო-საფინანსო სექტორებში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ