სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის ოფისში მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილთან დღეს კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერები იმყოფებოდნენ, ამჟამად კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, პარტიის პოზიციაა, რომ ახლა ოპოზიციის ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„შეხვედრის საკითხი მოწვევის გზავნილში არ განხილულა. ჩვენი მხრიდან აუცილებლად ვისაუბრებთ 31 მარტზე იმიტომ, რომ ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი თარიღია არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ ჩვენი დღევანდელი ბრძოლისთვის. ძალიან არ მიყვარს ყალბი მოლოდინების შექმნა, ამიტომ იქნება თუ არა ეს ერთობის თარიღი, ამაზე წინსწრებად მე, ერთი კოალიციის და პარტიის სახელით ვერ ვისაუბრებ. ჩვენი მოსაზრებები ერთობასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილია. ჩვენ არჩევნებამდეც მიგვაჩნდა, რომ სწორედ ერთობაში იყო ქვეყნის ხსნა და დღესაც მიგვაჩნია, რომ ეს არის გამოსავალი, თუმცა, ეს არის ერთი კოალიციის მოსაზრება და პოზიცია“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში ძალიან გამოკვეთილი და მნიშვნელოვანი როლი აქვს. მისი თქმით, ოპოზიციაში აზრების გაცვლა და საერთო ქმედებები მეტი შედეგის მომტანი იქნება.

„წინასწარი დღის წესრიგი განსაზღვრული არ არის. თხოვნა იყო, რომ ჩვენ კოალიციის ფორმატში შევხვედრილიყავით. მდგომარეობა მარტივი რომ არ არის და რთულია, ვხედავთ. პროტესტი გრძელდება. ჩვენ ბევრი საერთაშორისო აქტივობა გვაქვს. პრეზიდენტ ზურაბიშვილს აქვს ძალიან გამოკვეთილი და მნიშვნელოვანი როლი. შესაბამისად, კოორდინაციაზე როცა ვლაპარაკობთ, ალბათ, დამატებითი მსჯელობა დაგვჭირდება იმაზე, რა ფორმატია საუკეთესო, ეს 31 მარტი იქნება თუ მანამდე მოვლენები. ვფიქრობ, ზოგადად, ოპოზიციაში აზრების გაცვლა და საერთო ქმედებები, შიგნითაც და გარეთაც მეტი შედეგის მომტანი იქნება“,-განაცხადა წერეთელმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება