მოსამართლის გადაწყვეტილებით, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდებული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით, სააკაშვილს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, მას ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვიდან სასჯელი 8 წლით და საერთო ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა. განაჩენს სხდომათა დარბაზში მყოფების უკმაყოფილება და შეძახილები - „მონებო“ მოჰყვა.

საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას მესამე პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურადაც არ დასწრებია. ის არც გასულ სხდომაზე გამოცხადებულა დისტანციურად, არადა, მას იმ ექსკლუზიური უფლებით უნდა ესარგებლა, რაც ბრალდებულს აქვს, საუბარია საბოლოო სიტყვის წარმოთქმაზე. სხდომაზე პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმის მიხედვით, ის სხდომაზე გამოცხადებაზე უარს აცხადებდა და პროცესის მის გამოჯანმრთელებამდე გადადებას ითხოვდა. მოსამართლემ წარმოდგენილი ოქმი წაიკითხა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სააკაშვილი პროცესზე გამოცხადებაზე უარს აცხადებდა.

ეს განაჩენი უკვე მეორეა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბოლო დღეების განმავლობაში სააკაშვილის საქმეზე გამოიტანა. მანამდე, სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ახლა მხოლოდ ერთი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე დარჩა, რომელიც 7 ნოემბრის ეპიზოდს ეხება.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. უფრო კონკრეტულად, ელგუჯა ცომაიას მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებასა და დანაშაულის დაფარვას ედავებიან, ზურაბ და შალვა წოწორიებს, ასევე გიორგი ნარიმანიძეს კი დანაშაულის დაფარვას.

აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში