„ძლიერი საქართველოს“ წევრი როლანდ შავაძე - განათლების მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლებში ე.წ ოდეერის ინსტიტუტი ბრუნდება

განათლების მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლებში ე.წ ოდეერის ინსტიტუტი ბრუნდება. შესაბამის ბრძანებას მინისტრმა ხელი 12 მარტს მოაწერა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი როლანდ შავაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც შავაძემ აღნიშნა, საქმე ეხება რესურსცენტრების უფლებამოსილების გაზრდას, რომლის საფუძველზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებს მიენიჭათ უფლება, მათ დაქვემდებარებულ სკოლებში დანიშნონ წარმომადგენელი - ოფიცერი, რომელიც მისივე შეფასებით „თითქოს უზრუნველყოფს სკოლებში პერსონალური მონაცემების დაცვას“.

„განათლების მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლებში ე.წ ოდეერის ინსტიტუტი ბრუნდება. შესაბამის ბრძანებას მინისტრმა ხელი 12 მარტს მოაწერა. საქმე ეხება რესურსცენტრების უფლებამოსილების გაზრდას, რომლის საფუძველზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებს მიენიჭათ უფლება, მათ დაქვემდებარებულ სკოლებში დანიშნონ წარმომადგენელი - ოფიცერი, რომელიც თითქოს უზრუნველყოფს სკოლებში პერსონალური მონაცემების დაცვას. რეალურად, ამ გადაწყვეტილების მიზანია, ისედაც სახელისუფლებო ინტერესებს დაქვემდებარებული მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების კიდევ უფრო მეტად მარწუხებში მოქცევა.

ეს არის წმინდა რუსული "კაგებშნიკური" მოდელი, როცა სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ზღუდავს შემოქმედებით თავისუფლებას და უნიშნავს პირს, რომელიც აკონტროლებს ყველა ნიუანს, და მუშაობს კონკრეტული ძალის, ამ შემთხვევაში ,,ქართული ოცნების" პროპაგანდის გასავრცელებლად", - აღნიშნა შავაძემ.

ცნობისთვის, საჯარო სკოლის დირექტორის წარდგინებით, რესურსცენტრის უფროსი, მის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სკოლებში სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს, რომლის მოვალეობა პერსონალური მონაცემების დაცვა იქნება.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მოქმედმა მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ შესაბამისი ცვლილება მისი წინამორბედის მიერ 2006 წელს გამოცემულ ბრძანებაში შეიტანა.

ბრძანებას ალექსანდრე წულაძემ ხელი 12 მარტს მოაწერა.

დოკუმენტის მიხედვით, სამუშაო აღწერილობა და ანგარიშვალდებულების საკითხი განისაზღვრება შესაბამისი სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ბრძანებით.

„რესურსცენტრის უფროსი რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში, დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრავს რესურსცენტრის თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციების განხორციელებას, რესურსცენტრს დაქვემდებარებული იმ საჯარო სკოლისათვის, რომელსაც არ ჰყავს დანიშნული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. ოფიცრის სამუშაო აღწერილობა და ანგარიშვალდებულების საკითხი განისაზღვრება შესაბამისი სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით“,- წერია დოკუმენტში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს