ნიკა გვარამია - დღეს ორი ნაბიჯი გადაიდგა დიქტატურის მიმართულებით - გასაკვირი იცით რა არის? რა და ის, რომ ამდენი „არც ესაა გასაკვირი“ დაგროვდა და გაკვირვების გარეშე, სრულიად მოსალოდნელობის რეჟიმში სამშობლოს ვკარგავთ

დღეს ორი ნაბიჯი გადაიდგა დიქტატურის მიმართულებით - გასაკვირი იცით რა არის? რა და ის, რომ ამდენი „არც ესაა გასაკვირი“ დაგროვდა და გაკვირვების გარეშე, სრულიად მოსალოდნელობის რეჟიმში სამშობლოს ვკარგავთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გვარამია აღნიშნავს, ჯერ ხალხს აჯარიმებენ წარმოუდგენელი თანხით, ახლა კი ყველა ფონდი, რომელიც დაზარალებულებს ეხმარებოდა დააყადაღეს. ამასთან, გვარამია საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის საქმესაც ეხმაურება და აღნიშნავს რომ “გასაკვირი არაფერი აღარაა“.

„დღეს ორი ნაბიჯი გადაიდგა დიქტატურის მიმართულებით:

მიშა სააკაშვილს ისეთი მიუსაჯეს, შემდეგ მანამდე მისჯილებს დაამატეს, შემდეგ ჯამი კვადრატში აიყვანეს და საბოლოოდ 12 წელიწად ნახევარზე ავიდნენ. გასაგებია: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძიმე ავტორიტარიზმზე და ქვეყნის მთავარ პოლიტპატიმარზე ვსაუბრობთ (ზვიადის დაპატიმრება ვერ მოასწრეს დამოუკიდებელ საქართველოში) და არაფერი აღარაა გასაკვირი.

ყველა ფონდი, რომელიც ეხმარებოდა დაზარალებულებს (ნანუკას, გილაურის და სხვებიც) დააყადაღეს. ჯერ ხომ ხალხს აჯარიმებენ წარმოუდგენელი თანხით. ახლა ვინც უხდის ამ თანხებს, ვინც უკანონო პატიმრებს ეხმარება - იმათაც აჯარიმებენ. აგერ, ნანუკა ჟორჟოლიანს მთლად გურიის დახმარებისთვის მოსთხოვენ პასუხს, რა ვიცი, თოვლის დისკრედიტაციისთვის უჩივლებს ალბათ "შეურაცხყოფილი თოვლი". არც ესაა გასაკვირი, სრულიად არა.

მაგრამ, გასაკვირი იცით რა არის? რა და ის, რომ ამდენი "არც ესაა გასაკვირი" დაგროვდა და გაკვირვების გარეშე, სრულიად მოსალოდნელობის რეჟიმში სამშობლოს ვკარგავთ. აი ეს კი ნამდვილად გასაკვირია“,- წერს გვარამია.

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, „ნანუკას ფონდი“ დააყადაღეს. „ბანკში მეუბნებიან, რომ საქალაქო სასამართლომ მოითხოვა დაყადაღება. თან დაყადაღებულია დაუყოვნებლივი მექანიზმით. ვრეკავ საქალაქო სასამართლოში, მეუბნებიან, რომ დავრეკო სააღსრულებო ბიუროში.ვრეკავ ამ უკანასკნელში და მეუბნებიან, რომ მათგან ფონდის დაყადაღების მოთხოვნა არსად გაგზავნილა.დასმულ კითხვაზე, რა გზით დაიბლოკა ფონდის ანგარიშები, მიპასუხეს, ჩვენი გვერდის ავლით, სასამართლომ პირდაპირი გზით მოითხოვა ყადაღის დადება“, - წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში. ამასთან, ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დაყადაღებულია სხვა ფონდებიც.

ამასთან, დღეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ