სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნა „საკმაოდ კრიტიკულია“ და ცვლილებების შეუსაბამობაზე მიუთითებს

სახალხო დამცველის აპარატი ეუთო/ოდირის მიერ შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნაზე ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ცნობილია, სწორედ სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე შეაფასა ეუთო/ოდირმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა საკმაოდ კრიტიკულია და მიუთითებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შეუსაბამობაზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტთან.

„როგორც დასკვნაშია აღნიშნული, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება ხელი შეუწყოს მშვიდობიან შეკრებებს - ასახული უნდა იყოს საკანონმდებლო ჩარჩოსა და შესაბამის პრაქტიკებში. შეზღუდვების განხილვისას, აღნიშნული უფლების სხვა უფლებებსა და ფართო საზოგადოებრივ ინტერესებთან შეპირისპირებისას, სახელმწიფომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს მის ხელშეწყობას არასაჭირო და არაპროპორციულ შეზღუდვებთან შედარებით.

ეუთო/ოდირის დასკვნაში მითითებულია, რომ ზოგიერთი ახალი საკანონმდებლო ცვლილება, როგორებიცაა სპონტანურ აქციებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი შეტყობინების ვალდებულების შემოღება, აქციების დახურულ სივრცეებსა და შენობებში მესაკუთრის წერილობითი თანხმობის გარეშე გამართვის ზოგადი აკრძალვა, დროებითი კონსტრუქციების აღმართვის აკრძალვა, ნიღბით თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით სახის დაფარვის ბლანკეტური აკრძალვა, მკაცრი ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი სანქციები უნდა იყოს გაუქმებული ან მთლიანად გადახედილი. ეუთო/ოდირი ასევე მიუთითებს, რომ არაპროპორციული სანქციები შესაძლოა თავისთავად იყოს საკმარისი იმისათვის, რომ დადგინდეს მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევა.

დასკვნის მიხედვით, შეკრებების აკრძალვის სხვა საფუძვლები უნდა იყოს გადასინჯული ან სულ მცირე, უფრო ფრთხილად და ვიწროდ ფორმულირებული, რომ გარანტირებული იყოს მათი ცხადად განსაზღვრა, იყოს მკაცრად აუცილებელი, პროპორციული და შეუსაბამო გავლენა არ იქონიოს მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელებაზე.

როგორც ეუთო/ოდირის დასკვნაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული პატიმრობის, როგორც სანქციის დაკისრება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის დარღვევისათვის უნდა იყოს გაუქმებული, ჯარიმების ოდენობა კი არსებითად უნდა შემცირდეს, განსაკუთრებით მცირე დარღვევებთან დაკავშირებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი პროპორციულობა დამდგარ ზიანთან მიმართებაში.

დასკვნის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის