ჯორჯ და ამალ კლუნების „ფონდი სამართლიანობისთვის“ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგს იწყებს

„კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის“ აცხადებს, რომ TrialWatch, რომელიც უფასო იურიდიული დახმარების გაწევას ახორციელებს სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში, დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგს გეგმავს, - ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობით, მონიტორინგის დაწყება დღეიდან, 18 მარტიდან იგეგმება.

„ამაღლობელი, რომელმაც დააარსა ჯილდოს მფლობელი ონლაინ მედიასაშუალებები: „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“, 11 იანვარს საღამოს დააკავეს, როდესაც მან პოლიციის განყოფილების ღობეზე სტიკერი გააკრა საყოველთაო გაფიცვის მოწოდებით - რაც იყო ჟესტი მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად, რომლებმაც 2024 წლის ნოემბრის შემდეგ მთელი ქვეყანა მოიცვა. 12 იანვარს, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ მოხდა შელაპარაკება პოლიციასთან, როდესაც ხალხი მისი გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბა, რასაც მისი დაუყონებლივ ხელახალი დაკავება მოჰყვა“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

ფონდში აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება და მას სამჯერ უთხრეს უარი გირაოს მოთხოვნაზე მხოლოდ ბრალდების მხარის მტკიცების საფუძველზე, დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი გირაოს მიზეზების სათანადოდ გათვალისწინების გარეშე.

„ასევე გავრცელდა ცნობები, რომ ამაღლობელს დაკავების შემდეგ ქალაქის პოლიციის უფროსი დაემუქრა და შეაფურთხა. მისი დაკავებისა და საქართველოში სხვა მომიტინგეების მიმართ მოპყრობის გასაპროტესტებლად, ამაღლობელი პატიმრობაში 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ფონდში აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ TrialWatch მოამზადებს ანგარიშს, რომელიც საქმეს სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების შესაბამისად შეაფასებს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში 2024 წლის ნოემბრის შემდეგ დაწყებულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებზე მთავრობის პასუხმა, რომელიც ხასიათდება პოლიციის ძალადობით, დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობითა და ჟურნალისტებზე თავდასხმით, საერთაშორისო კრიტიკა და განგაში გამოიწვია.

„საქართველოს მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევის ცენტრმა დააფიქსირა 90-ზე მეტი ინციდენტი, როდესაც სამართალდამცავი თანამშრომლები თავს დაესხნენ მედიის თანამშრომლებს, როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად, ან ხელი შეუშალეს მათ მუშაობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, „კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის“ თანადამფუძნებლები ჰოლივუდის მსახიობი ჯორჯ კლუნი და მისი ცოლი, ამალ კლუნი არიან. ფონდი უფასო იურიდიულ დახმარებას უზრუნველყოფს სიტყვის თავისუფლებისა და ქალთა უფლებების დასაცავად 40-ზე მეტ ქვეყანაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია