კირ სტარმერი - როდესაც ოვალურ კაბინეტში ტრამპი-ზელენსკის შეხვედრა არცთუ ისე კარგად წარიმართა, ჩვენზე ზეწოლას ახდენდნენ, რომ კრიტიკულად გამოვსულიყავით - ბევრი მოგვიწოდებს აშშ-სა და ევროპას შორის არჩევანის გაკეთებისკენ, მაგრამ ჩერჩილმა ეს არ გააკეთა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის თქმით, თეთრ სახლში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გაერთიანებულ სამეფოზე ზეწოლა ხორციელდებოდა იმ მიზნით, რომ კრიტიკული განცხადებები გაეკეთებინათ.

„იმ დღეს, როდესაც ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრა არცთუ ისე კარგად წარიმართა. ჩვენზე ზეწოლას ახდენდნენ, რომ ძალიან კრიტიკულად გამოვსულიყავით, გამოგვეყენებინა მოქარგული ზედსართავები, რათა აღგვეწერა, თუ რას გრძნობდნენ სხვები. მივიჩნიე, რომ უმჯობესი იყო ტელეფონის აღება და ორივე მხარესთან დალაპარაკება, რათა მეცადა, დამებრუნებინა ისინი ერთსა და იმავე პოზიციაზე“, - განაცხადა სტარმერმა.

მისი თქმით, ამის შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავისი მრჩეველი ჯონათან პაუელი კიევში გაგზავნა, რათა ზელენსკისთვის ერჩია, როგორ გამოესწორებინა ურთიერთობა ტრამპთან. მოგვიანებით კი ტრამპს დაურეკა, რათა კიევში მიღწეული პროგრესი გადაეცა და საფუძველი ჩაეყარა ზელენსკისა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბრისთვის. როდესაც პრეზიდენტებმა კვლავ ისაუბრეს, ზელენსკიმ მხარი დაუჭირა ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას.

ამასთან, კირ სტარმერმა ტრანსატლანტიკური კავშირის შენარჩუნების აუცილებლობაზე და დასავლეთში გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან როლზეც ისაუბრა.

„ბევრი ადამიანი მოგვიწოდებს აშშ-სა და ევროპას შორის არჩევანის გაკეთებისკენ. [უინსტონ] ჩერჩილმა ეს არ გააკეთა. [კლემენტ] ეტლიმ ეს არ გააკეთა. ჩემი აზრით, ახლა არჩევანის გაკეთება დიდი შეცდომა იქნება“, - აღნიშნა სტარმერმა.

ამასთან, მისი თქმით, პრეზიდენტი ტრამპი მართალია, როცა ამბობს, ევროპის კოლექტიური თავდაცვისთვის ევროპის ქვეყნებმა მეტი ტვირთი უნდა ატარონ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე