შალვა პაპუაშვილი - თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა-არმონაწილეობას არჩევნების ლეგიტიმაციაზე არანაირი გავლენა არ აქვს - ვფიქრობ, უმჯობესიც იქნება თუ ექსტრემისტული პარტიები მონაწილეობას არ მიიღებენ

ვინც ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და ვინც მათ მოუწოდებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ, სინამდვილეში ყველა არის დემოკრატიის მტერი და ექსტრემისტული მოძრაობების მხარდამჭერი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა-არმონაწილეობას „არანაირი გავლენა არჩევნების ლეგიტიმაციაზე არ აქვს“.

„მათ [ოპოზიციური პარტიების] მონაწილეობას, არ მონაწილეობას საერთოდ არანაირი გავლენა არჩევნების ლეგიტიმაციაზე არ აქვს. მათ იციან, რომ კიდევ ერთხელ დამარცხდებიან - ქართველი ხალხი მათ არანაირ მანდატს არ მისცემს. კიდევ ერთი მარცხი დაადასტურებს მათ სავალალო მდგომარეობას. ასე რომ, ვფიქრობ, უმჯობესიც იქნება თუ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ექსტრემისტული პარტიები არ მიიღებენ და ამით საბოლოოდ საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტის გადატვირთვა მოხდება. ამიტომ მათაც და მათ უცხოელ მფარველებსაც მოვუწოდებ, რომ აქეთკენ უბიძგონ, რომ მონაწილეობა არ მიიღონ. ერთ-ერთი რადიკალი პოლიტიკოსი, ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი ეს დღეები იქნება ბალტიის ქვეყნებში და იმედია, რომ მისი მფარველები იქიდანაც მოუწოდებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, ვინაიდან ექსტრემიზმი, საბოლოოდ, საქართველოში უნდა დამარცხდეს. ექსტრემისტული პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში უნდა დამარცხდეს და უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელი პარტიები საქართველოში უნდა დასრულდნენ.

რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას და მათ მონაწილეობას არჩევნებში, რა თქმა უნდა, დემოკრატიული პარტია იმისთვის არსებობს, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და ამით გაზომოს საკუთარი მხარდაჭერა მოსახლეობაში, ასევე მიიღოს სახელისუფლო მანდატის ესა თუ ის ოდენობა... როდესაც პარტია არ მონაწილეობს არჩევნებში, ის ამით აცხადებს, რომ არ არის დემოკრატიული პარტია და ექსტრემისტული პარტიაა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინც ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და ვინც მათ მოუწოდებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ, ყველა სინამდვილეში არის დემოკრატიის მტერი და ექსტრემისტული მოძრაობების მხარდამჭერი“, - განაცხადა პაპუაშვილმა და იქვე აღნიშნა: „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და „ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს".

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ