საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წყლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამშენებლო და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტების ეგიდით, სამეცნიერო ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანი წყლის ინჟინერიაში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა და მათი დაძლევის გზების განხილვა იყო.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ინფორმაციით, ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „საქართველოს მელიორაციის”, სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, კომპანიების - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ენგურჰესის, NC Group, კოლეჯ „სპექტრის“ ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრები, დარგის სპეციალისტები და ექსპერტები.

ფორუმზე დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა ისაუბრეს საქართველოს წყლის პოლიტიკის ძირითად პრინციპებზე, საკანონმდებლო ჩარჩოებზე და ქვეყნის წყალმომარაგებისა და მელიორაციის სისტემების გაუმჯობესების ღონისძიებებზე, განიხილეს წყლის რესურსების მდგრადი მართვის სტრატეგიები, ინოვაციური ტექნოლოგიები, წყლის ხარისხის მონიტორინგის სისტემები და ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილება.

ფორუმზე მოხსენებებით წარდგნენ და წყლის რესურსების მდგრადი მართვის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილეს სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა, "სემეკ-ის" წყლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რევაზ გერაძემ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე გუგა კაკაბაძემ, „ჯივიპის“ ინტეგრირებული მართვის სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო სულხანიშვილმა, „საქართველოს მელიორაციის“ წყლის რესურსების მართვის, ენერგეტიკისა და "სემეკ-თან" ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მამელი ქობალიამ, ენგურჰესის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ექსპერტმა, სტუ-ის ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მირიან ყალაბეგიშვილმა, კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ, NC Group-ის დირექტორმა გოჩა მუსელიანმა.

აკადემიკოს გივი გავარდაშვილის თქმით, წლევანდელი წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღის თემატიკა მყინვარების გადარჩენას უკავშირდება. როგორც მან აღნიშნა, კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მყინვარების დნობაზე, რაც თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის წყლის რესურსებსა და ეკოსისტემებს.

„მყინვარები წყლის რესურსების ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. სამწუხაროდ, კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის გამო, ისინი სწრაფი ტემპით იკლებს. ჩვენი მოვალეობაა, შევიმუშაოთ და განვახორციელოთ ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ამ პროცესებს შეანელებს, ამასთან ერთად, ჩვენს ქვეყანას სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. საქართველო, თავისი გეოგრაფიული და ჰიდროლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით, მდიდარია წყლის რესურსებით, მაგრამ მათი რაციონალური გამოყენება და მდგრადი განვითარება გადამწყვეტი ფაქტორია ჩვენი მომავლისთვის. აუცილებელია, რომ წყლის მართვის ყველა პროცესი – იქნება ეს სასმელი წყლის მომარაგება, სარწყავი სისტემები თუ ჰიდროენერგეტიკა – ეფუძნებოდეს მეცნიერულ კვლევებს, ინოვაციურ ტექნოლოგიებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას“, - აღნიშნა გივი გავარდაშვილმა.

სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ზურაბ გვიშიანის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, წყლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ღონისძიებები ყოველწლიურად იმართება. მისი თქმით, ფორუმის მიზანი მთავარ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე მსჯელობა. ასევე, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის პროცესში მეცნიერებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის გაძლიერებაა.

“ფორუმის მუშაობა ნაყოფიერად წარიმართა. მონაწილეებს მოგვეცა საშუალება გვემსჯელა აქტუალურ საკითხებზე, მთავარ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე. ყურადღება გავამახვილეთ კლიმატის ცვლილებისა და მყინვარების დნობით გამოწვეულ საფრთხეებზე, წყლის დაბინძურების პრობლემებზე, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების მართვაზე, წყლის რესურსების რაციონალურ მოხმარებასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, საერთაშორისო თანამშრომლობასა და წამყვან ქვეყნებში არსებულ წარმატებულ გამოცდილებაზე და სხვა. საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები ვაგრძელებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კვლევებისა და პროექტების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს წყლის მდგრადი მართვის განვითარებას საქართველოში. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ერთობლივად მივიდეთ საუკეთესო გადაწყვეტილებებამდე და ამასთან ერთად, ხელი შევუწყოთ მეცნიერებასა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობას”, - განაცხადა ზურაბ გვიშიანმა.

სტუ-ის ინფორმაციით, ფორუმის დასასრულს, მონაწილეებმა ერთობლივად შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც მიეძღვნა წყლის რესურსების დაცვის, ეკოლოგიური მდგრადობისა და კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებებს.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ