31 მარტი უპასუხებს იმ კითხვას, რამდენად აქტიურია და ერთიანია ოპოზიცია მთავარ საკითხებში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისივე თქმით, 31 მარტის შემდეგ გააქტიურდება ახალი პლატფორმა, რომელიც საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად, უფრო ეფექტურად წარმართავს პროცესს.
ამასთან, როგორც გიგი წერეთელი აცხადებს, 31 მარტის ახალი აქტიური პლატფორმის შემდეგ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტი დაიგეგმება.
„31 მარტი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღია, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ამ დღეს ყველაფერი წყდება, რა თქმა უნდა, ასე არ არის. უბრალოდ, ამ დღეს იქნება მიმართვა. ეს დღე უპასუხებს იმ კითხვას, რამდენად აქტიურია და ერთიანია ოპოზიცია მთავარ საკითხებში. შეიძლება ითქვას, რომ კარი ღიაა გარკვეული პლატფორმისთვის, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება იმისთვის, რომ მეტი მონაწილეობა იყოს, როგორც საზოგადოების ჯგუფებისთვის, რომლებიც პროტესტში აქტიურად მონაწილეობენ.
გარკვეული უკმაყოფილებაა, რომ პოლიტიკური ნაწილი უფრო ეფექტურად უნდა მუშაობდეს - ამის დაგეგმვა და ამაზე მუშაობა აქტიურად დაიწყება.
31 მარტის შემდეგ ახალი უფრო გააქტიურებული პლატფორმის შემდეგ, დაიგეგმება რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტი. ეს იქნება მექანიზმი იმისთვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა, საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად, უფრო ეფექტურად წარმართონ პროცესი“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.
კითხვაზე, 31 მარტის აქციაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიიღებს თუ არა მონაწილეობას, წერეთელი პასუხობს, რომ პარტია შეიძლება არ იყოს ორგანიზატორი, მაგრამ იყოს პროცესის ნაწილი.
მისივე მოსაზრებით, დღეს ოპოზიციური პარტიების პასუხისმგებლობა მაღალია, ამიტომ პარტიებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი კრიტიკის ობიექტი არ უნდა იყოს ოპოზიცია, რათა ამით პროცესი არ დაზიანდეს.
„(ახალი პლატფორმის) შინაარსი იქნება ის, რომ მეტი ურთიერთგაგება, თანამშრომლობა, გადაკვეთის წერტილების მოძებნა და არა იმ აქცენტების მოძებნა, რა გვაშორებს.
შეიძლება არ იყოს ორგანიზატორი, მაგრამ იყოს პროცესის ნაწილი. ორგანიზატორი, შეიძლება ჩვენც (ევროპული საქართველო) არ ვიყოთ. დღეს თუ ვინმე არის ოპოზიციაში, მისი პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია და უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ თავისი ნაბიჯით არ დააზიანოს ის პროცესი, რისთვისაც ამდენი ადამიანი გამოხატავს თავის გულისტკივილს.
ყველა ოპოზიციური პარტია უნდა ეცადოს, რომ ეს ფლანგი არ დააზიანოს და უნდა ესმოდეს, რომ მისი კრიტიკის ობიექტი არ არის ოპოზიცია.
რაღაც რომ არ მოგეწონება, მესმის, შეიძლება გააკრიტიკო, ეს არის პოზიცია, მაგრამ როდესაც პროცესი არის მოსაფრთხილებელი, როდესაც ერთიანობას აქვს დიდი მნიშვნელობა, პირიქით, შენ თვითონ თუ დააზარალებ პროცესს არ არის სწორი“,- განაცხადა წერეთელმა.