„ლელო-ძლიერი საქართველოს“ იურისტის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაბარებას არაფერი აქვს საერთო სამართალთან

„ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი წევრის და პარტიის იურისტის, თორნიკე ართქმელაძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაბარებას არაფერი აქვს საერთო სამართალთან. როგორც მან აღნიშნა, ამ პროცესს ერთადერთი მიზანი აქვს - „კვებოს პროპაგანდა მოგონილი ამბებით“.

„რატომ არის „ქოცების“ ე. წ. საგამოძიებო კომისია ფარსი: თავდაპირველად, დავესესხები პროფესორ ირაკლი კობახიძეს, რომელიც თავის წიგნში ამბობს: „დემოკრატიულ სისტემებში, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, როგორც წესი, ოპოზიციის განსაკუთრებულ პრივილეგიად განიხილება. ამ მიდგომას ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის ახალი ნორმა, რომელიც კომისიის შექმნის უფლებას არანაკლებ 50 დეპუტატს ანიჭებს“. მართალია, პროფესორი კობახიძე, დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, დემოკრატიულ სისტემებში, სწორედ ოპოზიციის პრივილეგიაა. რატომ? ამაზე პასუხი პარლამენტის რეგლამენტის 61-ე მუხლში წერია, რომლის მიხედვითაც, საგამოძიებო კომისია იქმნება თანამდებობის პირთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესასწავლად. ხელისუფლების მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნა იმ მოტივით, რომ თურმე 15 ან 20 წლის წინანდელი რაღაც საქმე არ არის სათანადოდ გამოძიებული, პირდაპირი აღიარებაა იმისა, რომ ბოლო 13 წელია, რაც ისინი მართავენ ქვეყანას, არ არსებობს ეფექტური საგამოძიებო სტრუქტურები. ჩვენ კი ვიცით, რომ „ქოცური სისტემა“, მორღვეულ სისტემას ნიშნავს, თუმცა მათგან ასეთი პირდაპირი აღიარება მაინც დასაფასებელია. კონსტიტუცია ითხოვს საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში ოპოზიცია წარმოდგენილი იყოს, სულ მცირე, კომისიის წევრთა შემადგენლობის ნახევრით. ესეც დარღვეულია, რადგანაც კომისიაში არც ერთი ოპოზიციონერი წევრი არ არის. უფრო ზუსტად, კომისია შედგება 10 წევრისგან, აქედან 5 ქოცი, 2 ხალხის ძალა, ერთი ევროპელი სოციალისტები და 2 „გახარია- საქართველოსთვის“. ამ 10-დან 8 წევრი ე. წ. პარლამენტში მოხვდა „ქართული ოცნების“ სიით, შემდეგ ფორმალურად დაირქვეს ოპოზიცია ვართო, რათა საპარლამენტო ოპოზიციისთვის გამოყოფილი საპარლამენტო თანამდებობები, ხელფასი, მანქანა და სხვა პრივილეგიები მიეღოთ. მაგალითად, სოზარ სუბარი არის ოპოზიციის კვოტით არჩეული ვიცე-სპიკერი. შესაბამისად, ე. წ. საგამოძიებო კომისია არის ერთი დიდი ტყუილი, რომლის შემადგენლობაში არ არის კონსტიტუციით მოთხოვნილი სულ მცირე ნახევარი ოპოზიციონერი. ამასთან, ასეთი საგამოძიებო კომისიის შექმნა ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში, თურმე 13 წელია ეფექტური საგამოძიებო ორგანოები არ გვაქვს. ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო სამართალთან, აქვს ერთადერთი მიზანი - კვებოს პროპაგანდა მოგონილი ამბებით“, - აღნიშნავს თორნიკე ართქმელაძე.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა. როგორც ხაზარაძე აცხადებს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლას და "ამ ცირკში მონაწილეობას" არ აპირებს. ის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ არასდროს გაჰქცევია მართლმსაჯულებას. ხაზარაძე ხელისუფლებას ურჩევს, თუ რამე აქვთ გასარჩევი, სასამართლოს მიმართონ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი