ეს ე.წ. კომისია ცირკია, მაგრამ მე შესაძლოა, პირდაპირ მივსულიყავი და პირდაპირ, იქვე მემხილებინა თითოეული მათგანი, რომლებიც წინა ხელისუფლების ცალკეული გადმონაშთები არიან. მათ ვინ უნდა გაასამართლონ?! საკუთარი თავი?! ტაქტიკები, შესაძლოა ვიღაცამ ვიღაცას დაუწუნოს, ან მოეწონოს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ამ ე.წ. კომისიასთან მიმართებაში, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელმა ზაზა თავაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.
როგორც ზაზა თავაძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ არაკონსტიტუციურად მიიტაცა ხელისუფლება, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია „არალეგიტიმური და არაკონსტიტუციურია“ და მათ შოუს დადგმის უფლება არ აქვთ.
„ქართულ ოცნებას“ მსგავსი შოუების დადგმა იმისთვის სჭირდება, რომ ძირითადი პრობლემებიდან ისრები გადაიტანოს სხვა მიმართულებით, მაგალითად ე.წ. კომისიის შექმნა, ომის და მშვიდობის შემოტანა მუდმივად დღის წესრიგში, თითქოს, ისინი არიან მშვიდობის გარანტები, მათ ააცილეს ქვეყანას ომი, ამ ომს ვიღაც აძალებდა. ერთადერთი პოლიტიკური ძალა ვიყავით ჩვენ, ვინც ამ ნარატივის შემოტანის დღიდან პირდაპირ ვამბობდით, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მშვიდობის შენარჩუნების არანაირი საფუძველი. როდესაც შენ სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროპის სახელმწიფოებს მოიხსენიებ მტრად და მტერს მოყვარეთ, ამით ყველაფერი დამთავრებულია.
რაც შეეხება ხაზარაძე-ჯაფარიძეს, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. კომისია არის ისრების გადატანა სხვა მიმართულებით. ჩვენ კოორდინაციაში ვიმყოფებით დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან და პრეზიდენტთან ერთად. არ უნდა აგვერიოს ტერმინები, რას ნიშნავს კოორდინაცია და რას ნიშნავს ერთიანობა. კოორდინაცია ნიშნავს, რომ როდესაც ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტს რაიმე მოქმედების განხორციელება სჭირდება, კოორდინაციის შესაბამისად უნდა განახორციელო ან პრეკოორდინაცია, ან პოსტკოორდინაცია. როდესაც საუბარია ვიღაცას იბარებენ ე.წ. კომისიაში, ის მიდის თუ არა, რას აპირებს, პრეკოორდინაცია და პრენაბიჯების გადადგმა კარგი იქნებოდა ამასთან დაკავშირებით.
მე როგორ მოვიქცევი? მოდით, ამის უფლება მე დამიტოვეთ, როგორ მოვიქცევი. რასაც ახლა ჩვენ ვამბობთ, რომ ე.წ. კომისიაა, ცირკია და ასე შემდეგ. შესაძლოა მე პირდაპირ მივსულიყავი და პირდაპირ იქვე მემხილებინა თითოეული მათგანი, რომლებიც წინა ხელისუფლების ცალკეული გადმონაშთები არიან. მათ ვინ უნდა გაასამართლონ?! საკუთარი თავი?! შესაძლოა, ტაქტიკები ვიღაცამ ვიღაცას დაუწუნოს, ან მოეწონოს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ამ ე.წ. კომისიასთან მიმართებაში. როგორ მოიქცევა ჩვენი პოლიტიკური ძალა ამასთან დაკავშირებით, მომავალი გვიჩვენებს.
დღეს დააანონსეს რომ „აგვისტოს ომთან“ ექნებათ შეკითხვები. შესაბამისად, ყველა ჩვენ ხელთარსებულ ინფორმაციას იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ ეს ცირკი ვამხილოთ შესაბამისი მტკიცებულებებით (ინსტიტუციური მეხსიერება გვაქვს როგორც წინა ხელისუფლებიდან, ასევე ამ ე.წ ხელისუფლებიდან) იქვე პირში ვამხილოთ, იქვე ავუხსნათ რომ არალეგიტიმურები არიან. მათ ამ შოუს დადგმის უფლება არ აქვთ. ამით დავამთავროთ მათთან ურთიერთობა“,- აღნიშნა თავაძემ.
გარდა ამისა, ზაზა თავაძე იმ ფაქტსაც გამოეხმაურა, რომ ერთი თვეა მინისტრთა კაბინეტი არ შეკრებილა.
„ივანიშვილი თავის დასს როგორ შეავსებს, როგორ გადააადგილებს ამ თოკის თოჯინებს, რა დავალებებს მისცემს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მან არადემოკრატიულად, არაკონსტიტუციურად მიიტაცა ქართველი ხალხის ნება, მიიტაცა ხელისუფლება. ეს ძალაუფლება ქართველ ხალხს უნდა დაუბრუნოს. ამის შემდეგ, შესაბამისად მოხდება ე.წ. პრეფიქსის მოშორება ე.წ. ხელისუფლებისთვის, შედეგად იქ იქნებიან მინისტრთა კანდიდატები, სასამართლო ხელისუფლების ისეთი წარმომადგენლები, როგორიც ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოებშია. აუცილებელია კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნდეს ივანიშვილი. ეს არის ერთადერთი საშველი და გადარჩენა მისი გუნდისთვის“,- აღნიშნა თავაძემ.