ლევან მახაშვილი ევროსაბჭოს კონგრესის რეზოლუციაზე - მიუღებელია სულისკვეთება, რაც ამ დოკუმენტშია - თუ ვინმე საქართველოში დემოკრატიის გაუარესებაზე საუბრობს, მინდა მოვუწოდო, საგამოძიებო კომისიას მოუსმინონ

თუკი ვინმე საქართველოში დემოკრატიის გაუარესებაზე საუბრობს, მინდა მოვუწოდო, რომ მოუსმინონ საგამოძიებო კომისიას - მზად ვარ, დიდი სიამოვნებით, დავუჯდე თითოეულ მათგანს და სიტყვა-სიტყვით გადავუთარგმნო - ნახონ, რა იყო რეალურად დარბევა, წამება, ციხეებში გაუპატიურება, სახელმწიფოს მიტაცება და რეკეტი, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროსაბჭოს კონგრესის რეზოლუციის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, სრულიად მიუღებელია ის სულისკვეთება, რაც რეზოლუციაშია აღნიშნული.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია ის კომენტარები, რაც მოვისმინეთ, ან ის სულისკვეთება, რაც ამ დოკუმენტშია. ჩვენ პარლამენტის წინ ვიხილეთ ძალადობა. მაგალითად, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას ამერიკის შეერთებული შტატები შიდა ტერორიზმად აფასებს. ფაქტობრივად, ამერიკული სტანდარტით შიდა ტერორიზმს, ეს ადამიანები აფასებენ მშვიდობიან დემონსტრაციებად. ასევე, „გამჭვირვალობის კანონი“ კვლავ „აგენტების კანონად" არის მოხსენიებული. მე მგონი, ახლა მაინც ნათელია, რეალურად, როგორი რბილია „გამჭვირვალობის კანონი" პასუხისმგებლობის გათვალისწინებით. მთელი ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია ის სულისკვეთება და განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ. თუკი, საერთოდ, ვინმე საქართველოში დემოკრატიის გაუარესებაზე საუბრობს, მათ მინდა მოვუწოდო, რომ მოუსმინონ საგამოძიებო კომისიას და იმ გამოსვლებს, რაც ამ საგამოძიებო კომისიაში ვიხილეთ. მზად ვარ, დიდი სიამოვნებით, დავუჯდე თითოეულ მათგანს და სიტყვა-სიტყვით გადავუთარგმნო. თუკი, ვინმე საუბრობს დემოკრატიის უკუსვლაზე, მოიკითხოს, მოუსმინოს და ნახოს, რა იყო რეალურად დარბევა, წამება, ციხეებში გაუპატიურება, სახელმწიფოს მიტაცება და რეკეტი," - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს კონგრესმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოში „სწრაფ და დრამატულ დემოკრატიულ უკუსვლაზეა” საუბარი. შესაბამისი რეზოლუცია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის სესიაზე იქნა მიღებული. რეზოლუციას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო სამმა თავი შეიკავა.

რეზოლუცია კონგრესის შეშფოთებას გამოხატავს შემდგომ საკითხებზე: საქართველოში გაღრმავებული პოლარიზაციის ფონზე, ბოლო ორი წლის განმავლობაში შემჩნეულმა სწრაფმა და დრამატულმა დემოკრატიულმა უკუსვლამ მზარდი ზეგავლენა მოახდინა საქართველოში ადგილობრივ დემოკრატიაზე; პოლიტიკური სცენიდან ოპოზიციის მზარდმა მარგინალიზაციამ და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ნაკლებობამ შედეგად პოლიტიკური პლურალიზმის დე ფაქტო არარსებობა მიიღო, მათ შორის მუნიციპალურ საბჭოებში; “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონისა და “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის” (FARA) პირველი მოსმენით ძალიან საკამათო მიღების შემდეგ, არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიაში განსხვავებული ხმების მზარდი დაშინების და სტიგმატიზების საკითხი, რაც ძირს უთხრის მათი შეკრების თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას; ბევრ ქალაქში და განსაკუთრებით დედაქალაქ თბილისში სამართალდამცავი ორგანოების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპონენტების სასტიკმა რეპრესიამ დაარღვია როგორც გამოხატვის, ასევე შეკრების თავისუფლებები.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა