მამუკა ხაზარაძე - ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, ელექტრონულმა არჩევნებმა შეგვიყვანა შეცდომაში - უნდა შევქმნათ ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი

ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, ამ ელექტრონულმა არჩევნებმა შეცდომაში შეგვიყვანა,-ამის შესახებ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნები მანამდე გაყალბდა, სანამ ხმის დათვლა დაიწყებოდა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ნებისმიერი ახალი არჩევნები, რომელიც ახალი წესით და ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩატარდება, ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება.

„ჩვენ უნდა განვასხვაოთ ერთი რამ - ოპოზიციური პარტიები არ არიან კარგ ფორმაში, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ხან ძლიერდება მუხტი, ხან არ ძლიერდება, მაგრამ კარგ ფორმაში არის ქართველი ხალხი, რომელმაც მიუხედავად მასიური გაყალბებისა, ყველა დიდი ქალაქი წაართვა ხელისუფლებას, თბილისი არის ამის ნათელი მაგალითი. ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას არ უნდა ასე ცხოვრების გაგრძელება, შესაბამისად, როგორც კი დაინიშნება ახალი არჩევნები, დარწმუნებული ვარ, არა მარტო ქალაქებში, არამედ ნებისმიერი ანგარიშით იქნება მოგებული ჩვენს სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს იმის მიმართულებით, რაც მან დიდი ხანია გამოხატა. ჩვენი მოქალაქეების 85% მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას და ევროკავშირთან სიახლოვეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავადგეთ ნორმალური ცხოვრების წესს, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. პირადად ვაღიარებ, რომ ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა. ამ ელექტრონულმა არჩევნებმა შეცდომაში შეგვიყვანა იმიტომ, რომ არჩევნები მანამდე გაყალბდა, სანამ დათვლა დაიწყებოდა. როცა ვლაპარაკობთ ახალ არჩევნებზე, რა თქმა უნდა, ახალი ადმინისტრაციით და ახალი წესებით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს გაყალბება. ნებისმიერი ახალი არჩევნები, რომელიც დაინიშნება, საუბარია საპარლამენტო არჩევნებზე, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და დააყენებს ქვეყანას იმ კურსზე, რომელიც წაართვა ბიძინა ივანიშვილმა თავისი რუსული ხელისუფლებით და მენტალობით ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს”, -განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, საქართველოში ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი უნდა შეიქმნას.

„ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე 4 ბარიერგადალახული და გამარჯვებული კოალიცია. ჩვენ უნდა შევქმნათ ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი, სადაც პოლიტიკური პარტიები გაერთიანდებიან, ვისაც ამ ქვეყანაში რეჟიმის შეცვლა უნდათ. ამას უნდა მივაღწიოთ და ჩავუყაროთ საფუძველი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ივანიშვილის სახით ვებრძვით "ეფესბეს", "კაგებეს" და რუსეთის იმპერიას, რომელსაც უნდა საბჭოთა კავშირის აღდგენა",-განაცხადა ხაზარაძემ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში