საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „ქრისტიანული ფსიქოლოგიის ხედვის ძირითადი ასპექტების ჩამოყალიბება” გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მისივე ცნობით, კონფერენციას, რომელსაც ესწრებოდნენ, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, მაღალყოვლადუსამღვდელოესი სტეფანე, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის ცენტრის თავმჯდომარე, მაღალყოვლადუსამღვდელოესი დანიელი, რუსთველი მიტროპოლიტი წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის თავმჯდომარე, მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანე, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ანანია, მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.
როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, კაცობრიობის ისტორიაში რწმენისა და ცოდნის ურთიერთკავშირი ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რჩება სიბრძნისა და განათლების სიმბოლოდ, რომელიც საზოგადოებას არა მხოლოდ სულიერ საკითხებში, არამედ ინტელექტუალური და ზნეობრივი განვითარების გზაზეც მიუძღვება. საქართველოში ეს მისია განსაკუთრებული იყო, რადგან ერის იდენტობა და საგანმანათლებლო ტრადიციები მჭიდროდ არის დაკავშირებული ქრისტიანულ რწმენასთან.
„სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „ქრისტიანული ფსიქოლოგიის ხედვის ძირითადი ასპექტების ჩამოყალიბება“, ნათლად უსვამს ხაზს მართლმადიდებელი ეკლესიის უაღრესად მნიშვნელოვან როლს განათლების, პიროვნული განვითარების, ჩვენი ახალგაზრდობის ზნეობრივი თუ სულიერი აღზრდის სფეროებში.
ეკლესიას გადამწყვეტი როლი აქვს თაობების ზნეობრივი ორიენტაციის ფორმირებაში, თანაგრძნობის, სიწრფელისა და პასუხისმგებლობის ფასეულობების დანერგვაში – რაც აუცილებელია როგორც პიროვნული, ისე პროფესიული განვითარებისათვის.
ჩვენთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, დიდი მნიშვნელობის მქონეა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან მჭიდრო და ხანგრძლივი კავშირები, რომელიც არა მხოლოდ სიმბოლური, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ვცდილობთ შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო გარემო, სადაც რწმენა და მეცნიერება ჰარმონიაშია. მტკიცედ გვჯერა, რომ ტექნიკური ცოდნა, როდესაც მას ეთიკური და სულიერი სიბრძნე ერთვის, იძლევა იმგვარი პიროვნებების ჩამოყალიბების შესაძლებლობას, რომლებიც არა მხოლოდ თავიანთ სფეროში აღწევენ წარმატებას, არამედ ზნეობრივი სიცხადითა და პასუხისმგებლობით ემსახურებიან საზოგადოებას.
დღევანდელი კონფერენციის თემა განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ახალ შესაძლებლობებთან ერთად ადამიანის ფსიქიკისთვის ახალ გამოწვევებსაც ქმნის. ქრისტიანული ფსიქოლოგია, თავისი ღრმა სულიერი ხედვებით, მნიშვნელოვან პერსპექტივას გვთავაზობს მენტალურ კეთილდღეობაზე, ადამიანურ ურთიერთობებსა და პიროვნულ ზრდაზე. ვიმსჯელოთ საკითხებზე, რომლებიც თეოლოგიურ სიბრძნეს თანამედროვე ფსიქოლოგიურ კვლევებს აკავშირებს, ნიშნავს გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ, რომელიც მეცნიერებასა და ზნეობრივ ღირებულებებს თანაბარ პატივს სცემს. მწამს, რომ კონფერენციაზე განსახილველად გამოტანილი თემები გააღრმავებს ჩვენს ცოდნას და კიდევ უფრო გააძლიერებს რწმენის როლს ახალგაზრდობის განათლებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
გულითადი მადლობა კონფერენციის ორგანიზატორებს, მეცნიერებსა და სტუმრებს, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიკრიბნენ თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „ქრისტიანული ფსიქოლოგიის ხედვის ძირითადი ასპექტების ჩამოყალიბება”, ორ სექციად წარიმართა. პირველ სექციაში დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ მეუფე სტეფანე, მეუფე დანიელი, მეუფე იოანე, მეუფე ანანია. ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მამუკა გიორგაძე და ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი პროფესორი გიორგი ანდრიაძე. მეორე სექციაში კი განიხილეს მომხსენებლების - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ლია მეტრეველის - „წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძე - ქრისტიანული ფსიქოლოგიის ძირითადი ასპექტები“, სტუ-ის ასისტენტ-პროფესორის, ირმა ხურცია-ანდრიაძის - „ნებისყოფის ცნება, როგორც დიმიტრი უზნაძის განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის მთავარი ქვაკუთხედი“ და ფსიქოლოგიის განვითარების კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, ბესიკ ბოგველის - „წმ. გრიგოლ პალამას სწავლება, წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის ქრისტიანული ფსიქოლოგია, დიმიტრი უზნაძის განწყობის ფსიქოლოგია“. კონფერენციის დასასრულს, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს ორტომეულის - „ქრისტიანული ფსიქოლოგია“ წარდგენა გაიმართა.