ახალ ფეოდალიზმში შევდივართ, თავისი ავტორიტარული, ტოტალიტარული ნიშნებით. „ქართულ ოცნებას“ ასეთი საქართველო უნდათ იმიტომ, რომ თავისი მონოპოლია ფინანსებზე და ძალაუფლებაზე გაიხანგრძლივონ, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, პარლამენტის ყოფილმა წევრმა, დავით დარჩიაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გეგმებს, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ და „მისი სატელიტი პარტიების“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ აანონსებს, რომ „ერთპარტიული სისტემა იქნება და ამ ერთპარტიულ სისტემაში იქნება რაღაც სატელიტი პარტიები, რომელსაც თავისი ხელდასმით ხელისუფლება შექმნის“.
„ეს ლოგიკური გაგრძელებაა იმ სულისკვეთების, რაც ამ პარტიას [„ქართულ ოცნებას“] ჰქონდა. მისთვის დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის, უმცირესობის და ოპოზიციის უფლებები არაფერს არ ნიშნავს. ეს აგდებული დამოკიდებულება ლიბერალური იდეოლოგიის მიმართ, სწორედ ამაში ვლინდება და მატერიალიზდება. ეს არის საბოლოოდ გაცხადება იმისა, რომ ჩვენ ამ ღირებულებებს ვებრძვით - ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, საერთაშორისო სამართალს და დემოკრატიული ინსტიტუტების, პროცედურების პატივისცემას. ეს ყველაფერი იშლება, უარყოფილია, გადაგდებულია. ჩვენ ვდგებით უკვე ფორმალიზებული ავტორიტარიზმის პირობებში, ამის ნიშნები სულ იყო, მაგრამ ეს რაღაცნაირად სიტყვებში უნდა გამყარებულიყო, კონკრეტულ გადაწყვეტილებებში გამოვლენილიყო და ახლა ყველა ამ პროცესს შევყურებთ - კეთილი იყოს თქვენი, ჩვენი, ყველასი მობრძანება ახალ, აბსოლუტურად არადემოკრატიულ საქართველოში!
თუ ეს ყველაფერი განხორციელდა, ორი არჩევანი რჩება - უნდა განეწყო რეპრესიებისთვის ან ქვეყანა უნდა დატოვო. ასეთი რეალობა იქმნება.
პრაქტიკულად დაანონსებულია, რომ ერთპარტიული სისტემა იქნება და ამ ერთპარტიულ სისტემაში იქნება რაღაც სატელიტი პარტიები, რომელსაც თავისი ხელდასმით ხელისუფლება შექმნის. მაგალითად: ასეთი სისტემა არის ჩინეთში. ჩინეთში, გარდა კომუნისტური პარტიისა, არის რაღაც პატარა პარტიები, რომლებიც სამკაულის, დეკორაციის როლს ასრულებენ. აი, ასეთ რეალობაში აღმოვჩნდებით.
ჯერ კიდევ უცნაურია, რომ იურიდიული პროცედურების გამოყენებას ცდილობენ. მაგალითად: კომისიის უფლებამოსილება გაფართოვდა, მერე საკონსტიტუციოს ჩართავენ. ეს ყველაფერი ფასადია და თამაშია, რეალური სულისკვეთება კანონის უზენაესობის, ამის უკან არ დგას, იმიტომ, რომ ეს ინსტიტუტები არსებითად რაღაცნაირად შეპყრობილია ოლიგარქის და მისი ამალის მიერ. ისინი ჯერჯერობით იურიდიული სიტყვებით თამაშობენ. რეალობა კი ის არის, რომ ახალ ფეოდალიზმში შევდივართ, თავისი ავტორიტარული, ტოტალიტარული ნიშნებით. მათ ასეთი საქართველო უნდათ იმიტომ, რომ თავისი მონოპოლია ფინანსებზე და ძალაუფლებაზე გაიხანგრძლივონ. ბუნებრივია, რომ კიდევ რაღაც ნაბიჯებს პარტიების წინააღმდეგ გადადგამენ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისივე განმარტებით, თუ „ქართული ოცნება“ მის მიერ გაჟღერებული გეგმებს განახორციელებს, ამ შემთხვევაში „ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერები, ან დაპატიმრებულები იქნებიან, ან ქვეყნიდან გაძევებულები“.
„თუ ეს გამოუვიდათ, პოლიტიკურ ლიდერებს დაპატიმრებულებს ან ქვეყნიდან გაძევებულებს ვხედავ. სხვა ლოგიკური დასკვნის გაკეთება, ამ განცხადებების ფონზე შეუძლებელია. არ ვიცი, მდინარაძეს წაკითხული აქვს [თუ არა] რამე ბოლშევიკური ან გებელსის ტექსტებიდან, მაგრამ მშვენივრად მისდევს მათ კვალს. როგორ დაალაგონ წინადადებები შეიძლება ნაწილობრივ ამ მემკვიდრეობის შედეგია, ან ნაწილობრივ კრემლის რჩევების შედეგია, როგორ მოექცნენ ოპოზიციას, როგორ დააბრალონ ოპონენტს ის, რაც წარმოუდგენელია. ქართულ კულტურაში კარგად დამკვიდრდა მეტაფორა - „გვირაბი ბომბეიდან ლონდონამდე“, ამ მეტაფორის ლოგიკაში ჯდება ყველაფერი ის, რასაც „ქართული ოცნება“, კერძოდ, ამ შემთხვევაში მდინარაძის პირით აცხადებს“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ გეგმავს, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ და „მისი სატელიტი“ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით მიმართოს. გარდა ამისა, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მანდატი ფართოვდება და 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც გავრცელდება. ამასთან, რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, კანონმდებლობით იქნება უზრუნველყოფილი, რომ „ნაცმოძრაობამ და მისმა სატელიტებმა“ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ.