რამდენჯერ გყავთ ნანახი [კონფლიქტის ზონაში] იაკობაშვილი, რაც შერიგების საკითხებში მინისტრი იყო? - ამ კითხვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სხდომის მდივანმა სოზარ საუბარმა 2008 წლის აგვისტოს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსს, გენერალ მამუკა ყურაშვილს.
აღნიშნული კითხვის საპასუხოდ ყურაშვილმა განაცხადა, რომ „ერთხელ“. მას სოზარ სუბარი კვლავ ჩაეკითხა, იყო თუ არა იაკობაშვილის მოვალეობა იქ ყოფნა, რასაც გენერალმა დადებითი პასუხი გასცა.
„ანუ ერთხელ ჩამოვიდა. რამდენი ხნის განმავლობაში?“, - ჰკითხა მას კომისიის მდივანმა, რაზეც ყურაშვილმა განაცხადა, „რამდენი ხანიც დანიშნული იყო“.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანი, რომლის მოვალეობაც იყო, იქ ყოფილიყო დღე და ღამე, ერთხელ იყო ჩასული მთელი მისი მინისტრობის განმავლობაში. თუმცა, კარგად გვახსოვს მისი განცხადებები - „ესკაკა“ [შერეული საკონტროლო კომისია], „ისკაკა“ და არავითარი „ესკაკა“ არ იქნებაო. რამდენად დამაზიანებელი იყო თქვენი აზრით ეს განცხადება?“, - ჰკითხა მას სუბარმა, რის საპასუხოდაც გენერალმა განაცხადა, რომ ეს განცხადება მიუღებელი იყო.
„კატასტროფული დამაზიანებელი იყო. ეს აბუჩად აგდების ტონს ატარებს და ყოვლად მიუღებელია“, - განაცხადა ყურაშვილმა.
„სანამ მთავარსარდალი გასცემს ბრძანებას, საცეცხლე წერტილები ჩააქრეთო, მანამდე, ეს განცხადება გაკეთებული აქვს, რეალურად ამბობს, არანაირი სამშვიდობო პროცესი არ იქნებაო, ამას ამბობს მინისტრი შერიგების საკითხებში, ხომ?“, - მიმართა სუბარმა ყურაშვილს.
„ესკაკა“, რას ნიშნავს, ეს არის მასხრად აგდება. საკონტროლო კომისიაა, რომელიც ფორმატითაა შექმნილი, სადაც მხარეებს თანათავმჯდომარეები ჰყავთ გამოყოფილი, ეს არის უზენაესი საბუთი, რომელიც ადგილზე მიიღება“, - განაცხადა გენერალმა.
„ანუ პრაქტიკულად სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირი ამბობს, არანაირი სამშვიდობო პროცესი არ იქნება, არანაირი კომისია არ იარსებებს და დღეიდან მე ვარ, რაც ვარო და თან ამას ისეთი სიტყვებით აკეთებს, როგორც თქვენ ბრძანეთ, აბუჩად იგდებს მასში გაერთიანებულ ადამიანებსაც და ფორმატის უკან მდგარ სახელმწიფოებსაც, ეს ხომ არ იყო ქართულ-ოსური, ქართულ-რუსული ფორმატი“, - მიმართა მას კვლავ სუბარმა, რასაც გენერალი დაეთანხმა.
„გეთანხმებით, ძალიან დამაზიანებელია. ძალიან სენსიტიური და საფრთხილოა, ყველა სიტყვას უფრთხილდები, ცდილობ, შეხების წერტილები მოძებნო, რომ მხარეები დააშორო, ჩემთვის დამანგრეველი იყო“, - განაცხადა ყურაშვილმა.