საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო - British Airways ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით რეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს

31 მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანმა ავიაკომპანია British Airways-მა დაიწყო ოპერირება - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანიის A320 ტიპის ხომალდმა 156 მგზავრით პირველი რეისი შეასრულა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან ლონდონი და თბილისი ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით დაუკავშირდნენ.

„ავიაკომპანია British Airways ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს. პირდაპირი მიმოსვლა მნიშვნელოვნად ამცირებს ფრენის დროს საქართველოდან ბრიტანეთამდე და პირიქით.

British Airways-ი 50 წლის წინ დაფუძნებული ბრენდია, თუმცა, ავიაკომპანიას 100 წელზე მეტი ხნის ოპერირების ისტორია აქვს. აღსანიშნავია, რომ British Airways-ი კომპანია American Airlines-თან ერთად გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის - OneWorld-ის თანადამფუძნებელია, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამე უმსხვილესი გაერთიანებაა SkyTeam-ის და Star Alliance-ის შემდეგ. British Airways-ი მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმარულებით დაფრინავს, ავიაკომპანიის მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია.

მნიშვნელოვანია, რომ American Airlines-თან მჭიდრო პარტნიორობა British Airways-ის მგზავრებს საშუალებას მისცემს, ტრანზიტული ფრენებით ისარგებლონ ლონდონის გავლით - ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით.

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას წინ უძღვოდა ინტენსიური მოლაპარაკებები ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით წარმატებით დაასრულა.

British Airways-ის მიერ საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოში ბრიტანეთის ელჩი გარეთ უარდი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, British Airways-ის მენეჯმენტი, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი და ავიაციის ინდუსტრიის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია