უკვე 124 დღეა აქ დგახართ და ითხოვთ იმის დაბრუნებას, რაც ხალხის ნებით, კანონით და კონსტიტუციით გვეკუთვნის - ჩვენი ურყევი არჩევანი: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ევროპული მომავალი! - თქვენთან ერთად დგას საქართველო, დგანან ჩვენი ისტორიის ყველა დროის გმირები, დგანან 31 მარტის მოთავეები - ზვიადი და მერაბი და გვესმის მათი სიტყვები - „მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება, მაგრამ იცოდეთ თუ მაშინაც დამოუკიდებელ ქვეყანაში თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც, - ასე მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს.
მისი თქმით, საქართველოს ბრძოლა ყოველთვის უთანასწორო იყო შიდა თუ გარე მტერთან, უცხო დამპყრობელთან, მაგრამ საქართველო ყოველთვის იმარჯვებდა, რადგან წინ თავისუფლებისთვის მებრძოლთა მშვიდობიანი ჯარი უძღოდა.
„დღესაც ეს მშვიდობიანი ჯარი რუსთაველზე და ჩვენი ქალაქების ქუჩებში დგას. დგას და წინააღმდეგობას უწევს უსამართლობას, ძალადობას, დამონებას, დაპყრობას. დღესაც ასეა და თქვენ, აქ მდგომი ზამთრის სიცივეში, წყლის ჭავლის ქვეშ უსახო და უსულო მოძალადეების პირისპირ, შიშველი ხელებით კვლავ იგივე შემართებით უარს ეუბნებით უცხო ქვეყნის რეჟიმის გაბატონებას. თქვენთან ერთად დგას საქართველო, დგანან ჩვენი ისტორიის ყველა დროის გმირები, დგანან 31 მარტის მოთავეები - ზვიადი და მერაბი და გვესმის მათი ძახილი. გვესმის მათი სიტყვები - „მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება, მაგრამ იცოდეთ თუ მაშინაც დამოუკიდებელ ქვეყანაში თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“. გაგვაფრთხილეს და თქვენ განაგრძობთ ამ ბრძოლას, რომელიც არასდროს შეგვიწყვეტია ხან დამოუკიდებლობისთვის, ხან თავისუფლებისთვის და ყოველთვის სამართლიანობისთვის. უკვე 124 დღეა აქ დგახართ და ითხოვთ იმის დაბრუნებას, რაც ხალხის ნებით, კანონით და კონსტიტუციით გვეკუთვნის - ჩვენი ურყევი არჩევანი: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ევროპული მომავალი!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, წლების წინაც, ალბათ, იყვნენ ურწმუნოები, რომლებიც ამბობდნენ, რომ რუსეთი არასოდეს დათმობს, რეჟიმი არასოდეს დათმობს, მაგრამ დაათმობინეს.
„ზუსტად 34 წლის წინ, საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე, დამოუკიდებელ, ქართულ სახელმწიფოს. 1991 წლის 31 მარტს, ქართველი ამომრჩევლის 90%-ზე მეტმა დაიბრუნა საკუთარი ქვეყანა. ხმა მისცა დამოუკიდებლობას, ხმა მისცა რუსეთის ოკუპაციის სამუდამოდ დასრულებას. დამოუკიდებლობის ხელახალი მოპოვება 70-წლიანი საბჭოთა და რუსული მონობის შემდეგ არც ადვილი იყო და არც ადვილად სარწმუნო საზოგადოებისთვის, მაშინაც უნდობლობა, უიმედობა, ორპირობა, კონფორმიზმი და საკუთარი ინტერესები აბრკოლებდა გათავისუფლების გზას და ბუნდოვანს ხდიდა გამარჯვების შანსს, მაგრამ მაშინაც იყვნენ საქართველოს მომავალსა და თავისუფლების გარდაუვალობაში დარწმუნებული მებრძოლები. მათ შეძლეს ის, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა. ეს შეძლეს მშვიდობიანად, რთული ნაბიჯი გადადგეს, გამბედაობით და რწმენით. ვინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ასეთი უმრავლესობით, ასეთი ერთობით გაიმარჯვებდა, რომ საქართველო ამით საკუთარ ნებას გამოხატავდა. ალბათ, მაშინაც იყვნენ ურწმუნოები, ვინც ამბობდა, რომ რუსეთი არასოდეს დათმობს, რეჟიმი არასოდეს დათმობს და მაინც დაათმობინეს. ეს გამარჯვება მარტივი არ ყოფილა, ეს გამარჯვება იყო 1921 წლის ბრძოლების, 1923-1924 წლის აჯანყებების, 1978 წლის 14 აპრილის, ქართული ენის დასაცავად გამართული გამოსვლებისა და 1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლის შედეგი. სწორედ ბრძოლაში გამძლეობამ, ურყევმა რწმენამ და მეთაურობის გამბედაობამ მოიტანა რეფერენდუმი, 9 აპრილის დამოუკიდებლობის გამოცხადება და შემდგომ 26 მაისი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ უსამართლობასთან ბრძოლასა და გამძლეობაში იბადება ახალი საქართველო,
მისი შეფასებით, ბრძოლა ემსახურება ქვეყნის გადარჩენას.
„ამ მძიმე დროს, ამ უსამართლობასთან ბრძოლასა და გამძლეობაში იბადება ახალი საქართველო, ძალიან ქართული და ძალიან ევროპული დღეს, ისევე, როგორც 1918 და 1991 წლებში. ეს არის მყარი საძირკველი, რომ დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოს დავიბრუნებთ, რუსეთისა და მისი მესვეურების კლანჭებიდან გამოვგლეჯთ და საკუთარ გზაზე დავაბრუნებთ, ბრძოლა გრძელდება!
ეს ბრძოლა მართალია, რადგან მხოლოდ საკუთარ თავს ვეყრდნობით, საკუთარი თავის იმედი გვაქვს. ეს ბრძოლა საქართველოსთვისაა, საზოგადოების ყველა სეგმენტისაა, ყველა რეგიონის და ყველა სოციალური წრის. ეს არ არის ბრძოლა კერძოდ, ვინმეს გამარჯვებისთვის, არ ემსახურება ვინმეს ხელისუფლებაში დაბრუნებას ან ვინმეს ხელისუფლებაში მოსვლას, ის ემსახურება ქვეყნის გადარჩენას და ამაში ვართ ერთად!
თქვენ, ვინც ასე ამაყად და ურყევად დგახართ, არ ყიდით, არ თმობთ და არაფერში ცვლით სამშობლოს, თქვენ გიპირისპირდებათ ერთი კაცის და უცხო ძალების მსახურებაში მყოფი პატარა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ფულის დაცვას ემსახურება. ბევრი მათგანი არ აღიარებს, რომ არამხოლოდ რუსეთის საქმეს აკეთებს, არამედ ვერც ბედავს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას და იმალება ყოვლისმომცველი რუსული პროპაგანდის ლოზუნგის უკან „აბა ომი ხომ არ გინდათ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.