სალომე ზურაბიშვილი - ბრძოლამ უკვე მოიტანა შედეგი - მიუხედავად სხვა ბევრი მსოფლიო გამოწვევისა, საქართველოს სამართლიანობისთვის ბრძოლა მაინც რჩება დღის წესრიგში

თქვენი დამსახურებაა ისიც, რომ, მიუხედავად სხვა ბევრი მსოფლიო გამოწვევისა, საქართველოს სამართლიანობისთვის ბრძოლა მაინც რჩება დღის წესრიგში, - ასე მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის შეხვედრებზე სწორედ იმ ხალხს წარმოადგენს, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, საპროტესტო რეჟიმშია ჩართული.

“ამ ბრძოლამ უკვე მოიტანა შედეგი - ჯერ კიდევ რუსული კანონის წინააღმდეგ დაწყებულმა მასობრივმა პროტესტმა საერთაშორისო ყურადღება და მხარდაჭერა მოიპოვა, რის შედეგადაც დაიმსახურეთ თქვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება - ეს გააკეთეთ თქვენ და მხოლოდ თქვენ და ეს პატარა მიღწევა არაა.

უწყვეტმა პროტესტმა მთელ მსოფლიოს გააგონა ჩვენი ხმა და აჩვენა საზოგადოების მობილიზება ახალი არჩევნებისა და ევროპული მომავლისთვის. დემოკრატიული სამყარო ქართველ ხალხს ჩვენს ბრძოლასა და სამართლიან მოთხოვნებს მხარს უჭერს - ესეც თქვენი გამარჯვებაა.

არჩევნებიდან ხუთი თვე გავიდა და არცერთი დემოკრატიული ქვეყანა არ აღიარებს გაყალბებულ არჩევნებსა და ხელისუფლების ლეგიტიმურობას. იზოლაციაშია მმართველი პარტია - აქაც გამარჯვებული ხართ თქვენ, ისინი კი სადღაც-სადღაც ხელის ჩამორთმევას ცდილობენ.

როცა ჩვენი პარტნიორები მაღალი დონის შეხვედრებზე ან პარლამენტთა წინაშე მიწვევით მე (და არა მმართველ პარტიას) მიწვევენ, ეს თქვენი მხარდაჭერის ნიშანია, თქვენი ბრძოლის აღიარება. მე იქ მხოლოდ წარმოგადგენთ თქვენ, წარმოვადგენ საქართველოს.

ბოლო ვიზიტის დროს ჩვენმა ბალტიისპირელმა მეგობრებმა თქვენთან დამაბარეს ეს სიტყვები - ხალხს გადაეცი ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერაო. ასეთივე პირდაპირი და პირველად ჩვენს ახლო ისტორიაში იყო, როცა ქართველ ხალხს პირდაპირ მიმართა პრეზიდენტმა მაკრონმა. ყველა ჩვენი პარტნიორის განცხადება საქართველოს შესახებ თქვენს მოთხოვნებს ეხმაურება - ახალი არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება.

თქვენი დამსახურებაა ისიც, რომ, მიუხედავად სხვა ბევრი მსოფლიო გამოწვევისა, საქართველოს სამართლიანობისთვის ბრძოლა მაინც რჩება დღის წესრიგში”, - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა