კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არც ლიდერია და არც შესაბამისი თვისებები აქვს, ამიტომ ის ვერ იქნება რადიკალური ჯგუფების გამაერთიანებელი

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციისთვის საინტერესო იყო მაშინ, როცა პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდა - რადიკალური ჯგუფების წახალისება ხდება კონკრეტული ელჩებისა და საელჩოების მხრიდან, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ 31 მარტის აქციაზე გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ლიდერი არ არის და არც შესაბამისი თვისებები გააჩნია, ამიტომ ის ვერ იქნება „რადიკალური ჯგუფების გამაერთიანებელი“.

„ზურაბიშვილი როგორც ჩვენთვის არ არის საინტერესო, ისე არ არის საინტერესო რადიკალური დაჯგუფების წევრებისთვის. ის საინტერესო იყო მაშინ, როცა პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდა. ის, რა თქმა უნდა, არც ლიდერია და არც შესაბამისი თვისებები აქვს, ამიტომ ის ვერ იქნება რადიკალური ჯგუფების გამაერთიანებელი“, - განაცხადა კალაძემ.

ასევე, კალაძე ოპოზიციის გეგმებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, „ოპოზიცია, რომელიც გარედან მართული აგენტურაა და რომელთა შექმნაში ასობით მილიონია დახარჯული, პოლიტიკურ ველზე ყოველთვის დამარცხებული იქნება“.

„ოპოზიცია ფაქტობრივად არ არსებობს, არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ყველაფერს აკეთებს ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის მოღალატეობრივი ჯგუფი, რომელიც ქვეყნის ინტერესს კი არ ატარებს, არამედ გარედან იღებს მითითებებს. მათ არ აინტერესებთ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამ ადამიანებისა და აგენტურის შექმნაში კი ასობით მილიონია დახარჯული. გაუგებრობები, რომელიც მათთან არსებობს, გამოწვეულია აშშ-ში ახალი პრეზიდენტისა და ახალი ადმინისტრაციის არჩევით. დიდი იმედი მაქვს, რომ „დიფ-სთეითი“ დამარცხებული იქნება და ყველა მოღალატეს შესაბამისი პასუხი გაეცემა.

რა ახალ ფაზაზე უნდა გადავიდეს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც გაუბედურებული და გაფარჩაკებულია, არ ვიცი. მათი გადასაწყვეტია რას, რა ფორმით და როგორ იზამენ, მაგრამ მას, ვინც ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვის, არანაირი მომავალი არ აქვს და ის პოლიტიკურ ველზე ყოველთვის დამარცხებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ გუშინდელ აქციაზე, პარლამენტის შენობის მიმართულებით, პიროტექნიკა ისროლეს, კახა კალაძის შეფასებით, მსგავსი ქმედება უცხოური საელჩოების მხრიდან არის წახალისებული.

„გუშინ კვლავ პიროტექნიკას უმიზნებდნენ საკანონმდებლო ორგანოს, მაგრამ ამის არანაირი დაგმობა არ მოხდება. ამ რადიკალური ჯგუფების წახალისება ხდება კონკრეტული ელჩებისა და საელჩოების მხრიდან და ის, რასაც ვხედავდით ბოლო თვეებისა და დღეების განმავლობაში, ეს ყველაფერი ამ ადამიანების წახალისებული და დაფინანსებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი