რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება, მინისტრის თანამდებობას გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებს

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებს.

მისივე თქმით, ახალი სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტიანობისა და ხარჯეფექტიანობის უზრუნველყოფა იქნება.

„ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტები, რომელთა ჯამმა, თბილისის გარეშე, 4 მილიარდს გადააჭარბა. ეს, ერთი მხრივ, ზრდის ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობას, განახორციელონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, ხოლო, მეორე მხრივ, ზრდის გამოწვევებსაც, რომლებიც შესაბამისი ამოცანების შესრულებასთან არის დაკავშირებული. ამდენად, რეგიონული განვითარების ეფექტიან დაგეგმვასა და მონიტორინგს ქვეყნის თანაბარი სოციალ-ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ახალი სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტიანობისა უზრუნველყოფა იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ უკვე შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტში წარადგინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლილი კონსულტაციების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი 15-18 აპრილის სასესიო კვირაში მიიღებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი. როგორც მოგეხსენებათ, ოქტომბერში ისედაც ტოვებს თანამდებობას, ეწურება უფლებამოსილების ვადა. კანონის თანახმად, მას აღარ ჰქონდა თანამდებობის ხელახლა დაკავების უფლება. ბატონმა გრიგოლ ლილუაშვილმა დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა და კანონის მიღებისთანავე, ის დაიკავებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. მოგეხსენებათ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს პარლამენტში წლების მანძილზე იკავებდა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. ზოგადად, მას აქვს რეგიონებთან მუშაობის გამორჩეული გამოცდილება. შესაბამისად, მისი მინისტრობა უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ეფექტიან საქმიანობას რეგიონული განვითარების ამოცანების შესრულებისას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა გრიგოლ ლილუაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობისთვის.

„ურთულესი გამოწვევების ფონზე, მან უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა გასული 6 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შემდგომ განმტკიცებაში. დავაზუსტებ, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას ირაკლი ქარსელაძე განაგრძობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა