ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025

სანდრო თვალჭრელიძე - “კომისიის შექმნა, სულ ცოტა, 10 წლით დააგვიანა “ოცნებამ”, დღეს კი მისი მუშაობა ფარსი და სანახაობაა”

ვინ იფრენს სოხუმში - აეროპორტის ამუშავების ზუსტი თარიღი და რეისების სავარაუდო შემსრულებელი ავიაკომპანია

ვიქტორ ყიფიანი - “ლეგიტიმაციის დეფიციტი აქვს ოპოზიციასაც”

“გხედავთ, ვლადიმირ პუტინ!” - აშშ რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და ახალ სანქციებს ამზადებს

ოსური ოპოზიცია ითხოვს ქართველი გენერლებისა და „სამხედრო დამნაშავეების“ ცხინვალისთვის გადაცემას - ზურაბ ბენდიანიშვილი

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “კომისიის შექმნა, სულ ცოტა, 10 წლით დააგვიანა “ოცნებამ”, დღეს კი მისი მუშაობა ფარსი და სანახაობაა”

“ზოგადად უსაფრთხოების სამსახურებისგან შორს ვარ და ლილუაშვილის მუშაობის შეფასება გამიჭირდება, მაგრამ კითხვები, თუ ზოგადად როგორ მუშაობენ ეს სამსახურები, მეც მაქვს - ბოლოს და ბოლოს, ამდენი წლის განმავლობაში უცხო ქვეყნის აგენტის დაკავების თაობაზე ერთი ინფორმაციაც კი არ გავრცელებულა, დავიჯერო, ასეთი სუფთაა ჩვენი ქვეყანა უცხოური ინტერესებისგან? ერთ-ერთ ვერსიად ყური მოვკარი, ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაპარვის გამო გაუშვეს ლილუაშვილიო, არადა, ეგ რა შუაში იყო, მე და თქვენ ვართ ვალდებული ქვეყნის საზღვრები დავიცვათ? ხუმრობა იქით იყოს და, აშკარაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დიდად დაცული არ ჩანს, მაგრამ ვეჭვობ, ამის გამო წასულიყო სუს-ის აწ უკვე ყოფილი უფროსი. რა მოხდა ლილუაშვილის შემთხვევაში, ზუსტად არ ვიცი და დიდად არც მაინტერესებს. ჩემი აზრით, ფაქტი ის არის, რომ არჩევნების წინ მიდის განახლება, მათ შორის ისეთ სტრუქტურაში, რომელიც საარჩევნოდ ძალიან სჭირდებათ. მომეწონა ვიქტორ ყიფიანის შეფასება - ყველა იმ პირს, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონდა თავისუფლების პატარა ხარისხი, ანაცვლებენო...”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურითსალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია ერთიანობაზე საუბრობს, მაგრამ...”

“ლილუაშვილი მაინც პიროვნებაა, რომელიც თავის საქმიანობაში, როგორც ჩანს, პატარა თავისუფლების ხარისხით სარგებლობდა, ახლა კი ჩაანაცვლეს ადამიანით, რომელსაც თავისუფლების ნატამალიც კი არ გააჩნია. ეს ყიფიანის მოსაზრებაა, რომელიც ძალიან მენიშნა. ბათუმი თბილისის შემდეგ მეორე ოპოზიციური ქალაქია. როგორც ჩანს, მიიჩნიეს, რომ ამის აღმოსაფხვრელად უფრო ხისტი მმართველობაა საჭირო, რასაც რიჟვაძემ კარგად ვერ გაართვა თავი, მხოლოდ “ქართული ოცნების” ერთგულება არ აღმოჩნდა საკმარისი. ახლა კი იმ ადამიანის იმედი აქვთ, ვინც სიხისტით გამოირჩევა და დასანქცირება ასე დაუფასეს. ესეც საარჩევნოდ მიღებული გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, იმ საკადრო ცვლილებებს, რაც ახლახანს მოხდა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში, ღრმა ანალიზი სულაც არ სჭირდება. ხელისუფლება ემზადება ორივე არჩევნებისთვის. ეცდებიან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დანიშნონ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამისთვისაც ემზადებიან, მით უფრო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შემდეგ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“მიხვდნენ, რომ ის, რასაც ელოდნენ ტრამპის ადმინისტრაციისგან, არ მართლდება. თუ “მეგობარი აქტიც” მიიღეს და მასაც მოაწერა ტრამპმა ხელი, მაშინ ხომ სულ წასული იქნება ამათი საქმე. ჯერჯერობით ტრამპს საქართველოსთვის სრულფასოვნად არ სცალია, ის მთლიანად უკრაინაზეა გადართული. ჩემი აზრით, ტრამპის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ საქართველოში. ტრამპი, როგორც საქართველოს ხელისუფლების ბოლო იმედი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, როგორც ამ ეტაპზე გამოიკვეთა, ხელიდან ეცლებათ. ამიტომაც “ქართული ოცნება” ემზადება ორივე არჩევნებისთვის, თუმცა საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება მხოლოდ და მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტით, ნებაყოფლობით ამას არ გააკეთებენ. ისე, მე ვიმედოვნებდი, რომ ტრამპი ჩვენთვის ამ გაზაფხულზევე მოიცლიდა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს გადაიწევს. მას სხვა ბევრი რამ აქვს დასალაგებელი ჯერ, ჩვენამდე რომ მოვიდეს. რაც შეეხება ხელისუფლებას, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შემდეგ ველი შეფასებებს, რომ დიფ სთეითმა ტრამპიც დაამარცხა... პირადად მე, გლობალური ომის პარტიასა და დიფ სთეითზე ლაპარაკი დიდი სიბრიყვე მგონია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“კალაძემ კი თქვა, ჩვენ დავიწყეთ პირველებმა დიფ სთეითზე ლაპარაკი და ტრამპისგან მადლობას ველოდითო, მაგრამ ცდება კალაძე, ეს ჩვენი იდეოლოგების მოგონილი არ არის, ეს ბენიამინ ნეთანიაჰუს ტერმინია. აშშ-ში ინსტიტუციები ისეთ ძლიერია, ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც არ უნდა იყოს, მათი გავლენა უნდა გაითვალისწინოს. შეიძლება მიამიტი ვარ, მაგრამ საერთოდ არ მესმის, რას გულისხმობენ ამ გლობალურ ომის პარტიასა და დიფ სთეითში. ამ ყველაფერზე ლაპარაკი დაიწყეს მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდასხმის მერე საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას მხარი არ დაუჭირა. იმედი ჰქონდათ, რომ აშშ-ში ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ ტრამპი უკრაინას გადააგდებდა, მაგრამ ესეც არ გამართლდა. პირიქით, მარკო რუბიოს ერთ-ერთი ბოლო განცხადება ნახეთ, ალბათ, რომ აშშ-ის პოლიტიკა მიმართულია ცეცხლის შეწყვეტისკენ, პუტინისგან კი ვერ ვხედავთ ამ სურვილს და ძალიან მალე მოუწევს უპასუხოს კითხვას, მზად არის თუ არა ცეცხლის შესაწყვეტადო... პუტინს ძალიან მალე დააყენებენ გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობის წინაშე და ამაზე იქნება დამოკიდებული აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებითაც. ყველაფერი შეიძლება ძირფესვიანად, ერთი კალმის მოსმით შეიცვალოს, თუ რუსეთში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყება”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“მართლმსაჯულება აღარ არსებობს ქვეყანაში, კატასტროფაა, რაც ქვეყანაში ხდება! რამდენი წელიწადია ვამბობ, რომ ამას მხოლოდ ის გამოასწორებს, თუ სისხლის სამართლის საქმეებში სრულად ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი დაინერგება. თუ ასე გაგრძელდა, როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება, ზუსტად ეს უვადოდ დანიშნული მოსამართლეები უკვე იმათ გაასამართლებენ, ვის დავალებებსაც ახლა ასრულებენ, როგორც მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში მოხდა. ეს არის ორმხრივად ბასრი მახვილი, რომელიც შეიძლება იმას შეუბრუნდეს, ვინც დღეს მართავს. ასეთი თამაში სასამართლო სისტემასთან ძალიან სახიფათოა. ამ სისტემაში არიან პატიოსანი მოსამართლეებიც, მეც ვიცნობ რამდენიმეს, მაგრამ ისინი, სამწუხაროდ, ძალიან ცოტანი არიან და ამინდს ვერ ქმნიან. მათ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს არ ანდობენ. ველი, რომ სანქციები გაგრძელდება, დასანქცირდებიან პოლიტიკური თანამდებობის პირებიც - ეს შეუქცევადი პროცესია, რომელიც ვიდრე სისტემა არ ჩამოიშლება, სულ უფრო და უფრო ხისტი გახდება”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.

“საგამოძიებო კომისიის შექმნა, სულ ცოტა, 10 წლით დააგვიანა “ქართულმა ოცნებამ”, დღეს კი მისი მუშაობა ფარსი და სანახაობაა სხვა მნიშვნელოვანი თემების გადასაფარად. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, თუ გინდა ამგვარმა კომისიამ იმუშაოს ობიექტურად და იყოს სანდო, ის უნდა დაკომპლექტდეს მიუკერძოებელი პირებით. აბა, რომელია თავმჯდომარით დაწყებული, იქ მიუკერძოებელი? თანაც დღეს ასამართლებენ ადამიანებს, რომლებიც ძირფესვიანად შეცვლილები არიან. ის “ნაციონალური მოძრობა”, რომელიც დღეს არსებობს, სრულიად განსხვავდება მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობისგან”, ძალიან დასუსტებულია... მოკლედ, ეს კომისია წმინდა პიარაქციაა. თუ აკრძალეს “ნაციონალური მოძრაობა”, იქნებ წაადგეს კიდეც ქართულ პოლიტიკას და, ბოლოს და ბოლოს, ოპოზიციაში გამოჩნდნენ ახალი სახეები”, დასძენს თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “დასასრულ მინდა ვისაუბროთ “ერთიანობის პლატფორმაზე”, რომელიც სალომე ზურაბიშვილის გარშემო შეიქმნა...” - პასუხობს:

“მახსენდება ჩემი ერთი მეგობრის სულ სხვა თემაზე ნათქვამი ფრაზა და ახლა გავიმეორებ: “ამბიციები დიდია, შესაძლებლობები პატარა”. ასეთი ერთიანობა უნდა ყალიბდებოდეს ერთიანი ტაქტიკისა და სტრატეგიის გარშემო, არც ერთი ჩანს და არც მეორე ამ პლატფორმის შემთხვევაში. დიდი ხანია ქალბატონი სალომე ერთიანობაზე ლაპარაკობს, მაგრამ ეს ცარიელი ლოზუნგია. “ნაციონალური მოძრაობა” და მისი განშტოება, სავარაუდოდ, იმიტომ არ შეუერთდნენ, რომ ისინი დაკარგავენ ლიდერობას, რაც არ სურთ. ამ ერთიანობის ლიდერად ქალბატონ სალომეს წარმოუდგენია თავი და არა გვარამია, მელია ან თინა ბოკუჩავა. მიმაჩნია, რომ ერთიან ფრონტს სჭირდება ერთიანი მმართველი ძალა და ერთიანი კარგად შემუშავებული ტაქტიკა და სტრატეგია. ჩემი აზრით, ამ პლატფორმას დიდი მომავალი არა აქვს, ოპოზიციაში სტრატეგიულ აზროვნებასა და პროფესიულ მიდგომებს ვერ ვხედავ, ჩვენი პოლიტიკოსები დილეტანტები არიან”.

ვინ იფრენს სოხუმში - აეროპორტის ამუშავების ზუსტი თარიღი და რეისების სავარაუდო შემსრულებელი ავიაკომპანია

“კრემლმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსეთიდან სოხუმის აეროპორტში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1 მაისიდან დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია რომელი ავიაკომპანიის თვითმფრინავები იფრენენ და არც გამოქვეყნებულა ფრენების ოფიციალური განრიგი, მათ შორის დუმს რუსული ავიაკომპანია UVT Aero-ც, რომლის თვითმფინავმაც 7 თებერვალს მოსკოვიდან სოხუმის მიმართულებით პირველი სატესტო ფრენა განახორციელა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ჯერ კიდევ მარტში მიმართა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) და მოითხოვა, რომ აიკრძალოს რუსული ავიაკომპანიების ფრენა სოხუმის აეროპორტში. რუსული მედია კი იმ პოტენციურ კანდიდატ ავიაკომპანიებს ასახელებს, რომლებმაც შესაძლოა ეს მარშრუტი მაინც შეასრულოს - “აზიმუტი” და “რედ ვინგი”. თუმცა, ეს რუსული კომპანიები თბილისისა და ქუთაისის მიმართულებითაც ასრულებენ რეგულარულ რეისებს. შესაბამისად, სოხუმში ფრენების პარალელურად ამას უკვე ვეღარ შეძლებენ და სანქციების რისკის ქვეშაც დადგებიან. ამიტომაც რუსული მედიის შეფასებით, მათ “არჩევანის გაკეთება მოუწევთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინ იფრენს სოხუმში - აეროპორტის ამუშავების ზუსტი თარიღი და რეისების სავარაუდო შემსრულებელი ავიაკომპანია.

“აფხაზური მედია წერს, რომ მათ კითხვებით მიმართეს პრაქტიკულად ყველა მოქმედ რუსულ ავიაკომპანიას - აპირებდნენ თუ არა რეგულარული რეისების დანიშვნას სოხუმში და რა განრიგით, თუმცა არავითარი პასუხი არც ერთისგან არ მიუღიათ. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ 2019 წელს მიიღო დადგენილება სოხუმის აეროპორტისთვის “ერთობლივი აეროდრომის” სტატუსისა და ასო-კოდის მინიჭების შესახებ. კოდი მიენიჭა რუსეთის საავიაციო ინფორმაციის კრებულში (AIP) შესატანად. საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტოს საპასუხო განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება. 2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია მის შესახებ. 2023 წელს აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ შპს ”ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან”, რომლის ერთადერთი მფლობელია რუსეთის ყოფილი შს მინისტრის, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ-ერთი ვაჟი, ასევე რაშიდ ნურგალიევი”. წელს, 1-ლ აპრილს სოხუმში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკომ, რომელიც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებას კურირებს, განაცხადა, რომ “1-ლი მაისიდან რუსეთიდან სოხუმის აეროპორტის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მაშინვე გაჩნდა კითხვები, თუ რომელ ავიაკომპანიებს შეუძლიათ განახორციელონ რეგულარული ფრენები რუსეთის ფედერაციიდან ოკუპირებულ აფხაზეთში, რაზეც ჯერჯერობით ზუსტი პასუხი უცნობია. მარშრუტის განმახორციელებელ ავიაკომპანიების პოტენციურ კანდიდატებს შორის რუსული ტურისტული პორტალი "ტურდომი" ასახელებს რუსულ “რედ ვინგსს” და “აზიმუტს”, რომლებიც საქართველოში ასრულებენ რეგულარულ რეისებს. საქართველოს საავიაციო ხელმძღვანელობა, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში, სანქციებით ემუქრება იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც აფხაზეთში შეასრულებენ ფრენებს. ცხადია, ავიაკომპანიებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება აფხაზურ და ქართულ მარშრუტებს შორის, ამავდროულად ქართული მარშრუტი მეტ ეკონომიკურ პერსპექტივას იძლევა არა მხოლოდ საქართველოში მიმავალ მგზავრების მეშვეობით, არამედ მათზეც, ვინც თბილისის გავლით გადასხდომით მიფრინავს იმ ქვეყნებში, რომლებთანაც რუსეთს ამჟამად არ აქვს პირდაპირი საჰაერო კავშირები, მაგალითად, ევროპაში”, - წერს “ტურდომი”. რაც შეეხება ტუროპერატორებს, ოკუპირებულ აფხაზეთში ძირითადად რუსული “ბიბლიო გლობუსი” ფუნქციონირებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, სოხუმში განხორციელებული ფრენები ოფიციალურად გაფორმებული იქნება, როგორც რუსეთის შიდა რეისები. კვირაში საშუალოდ შეიძლება 1 ან 2 სამოქალაქო რეისი შესრულდეს, ძირითადად კი სხვადასხვა ტვირთების გადაზიდვა იქნება, რადგანაც რუსებს სოხუმის აეროპორტი პირველ რიგში უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის სჭირდებათ. თავად აფხაზებს კი აქედან რეალურად არანაირი სარგებელი არ ექნებათ. “აფხაზებს შეუძლიათ გადავიდნენ ადლერში და გაფრინდნენ ნებისმიერი მიმართულებით. ეს რუსებს უფრო ეკონომიკური კონტექსტიდან გამომდინარე სჭირდებათ, სანქციების გვერდის ავლის კონტექსტში. ვნახავთ, რომ შეიძლება სამგზავრო ფრენები კვირაში 1-2 იყოს, მაგრამ ფრენების 90% ტვირთების გადაზიდვა იქნება - ძირითადად აკრძალული ტვირთების გატანა რუსეთში”, - ამბობს ზაქარეიშვილი, რომლის ვარაუდით, ალბათ თურქეთიდან წამოსული ტვირთები იქნება”, - დასძენს გამოცემა.

“ძირითადი ნაწილი წავა ისევ ავტომობილებით, მაგრამ სასწრაფო და მალფუჭებადი პროდუქტები, ან შორს წასაღები ტვირთები, რომელიც, მაგალითად, ციმბირში უნდა წავიდეს, ალბათ თვითმფრინავებით წავა. ამიტომაც მათ სჭირდებათ, ეს აეროპორტი გამართული იყოს, რათა ეკონომიკური სანქციების გვერდის ავლითი პროცედურები განახორციელონ. თუმცა, ზაფხულში იქნება სამგზავრო ფრენებიც, რათა რუსი ტურისტები აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩავიდნენ. აფხაზები კმაყოფილი არიან. არის საკითხები, რასაც ისინი აპროტესტებენ ხოლმე - მაგალითად, ბიჭვინთის მითვისება, აპარტ-ოტელების საკითხი, თუ რუსული ინვესტიციები. არის საკითხები, რომელიც მათთვის პრინციპულად მიუღებელია, მაგრამ ამ საკითხისადმი დადებითი დამოკიდებულება აქვთ, რადგან მიიჩნევენ, რომ გაუადვილდებათ ფრენები რუსეთში. ეს არა საერთაშორისო, არამედ შიდა ფრენები იქნება. ჩვენგან გასაჩივრება კარგია, რათა “იკაომ” არ დაუშვას. უნდა გაესაჩივრებინათ და ყოჩაღ, რადგან, მაგრამ ალბათ საერთაშორისო ფრენები არ იქნება, იქნება მხოლოდ რუსეთში შიდა ფრენები. არ გამოვრიცხავ იყოს ფრენები, მაგალითად, ბელარუსში, მაგრამ თუ თავად ბელარუსი ასეთ თავხედობაზე წავიდა, საქართველოს ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვს და ალბათ უნდა შეწყვიტოს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“თუმცა, როცა ლუკაშენკო ჩასული იყო აფხაზეთში, “ოცნებამ” ეს გაატარა. თუ სოხუმიდან ვენესუელაში და ნიკარაგიუაში იქნება ფრენები, ეს სასაცილოც კი იქნება, მაგრამ “იკაო” მაშინ ჩაერევა. თუმცა, არ მგონია, რომ მსგავსი ფრენები იყოს, ეჭვი მეპარება. ის კომპანიები, რომლებიც ჩვენთან დაფრინავენ, იტყვიან - ხომ დავფრინავ თბილისში, ახლა ვიფრენ სოხუმში და შესაძლოა ასეც გიპასუხონ - რა, სოხუმი არაა ქართული ქალაქი?. “ქართული ოცნება” კი ალბათ ამასაც გაატარებს. ამიტომ არ გამოვრიცხავ ერთი და იგივე კომპანიამ იფრინოს როგორც თბილისსა და ბათუმში, ისე სოხუმში. აფხაზეთის ტერიტორიაზე, გუდაუთასთან ბომბორაში სამხედრო აეროპორტია და არაა გამორიცხული, რომ ეს აეროპორტიც გახდეს რაღაც სამხედრო კომპონენტიც კი. რუსეთი ვეღარ ფლობს სიტუაციას ისე, როგორც ადრე შავ ზღვაზე იყო და არაა გამორიცხული, რომ ეს აეროპორტიც გამოიყენოს ისევე, როგორც გამოიყენა ოჩამჩირის პორტი”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი.

ვიქტორ ყიფიანი - “ლეგიტიმაციის დეფიციტი აქვს ოპოზიციასაც... სალომე ზურაბიშვილს ნუ ავკიდებთ იმაზე დიდ ტვირთს, ვიდრე ტარება შეუძლია”

“ბოლოდროინდელი სახელისუფლებო ცვლილებები ძალიან მძიმე მოლოდინს ქმნის. ყველა ხილული თუ უხილავი ნიშანი მიანიშნებს, რომ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის განულება ხდება, შეუძლებელია დიალოგი, პარტიებს შორის კონკურენცია, ინსტიტუციების მეშვეობით პოლიტიკის კეთება, სამართლებრივი საშუალებების გამოყენება როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციის მიერ. დღეს უკვე ყველაფერი უსიტყვო, ბრმა მორჩილებამდე დადის. პროცესი ისე ვითარდება, რომ მართვის სისტემა თანდათან დეინტელექტუალიზაციისკენ მიდის, ანუ ინტელექტის, ან ავტონომიურობის, ან პატივმოყვარეობის ნარჩენებისგან თავისუფლდება და გადადის თავისუფალ ცურვაში”, - აცხადებს “ჯეოქეისის” თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ლეგიტიმაციის დეფიციტი აქვს ოპოზიციასაც”.

“არა მგონია, რომ რიჟვაძის გადადგომა კობახიძისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა უნდა ითქვას, რომ სულხან თამაზაშვილი რიჟვაძის ტოლფასი ფიგურა ვერ არის და დიდი სანდოობით არ გამოირჩევა. ის ყოფილი პოლიციელია, რეგიონის მართვას კი სულ სხვა ნიშან-თვისებების მქონე ხელმძღვანელი სჭირდება. მართვის დიდი უნარებით არც რიჟვაძე გამოირჩეოდა, მაგრამ ინტელექტუალური თამასის დაწევა აშკარაა... რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ის სპეციფიკური ინსტიტუტია და თუ სადმე უნდა იყოს მაღალი ხარისხის კონსოლიდაცია, სწორედ სუს-ში. არის მოსაზრებები, რომ ხელმძღვანელის შეცვლის შემდეგ შეიძლება სუბორდინაცია მოიშალოს, რაც შეიძლება ინფორმაციის გამოტანასა და გავრცელებაში გამოვლინდეს, მაგრამ ამ საკითხზე მაინც დაშვების დონეზე ვსაუბრობ, რადგან ილუზორული წარმოდგენების შექმნა არ მინდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვიქტორ ყიფიანი.

“წინააღმდეგობის მოძრაობას ბევრი დამსახურება აქვს, მაგრამ შედეგი მაინც ვერ დადო. ამის მიზეზი დიდწილად დაბალი სანდოობის ოპოზიციური სპექტრია. ერთადერთი, რამაც შეიძლება საპროტესტო მუხტი გააძლიეროს და შედეგიც მივიღოთ, შეიძლება იყოს ციხის შიგნით თვალსაჩინო ბზარების გაჩენა. წინააღმდეგობის მოძრაობას უკვე აქვს ემოციური და ფსიქოლოგიური შედეგი, მაგრამ ახლა საჭიროა მატერიალური შედეგი, ანუ ხელისუფლების იძულება, რომ დათმობაზე წამოიყვანო. საზოგადოების ნდობას ვერ იმსახურებენ ოპოზიციური პარტიების ცალკეული ფუნქციონერები. მეორე მხრივ, დაუსრულებელი იწილო-ბიწილო ოპოზიციურ პარტიებს შორის. ჩვენ ხშირად გვესმის სიტყვა “ლეგიტიმაცია”, რომელსაც ძირითადად ხელისუფლების შესახებ ვიყენებთ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ლეგიტიმაციის დეფიციტი აქვს ოპოზიციასაც. ხელისუფლებას ელექტორალური ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, ოპოზიციას კი - საზოგადოების ნდობის”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს საზოგადოებრივი ძალისხმევა, მაინც იმ ეტაპამდე მივდივარით, როდესაც ნებისმიერი პროცესი უნდა გადავიდეს პოლიტიკურ, პარტიულ მდგენელში. სამწუხაროდ, ოპოზიციური სპექტრი ისეთ მდგენელს, ისეთ ჭურჭელს ვერ გვთავაზობს, რომელშიც საზოგადოებრივი უკმაყოფილება ჩაისხმება და ასახვას პოვებს სასურველ შედეგში. ”ნაცმოძრაობა” ტოქსიკური დარჩა ოპოზიციაშიც. შიდაჰიბრიდული ომისთვის “ოცნება” კარგად იყენებს “ნაციონალების” ამ მანკიერებას. სულაც არ არის შემთხვევითი ტერმინი “კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა”. “ნაციონალების” ტოქსიკურობა აზიანებს არა მხოლოდ თავად ამ პოლიტიკურ ძალას, არამედ ყველა იმ სუბიექტს, ვინც მათ გვერდით მოიაზრებიან. მას შემდეგ, რაც “ნაცმოძრაობა” გადავიდა ოპოზიციაში, ყველაზე სწორი იქნებოდა პარტიის ფუნდამენტური რებრედინგი, მათ შორის, ლიდერისგან უპირობო დისტანცირება. ეს, ალბათ, შეუძლებელია, მაგრამ კიდევ უფრო რადიკალური და შეუძლებელი შეთავაზებაც მაქვს - თვითლიკვიდაცია. იმისათვის, რომ “ოცნებამ” “ნაცმოძრაობა” ვერ გამოიყენოს ოპოზიციის და საპროტესტო მუხტის დისკრედიტაციისთვის, “ნაციონალებმა” თავად უნდა მიიღონ ზომები”, - დაასკვნის “ჯეოქეისის” თავმჯდომარე.

“არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან, უნგრეთში, სერბეთში თუ სხვაგან, ოპოზიციას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც თანამედროვე ტიპის ხელისუფლების დამარცხებას უკავშირდება, ვინაიდან ასეთი ხელისუფლება არ არის დაკავშირებული კონკრეტულ შენობასთან, ინსტიტუციაში ხმათა უმრავლესობასთან. თანამედროვე სამყაროში ხელისუფლება იმდენად ამორფული გახდა, იმდენი ხილული თუ უხილავი საცეცი აქვს, რომ მისი წაქცევა ძალზე ძნელია ნებისმიერ ქვეყანაში. 2003 წელს რევოლუცია უკავშირდებოდა პარლამენტის სხდომათა დარბაზს და იმას, რაც იქ მოხდა. დღეს ხელისუფლების შენარჩუნება არც კონკრეტულ შენობაზეა დამოკიდებული და არც კონკრეტულ ინსტიტუციაზე. გაცილებით მრავალსაცეციანი და ამავე დროს გაცილებით უხილავია. აქ მოიაზრება მედიის კომპონენტიც, ბიზნესიც და დანაშაულებრივი სამყაროც კი. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ისეთი ცნებები, როგორიც არის დემოკრატია, სამართლის უზენაესობა და ადამიანების უფლებების დაცვა აღარ ატარებს ისეთ დატვირთვას, როგორსაც 90-იან წლებში, ან თუნდაც 2000-იანი წლების დამდეგს. დღეს ინტერესები იმდენად პრევალირებს ამ ფასეულობებზე, რომ ოპოზიციის ლიდერებმა აღარ იციან, რა ლოზუნგი აიტაცონ და რა ტიპის მესიჯბოქსი ჩამოაყალიბონ”, - მიიჩნევს ვიქტორ ყიფიანი.

“ხელისუფლებისგან “ნაცმოძრაობის” აკრძალვის ინიციატივა არის საკანონმდებლო ავტორიტარიზმის გზით პოლიტიკური პროცესის ჩაკვლის მცდელობა. როგორი გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ ინიციატივას? ამის პასუხად გამოდგება მამუკა მდინარაძის პრესკონფერენციაზე ნათქვამი ერთ-ერთი ფრაზა, ჩვენი ინიციატივა შეიძლება გახდეს შესაძლებლობა პატრიოტული და ჯანსაღი, ახალი ძალების აღმოსაცენებლადო. ეს ნიშნავს, რომ “ოცნებასთან” ერთად ოპოზიციური ნიშნის მქონე პარტიებიც იარსებებენ, რომლებიც ერთი ცენტრიდან იქნებიან მართული. მართალია, ეს მრავალპარტიულობის იმიტაციას შექმნის, მაგრამ ქვეყნის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს. გამოსავალია ახალი, განახლებული პოლიტიკური ძალის გაერთიანების სტრუქტურა, პლატფორმა, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, რომ მარტო საპროტესტო მუხტი კი არ გააძლიეროს, არამედ ქვეყნის განვითარების გზაზე იმედი და პერსპექტივა გააჩინოს. ჩვენ ხომ მარტო არსებულის დემონტაჟზე არ ვსაუბრობთ, ჩვენთვის გაცილებით რთული გამოწვევა იქნება, ამ დემონტაჟის ან თვითდემონტაჟის შემდეგ რა მოხდება შემდეგ თავში, რომელიც უფრო რთულია, რადგან ის სახელმწიფოს ფეხზე დადგომას უკავშირდება და იმ რესურსით, რასაც ახლა ვხედავთ, მოსახლეობის დიდ ნაწილს სკეპტიციზმის თავისი დოზა აქვს”, - ამბობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაში ჩვენს მონაწილეობას, შეუძლებელია საქვეყნო საქმის კეთების სურვილი არ გქონდეს, ამიტომ ჩვენს ანალიტიკურ ცენტრს ამის სურვილი და მზაობა აქვს, რესურსიც და შესაძლებლობაც. უბრალოდ, არ მინდა ისე გამოვიდეს, როდესაც არსებულ მოთამაშეებს ექსკლუზივად აქვთ პოლიტიკური ველი დაკავებული, ჩვენ ამ ჭიდილში დავხარჯოთ ძვირფასი დრო და რესურსი. როდესაც ვსაუბრობთ ქართული საზოგადოების დაკვეთაზე, ჩვენ ახლის მოლოდინი გვაქვს და არა განახლებულის ან შეზავებულის, გადაადგილებულის ან ჩანაცვლებულის. აქვე აუცილებლად მინდა ერთი შენიშვნის გაკეთება - სალომე ზურაბიშვილს ნუ ავკიდებთ იმაზე დიდ ტვირთს, ვიდრე ტარება შეუძლია. ქალბატონი სალომეს როლი ჯერ კიდევ არ არის გაფერმკრთალებული. წამმზომი უკვე ჩართულია, ორბელიანების სასახლის ეფექტი მან უკან მოიტოვა. ამ ეფექტში საგარეო ასპარეზზე ზურაბიშვილის მაღალ რენომესა და კაპიტალსაც ვგულისხმობ. სამწუხაროდ, ქვეყნის გარეთ არსებული კაპიტალი ასიმეტრიულია, განსხვავებით ქვეყანაში არსებული კაპიტალისგან, რაც იმით არის განპირობებული, რომ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა, რომელ ჯგუფს დაეყრდნოს, და მაინც ძველ ფიგურანტებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს”, - განმარტავს “ჯეოქეისის" თავმჯდომარე.

“ძველ ფიგურანტებზე საუბრისას კი ოპოზიციასთან დაკავშირებული დელეგიტიმაციის პრობლემა იჩენს თავს. ამდენად, ვფიქრობ, ზურაბიშვილს მოუწევს გადაწყვიტოს, ვისთან მუშაობა უფრო შედეგიანი იქნება. "ქართული ოცნება” არ არის კლასიკური პოლიტიკური პარტია. ეს არის გარკვეული ინტერესებით შეკრული ჯგუფი ანუ პარტიული სინდიკატი. იმისათვის, რომ ამ ჯგუფმა ნაბიჯი გადადგას მოლაპარაკებისკენ, რაღაცამ უნდა აიძულოს, ეს რაღაც კი შეიძლება იყოს წინააღმდეგობის მოძრაობის მაღალი ხარისხის წნეხი”, - დასძენს ვიქტორ ყიფიანი და შეკითხვაზე - “უნდა გამოიყენოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა?” - პასუხობს:

“ჩემი მოსაზრებით, ოპოზიციამ უარი არ უნდა თქვას. ეს არანაირად არ ასუსტებს ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას. რაც შეეხება სტრატეგიულ თვალსაზრისს, ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ, რომ დედაქალაქში, ისევე როგორც სხვა დიდ ქალაქებში, მეტწილად ოპოზიციური განწყობაა, ამიტომ ვფიქრობ, ბრძოლას არ უნდა განვერიდოთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ იქ, სადაც შესაძლებელია. მე “ქართული ოცნებისთვის” ძალაუფლების ხელიდან გეგმაზომიერად გამოგლეჯა უფრო სწორ ტაქტიკად მიმაჩნია, ვიდრე პირველ ჩვენებაზე დარჩენა, რომ ყველაფერი ახლა, ამ წუთში გვინდა”.

“გხედავთ, ვლადიმირ პუტინ!” - აშშ რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და ახალ სანქციებს ამზადებს

“ვაშინგტონში უკვე ღიად აცხადებენ, რომ რუსეთმა დაარღვია უკრაინის ომთან დაკავშირებით მარტის შუა რიცხვებში მიღწეული პირველი შეთანხმება. ახლა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს “რამდენიმე კვირა” აქვს იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად სურს მშვიდობის დამყარება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მზადდება ახალი სანქციებიც, რისთვისაც შესაბამისი კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა სენატში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რუსეთმა დაარღვია ეს შეთანხმება. ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ აშშ ახლა კრემლის პასუხს ელოდება, რადგან კონკრეტული გზავნილი რუსეთის დესპანს უკვე გადასცეს. კაკაჩიამ ხაზგასმით თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის რეპუტაცია სასწორზე დევს, ამიტომ ტრამპი უსასრულო მოლაპარაკებების სერიას არ განაგრძობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “გხედავთ, ვლადიმირ პუტინ!” - აშშ რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს / ოფიციალური ვაშინგტონი მოსკოვისგან საბოლოო პასუხს ელოდება და პარალელურად ახალ სანქციებს ამზადებს.

“აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 4 აპრილს განაცხადა, რომ „რამდენიმე კვირაში“ გამოჩნდება, თუ რამდენად სერიოზულად არის რუსეთი განწყობილი უკრაინასთან მშვიდობის მისაღწევად. “აშშ რამდენიმე კვირაში გაიგებს, არის თუ არა რუსეთი სერიოზულად განწყობილი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპრაკებების დასაწყებად”, - თქვა მარკო რუბიომ და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი “არ მოხვდება მოსკოვთან გაუთავებელი მოლაპარაკებების ხაფანგში”. “ჩვენი გზავნილი ასეთია: შეერთებულმა შტატებმა უნდა იცოდეს, არიან თუ არა სერიოზულად განწყობილი მშვიდობის მიმართ. საბოლოოდ, პუტინს მოუწევს ამ გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, უკრაინელებმა აჩვენეს მზადყოფნა ცეცხლის სრული შეწყვეტისთვის, რათა სივრცე შექმნან მოლაპარაკებისთვის”, - განაცხადა რუბიომ. მისივე თქმით, რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესს თუ არ აჩვენებს, კონგრესის მხრიდან ახალი სანქციები გარდაუვალი იქნება. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ სამშიდობო მოლაპარაკების დაწყების მცდელობების პარალელურად, უკრაინაზე რუსეთის საჰაერო დარტყმები უფრო ხშირი და მასშტაბური გახდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პარასკევს, 4 აპრილს რუსებმა მასირებული სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ქალაქ კრივი რიჰის საცხოვრებელ უბანზე. შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი. დაშავდა სულ მცირე 50 ადამიანი. ამის გამო 6 აპრილს უკრაინაში გლოვის დღე გამოცხადდა. ევროპელი მოკავშირეები ვაშინგტონს მოუწოდებენ, უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს მოსკოვის მიმართ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 აპრილს მედიასთან საუბარში აშშ-ის საელჩო ღიად გააკრიტიკა. 6 აპრილს კი რუსებმა უკვე კიევზეც მიიტანეს იერიში ბალისტიკური რაკეტებით. დარტყმა განხორციელდა უკრაინის 6 რეგიონზე, რისთვისაც გამოყენებული იყო Х-101/Х-55СМ ტიპის 9 ფრთოსანი რაკეტა, “კალიბრის” ტიპის 8 ფრთოსანი რაკეტა, “ისკანდერ-მ” ტიპის 6 ბალისტიკური რაკეტა, “შაჰედისა” და სხვა ტიპის 109 დრონი. მათი ძირითადი ნაწილი უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ გაანადგურა, თუმცა თავდასხმა იმდენად მასშტაბური იყო, რომ განგაში მეზობელ პოლონეთშიც გამოცხადდა - პოლონეთმა ავიაცია გაააქტიურა და საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა”, - განაგრძობს გამოცემა.

“გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა რუსეთი კონფლიქტის გახანგრძლივების მიზნით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მცდელობების გაჭიანურებაში დაადანაშაულეს. გასულ კვირას აშშ-ის სენატში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ეხება რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციების დაწესებას სამშვიდობო შეთანხმებაზე უარის თქმის გამო. მათ შორის 500%-იანი ტარიფის დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ყიდულობენ რუსულ ნავთობს და გაზს. ინფორმაციას “ვაშინგტონ პოსტი” ავრცელებს. კანონპროექტი რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა და დემოკრატმა სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა წარადგინეს, იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთმა უარი თქვა მოლაპარაკებაზე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და უკრაინაში ომის დასასრულებლად. “ამერიკის შეერთებული შტატების სენატში დომინანტური შეხედულებაა, რომ რუსეთი არის აგრესორი და რომ ეს საშინელი ომი და პუტინის აგრესია ახლა უნდა დასრულდეს და მომავალში აღკვეთილი იქნეს”, - ნათქვამია 50 სენატორის ერთობლივ განცხადებაში. კანონპროექტი ითვალისწინებს როგორც პირველადი, ასევე მეორადი სანქციებს რუსეთისა და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ კრემლის აგრესიას უკრაინაში”, - დასძენს გამოცემა.

“კანონპროექტში შეტანილ სანქციებს შორის არის 500%-იანი ტარიფი იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე, რომლებიც ყიდულობენ რუსულ ნავთობს, გაზს, ურანს და სხვა რესურსებს. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავდა რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების შემოღებას. 30 მარტს კი ტრამპმა განაცხადა, რომ ის იყო “ძალიან გაბრაზებული”, რადგან პუტინმა უკრაინის დროებით ადმინისტრაციის შესახებ საუბარი დაიწყო. კორნელი კაკაჩიამ აღნიშნა, რომ ეს ახალი სანქციები რუსეთს დიდ პრობლემებს შეუქმნის, თუმცა, დღეის მდგომარეობით, სანქციები დიდ გავლენას საბრძოლო მოქმედებებზე ვერ ახდენს. დრო კი რუსეთის სასარგებლოდ არ მიდის. “დასანქცირებული ისედაც არის რუსეთი, თუმცა, ეს დიდ ზეგავლენას საბრძოლო მოქმედებებზე ვერ ახდენს. ნუ, რა თქმა უნდა, ახლა კიდევ უფრო მეტი სანქციები ნავთობსა და პროდუქტებზე გაურთულებს რუსეთს საქმეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამის შემდეგ რუსეთი ადვილად დასაყოლიებელი გახდება” - თვლის კაკაჩია, რომლის თქმით, “ამის გარანტია არ არსებობს”, - წერს სტატიის ავტორი.

“თუმცა რუსეთისთვის ეს არის შესაძლებლობა, იმიტომ რომ უკიდურესად იზოლირებულია და ტრამპის ადმინისტრაცია მისთვის ღმერთის გამოგზავნილი საჩუქარია, რადგან ასეთი ხელისუფლება შეიძლება ვეღარც იყოს 4 წლის შემდეგ. ამიტომ რუსეთსაც თუ უნდა, რომ საერთაშორისო იზოლაციას გაექცეს და ეს ომიც დამთავრდეს, ვფიქრობ, დრო მათ სასარგებლოდაც არ მუშაობს... რაც შეეხება სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას, რუსეთს მიაჩნია, რომ ამ ომს იგებს და აქედან გამომდინარე მას არ აწყობს ეს პირობები, რადგან მაქსიმალისტური მიზნები აქვს. არა, რომ იგივე ტერიტორიები შეინარჩუნოს, არამედ სურს, ვთქვათ, უკრაინა ნატოში არ მიიღონ, ხელისუფლებაში მოვიდეს სხვა ძალა, ფაქტობრივად სახელმწიფოს ართმევს და რასაკვირველია, ამ პირობებზე თავად უკრაინელები არ დათანხმდებიან. წლის ბოლომდე თუ რაღაც შედეგი იქნება, შესაძლებელია, თუმცა არაფრის გარანტიები არ არსებობს, იმდენად სწრაფად იცვლება საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარეობა და თვითონ ტრამპის შეხედულებებიც იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ ყველაფერი დროზეა დამოკიდებული“, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

ოსური ოპოზიცია ითხოვს ქართველი გენერლებისა და „სამხედრო დამნაშავეების“ ცხინვალისთვის გადაცემას - ზურაბ ბენდიანიშვილი

“სულ იყო პროპაგანდა, თითქოს საქართველომ დაიწყო ომი და მძინარე ცხინვალი დავბომბეთ, თუმცა ცხინვალში მეტ-ნაკლებად იყვნენ პირები, რომლებიც თვლიდნენ, რომ მთლად ასე არ ყოფილა და რუსეთის როლიც არანაკლები იყო. ახლა კი, რაც საპარლამენტო კომისიაზე ხდება, ამით ოსებს შთაბეჭდილება ექმნებათ, რომ იგებენ გარკვეულ დაფარულ ინფორმაციას, რაც საქართველოს პოლიტიკურ კულუარებში ხდებოდა, თან ეს ამ კომისიაზე ისეა დახატული, რომ ქართული აგრესია ჩანდეს. ეს ძალიან აზიანებს და ანგრევს საქართველოს, თუნდაც ნდობის აღდგენის თვალსაზრისით. ოს საზოგადოებაში, ვისაც პოლიტიკის ინტერესი აქვს, აგენერირებს განწყობებს, რომ თურმე ქართველებს ოსების განადგურების განზრახვა მართლა ჰქონიათ, და აყენებს საკითხს, რომ აგერ, საქართველო აღიარებს ოსების გენოციდს და ჩვენც ჩვენი გამოძიებითა და აქტიურობით ხელი უნდა შევუწყოთ ამას და ყველა უნდა დაისაჯოს”, - აცხადებს “კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის” თავმჯდომარე ზურაბ ბენდიანიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ოსური ოპოზიცია ითხოვს ქართველი გენერლებისა და “სამხედრო დამნაშავეების” ცხინვალისთვის გადაცემას.

“ოსები გაფაციცებით ცდილობენ ყველა განცხადებაში მოძებნონ ხელჩასაჭიდი სიტყვები, რომლებიც მათ გენოციდის აღიარების საშუალებას მისცემს. თუმცა არის მცირე ნაწილი, ვისაც ანალიზის უნარი აქვს და რეალურად აფასებს ამ პროცესს, ხედავს, რომ ეს არის საქართველოს პოზიცია-ოპოზიციას შორის შიდაპოლიტიკური ბრძოლა და აგვისტოს ომის ფაქტების დადგენასთან არანაირი კავშირი არა აქვს... რაც შეეხება ოსების მოთხოვნებს, რომ თბილისმა “სამხედრო დამნაშავეების” გადასცეს და დემარკაციაზე მუშაობა დაიწყოს. საინტერესოა, რომ დემარკაციაზე საუბრის გამო რუსეთმა 2024 წელს სამ ოს პოლიტიკოსს ჩამოართვა რუსეთის მოქალაქეობა, რადგან 2024 წელს წინასაარჩევნოდ რუსეთს აკრძალული ჰქონდა საზღვრებზე საუბარი, საქართველოში სიტუაცია რომ არ დაძაბულიყო, და “ქართულ ოცნებას” ხელი არ შეშლოდა. ის ოსი პოლიტიკოსები არსებული ე.წ. საზღვრების კიდევ უფრო გადაწევას ითხოვდნენ. კომისიაც შექმნეს და ამტკიცებდნენ, რომ დღეს ცხინვალის რეჟიმის მოხაზული ე.წ. საზღვრები არასწორია და ოსებს გაცილებით მეტი ტერიტორია ეკუთვნით, ამ პრეტენზიით კი რუსები კონფლიქტში უნდა შესულიყვნენ საქართველოსთან და ახალი ტერიტორიები მიეტაცებინათ, თან ეს მოსკოვთან შეთანხმებული არ ყოფილა და ამან მოსკოვი გააღიზიანა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ბენდიანიშვილი.

“ახლა კი ჟენევაში ბოლო შეხვედრისას რუსეთმა ისევ დაიწყო საუბარი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან უნდა მოხდეს ე.წ. საზღვრების დემარკაცია. სავარაუდოდ, დემარკაციის საკითხის ასე გაღიზიანებით წამოყენება იმან განაპირობა, რომ “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება ვერ შეძლო და იმ საკონსტიტუციო მუხლებში ვერ შევიდა ჩასწორება, სადაც ნათქვამია, რომ ევროატლანტიკური კურსი საქართველოს პრიორიტეტია, რასაც მოსკოვი ელოდებოდა. რუსეთის საგარეო უწყებამ თავის ოფიციალურ განცხადებაშიც ახსენა, საქართველოს კონსტიტუციაში ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ჩანაწერი ჩვენს ურთიერთობას ხელს უშლისო, და სწორედ ამიტომ დაბრუნდა ჟენევის დისკუსიებზე საზღვრების დემარკაციის თემაც”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თრუსო სხვა თემაა, აქ საუბარი იყო რამდენიმე კვადრატული კილომეტრით უფრო მეტ ტერიტორიაზე, რომელიც ვითომ 1922 წლის დეკრეტით არის მონიშნული, როგორც სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. დღეს ეს ტერიტორიები საქართველოს კონტროლირებადია და მოიცავს ცხინვალისა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებას, ნაწილობრივ დუშეთსაც. ონის მიმართულებითაც არის რაღაც ტერიტორია. რაც შეეხება თრუსოს და გუდაურის ხეობებს, ცხინვალის რეჟიმი ამბობს, რომ ისტორიულად ეს მათი ტერიტორია იყო. ეს საქართველოსთვის არის კიდევ ერთი დამოკლეს მახვილი რუსეთისგან, რადგან აქ რუსეთის სპეცსამსახურების პირდაპირი ინტერესია გამოკვეთილი. თრუსოს ხეობა საქართველოს გადაჭრის კობის მონაკვეთთან და ყაზბეგის რაიონი მთლიანად იკარგება. თუ რუსეთს დასჭირდება, ამ თემასაც გაააქტიურებს”, - ამბობს “კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის” თავმჯდომარე და შეკითხვაზე - “ოსებმა გაიხსენეს ისიც, რომ 2008 წლის ომის გარდა, საქართველოსთან მათ პრეტენზიები აქვთ 1920 წლის “გენოციდისა” და 1991 წელს ზვიად გამსახურდიას დროინდელი პოლიტიკის გამო...” - პასუხობს:

“1920 წლის ამბები უკავშირდება რუსეთის გასაბჭოების პერიოდს, როდესაც რუსი კომუნისტები საბჭოებს ქმნიდნენ, სადაც ხელი მიუწვდებოდათ. ეს ხდებოდა ოს მოსახლეობაშიც. საქართველოში ოსები ხიზნების სტატუსით სარგებლობდნენ, არ იყვნენ მდიდრები. ოსი მოსახლეობა ყოველთვის რუსების ერთგული იყო. მათ იციან, რომ თავიანთი არსებობისთვის რუსეთის მადლიერები უნდა იყვნენ არა მხოლოდ საქართველოში სამხრეთ ოსეთის ავტონომიის არსებობის გამო, არამედ ჩრდილოეთ ოსეთიც დიდწილად ყაბარდოსა და ინგუშეთის ხარჯზეა შექმნილი, და რუსები რომ არ იყვნენ, ჩრდილოეთ კავკასიაში მათ დიდი პრობლემები შეექმნებოდათ. მეორე მხრივ, ეს იყო რუსებისადმი ლოიალურობის დადასტურება”.

“გამოსვლები 1918 წელს დაიწყეს, 1920 წელს კი მასშტაბური აჯანყება და ცხინვალსა და მის შემოგარენში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა. აჯანყების ჩასახშობად ქართული გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი გაგზავნეს და ის ოსებისთვის ყველაზე საძულველი ადამიანია. აჯანყება სასტიკი იყო, ტყვედ აიყვანეს 100-ზე მეტი გვარდიელი, თვალები დათხარეს ქართველებს, მათ შორის თავად მაჩაბელს. ქართველები ასე სასტიკ დაპირისპირებას არ ელოდნენ, ამიტომ პასუხიც ძალიან მწვავე იყო. მთელი ოსური სოფელი აყარეს და კავკასიის ქედს იქით გადაასახლეს. გადასახლებისას გზაში ბევრი დაიღუპა. ოსები ამბობენ, რომ ქართველები სახლებში კეტავდნენ მოსახლეობას და გარედან უკიდებდნენ ცეცხლს. ვალიკო ჯუღელი საბჭოთა ხელისუფლებამ 1924 წლის აჯანყების მომზადების გამო დახვრიტა... გამსახურდიას კი, ოსებს გავყრიო, არასოდეს უთქვამს. თუმცა მაშინ როგორ ცუდად ექცეოდნენ მათ საქართველოში, მიუთითებდა ოსებისადმი დამოკიდებულებაზე. ოსები ამ ძველ ამბებს უფრო მწვავედ იხსენებენ, ვიდრე 2008 წლის ომს, ახლა კი ამ საპარლამენტო კომისიით მათ ვუბრუნებთ იმის რწმენას, თითქოს ჩვენ მართლაც რაღაცას ვგეგმავდით”, - დაასკვნის ზურაბ ბენდიანიშვილი.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ