„გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, „აკრძალული გრანტის“ მიღებასთან დაკავშირებით პირის გამოკითხვის წესი და საფუძვლები დგინდება

„ქართული ოცნების“ ინიციატივით “გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, “აკრძალული გრანტის“ მიღებასთან დაკავშირებით პირის გამოკითხვის წესი და საფუძვლები დგინდება.

7 აპრილს პარლამენტს კანონის პროექტი წარედგინა, რომლის ამოქმედების შედეგად, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება. თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება კი, აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.

პარლამენტში ინიცირებული კანონის პროექტი ადგენს, რომ ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია ანტიკორუფციული ბიუროს მიერ აკრძალული გრანტის მიღების მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია ჰქონდეს, შეიძლება ანტიკორუფციულმა ბიურომ ნებაყოფლობით გამოკითხოს.

კანონპროექტით იკრძალება პირის იძულება მტკიცებულების წარდგენის ან ინფორმაციის გაცემისთვის. ასევე, გამოსაკითხ პირს უფლება ექნება საკუთარი ხარჯით ადვოკატის მომსახურებით ისარგებლოს, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

კანონპროექტის თანახმად, გამოსაკითხი პირი ვალდებულია გამოკითხვისას ანტიკორუფციულ ბიუროს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. თავის მხრივ, ანტიკორუფციული ბიურომ გამოსაკითხი პირი წერილობით უნდა გააფრთხილოს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე, აგრეთვე გამოსაკითხ პირს უნდა განემარტოს მაგისტრატ მოსამართლესთან დასაკითხად შესაძლო დაბარების თაობაზე.

კანონპროექტით გათვალისწინებულია გამოსაკითხი პირისთვის წინასწარ ცნობის საფუძველზე, გამოკითხვისას ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალების გამოყენება.

კანონპროექტი ითვალისწინებს გამოსაკითხი პირის დისტანციურად, ელექტრონული საშუალების გამოყენებით გამოკითხვის შესაძლებლობას.

პროექტით ასევე შემუშავებულია აკრძალული გრანტის მიღებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი.

კერძოდ, “გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს დაადგენს, რომელიც განსახილველად სასამართლოს გაეგზავნება.

ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილი იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად, სამართალდამრღვევის ქონებას - მათ შორის საბანკო ანგარიშებს, ყადაღა დაადოს.

ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად სასამართლოს წარედგინება.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს