საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე ცნობილი ესპანური კომპანია СYPE-ის სპეციალისტებმა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის სამშენებლო სექტორში პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებზე მასტერკლასი გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, 5-დღიან მასტერკლასს, რომელიც BIM ტექნოლოგიებში ჩატარდა, მენტორობას პროფესორი დევიდ დე დიოსი უწევდა. სამშენებლო ფაკულტეტზე მასტერკლასს კომპანია СYPE-ის წარმომადგენელი დინა პევნევა ესწრებოდა.
როგორც სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საგანმანათლებლო პროცესის აღჭურვას ახალი თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული შესაძლებლობებით. შესაბამისად, ესპანურ კომპანიასთან პარტნიორობის ფარგლებში, სამშენებლო სექტორში პროგრამული უზრუნველყოფის მნიშვნელოვან საკითხებში ახალგაზრდა სპეციალისტების მოსამზადებლად, მასტერკლასების ჩატარებას უწევს ორგანიზებას.
ზურაბ გვიშიანის განცხადებით, კომპანია СYPE-მა, რომელიც სპეციალისტებს სთავაზობს პროგრამულ გადაწყვეტილებებს არქიტექტურის, კონსტრუქციების, მექანიკის, სანტექნიკის, ვენტილაციის თუ ენერგეტიკული პროექტების მართვისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, სასწავლო და პრაქტიკული დანიშნულებით, სამშენებლო სექტორისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის 200 ლიცენზია საჩუქრად გადასცა.
“СYPE გამოცდილი კომპანიაა და მის პროგრამებს, მათ შორის BIM ტექნოლოგიების პლატფორმას, ინჟინრები მსოფლიო მასშტაბით იყენებენ. სამშენებლო სექტორისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის 200 ლიცენზიის ჩვენი უნივერსიტეტისთვის გადაცემის შემდეგ, კომპანიის სპეციალისტები სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სპეციალურ მასტერკლასებს უტარებენ BIM ტექნოლოგიებისა და პროგრამის პრაქტიკული გამოყენების თაობაზე. დაინტერესებულ სტუდენტებს და პედაგოგებს შესაძლებლობა აქვთ დეტალურად გაეცნონ პროგრამას და მიიღონ ყველა საჭირო კონსულტაცია მისი პრაქტიკული გამოყენების კუთხით. მასტერკლასების დასრულების შემდეგ კომპანია СYPE-ის მიერ შემუშავებული პროგრამა, განახლების ფუნქციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე დაინერგება და მისი გამოყენება სასწავლო პროცესსა და საპროექტო სამუშაოებში მოხდება”, - აღნიშნავს ზურაბ გვიშიანი.
სტუ-ის ინფორმაციით, პარტნიორობის ფარგლებში, ესპანურმა კომპანია СYPE-ის ტექნიკურმა დირექტორმა კარლოს ფერნანდესმა პროგრამული უზრუნველყოფის 200 ლიცენზია სასწავლო და პრაქტიკული დანიშნულებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიმდინარე წლის თებერვალში გადასცა.