პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ 20 000-ლარიან გირაოსთან ერთად საზღვრის კვეთის აკრძალვას ითხოვს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ პროკურატურა 20 000-ლარიან გირაოსთან ერთად დამატებითი შემზღუდავი ღონისძიების გამოყენებასაც ითხოვს. კერძოდ კი, როგორც პროკურორმა ნათია თათიაშვილმა შუამდგომლობაში აღნიშნა, გირაოსთან ერთად, თავდაცვის ყოფილ მინისტრს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის აკრძალვა უნდა დაუწესდეს.

თათიაშვილის თქმით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს.

მისივე განმარტებით, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს შესაბამისი დოკუმენტი გაეგზავნა საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების თაობაზე, თუმცა, ის არ გამოცხადდა მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო, კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევდა.

თათიაშვილის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.

ასევე, პროკურორის განმარტებით, ოქრუაშვილისთვის კანონთან კონფლიქტში ყოფნა პირველი არ არის, ის წარსულში ნასამართლევია და ამასთან, ახლაც მიმდინარეობს მის წინააღმდეგ საქმის წარმოება. თათიაშვილი შუამდგომლობაში აცხადებდა, რომ ეს ფაქტები მის პიროვნული მახასიათებლის ნაწილში უნდა იყოს გათვალისწინებული.

პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა აღნიშნა, ოქრუაშვილის მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ არსებობს. როგორც ადვოკატი განმარტავს, ის იმ საქმეზეც კი, სადაც დიდი სასჯელი ემუქრებოდა, არ მიმალულა, საქართველოში არ იმყოფებოდა და ჩამოვიდა, შესაბამისად, ამ საქმეზე, რომელიც სასჯელის სახით არასაპატიმრო სანქციასაც ითვალისწინებს, ოქრუაშვილის მხრიდან მიმალვის საფრთხე გამორიცხულია.

ამასთან, ჭაბაშვილი აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიაზე ოქრუაშვილის არ მისვლა სამოქალაქო პოზიციაა და არა დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილება.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში