ირაკლი ოქრუაშვილი - 8-წლიან მუხლზე არ დავმალულვარ და ერთწლიან მუხლზე როგორ შეიძლება დავიმალო - სპორტული ინტერესი მკლავს, რომ ეს გირაო არ გადავიხადო და ის ერთი წელი ციხეში წავიდე, ვიდრე ქვეყანაში გისოსებში ვიჯდე

8-წლიან მუხლზე არ დავმალულვარ და ერთწლიან მუხლზე როგორ შეიძლება დავიმალო, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც ოქრუაშვილმა განმარტა, მის წინააღმდეგ საქმის წარმოება 6 წელია მიმდინარეობს, თუმცა, საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლის მიუხედავად, ის ყოველ ჯერზე უკან დაბრუნდა და არსად მიმალულა.

ამასთან, მან პროკურატურის შუამდგომლობას უპასუხა, რომლის მიხედვითაც უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას და საზღვრის კვეთის აკრძალვას ითხოვს.

„ქონება, რომელიც ჩემს საკუთრებაშია, იპოთეკით მაქვს დატვირთული და 100 000 ლარი მაქვს სესხი, 10 000 ევრო კი ბავშვების სწავლის საფასური დასაფარი.

წინააღმდეგი ვართ ორივე ღონისძიება გამოყენებული იყოს ჩემს მიმართ.

სპორტული ინტერესი მკლავს, რომ ეს გირაო არ გადავიხადო და ის ერთი წელი ციხეში წავიდე, ვიდრე ქვეყანაში გისოსებში ვიჯდე“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება