ნინო ლომჯარია „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე - არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს, - ასე აფასებს სამოქალაქო საზოგადოება „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებს.

როგორც სამოქალაქო საზოგადოებაში აღნიშნავენ, არ აპირებენ „რუსული კანონებით ცხოვრებას და ბოლომდე წინააღმდეგობას გაუწევენ ქართველი ხალხის დევნის აქტს“.

„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ არალეგიტიმური პარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას. უახლოეს დღეებში „ქართული ოცნება“ აპირებს დაჩქარებული წესით მიიღოს ცვლილებები, რომლის ძალითაც, საქართველოს მეგობარ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე აეკრძალებათ მხარდაჭერის გაწევა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

დღეს, როდესაც სახელმწიფო უწყებები პარტიულ დანამატად არის ქცეული, ადამიანების დაცვის ერთადერთ საშუალებას სამოქალაქო სოლიდარობა და აქტიურობა წარმოადგენს, აღნიშნული კანონი თავისი არსით და მოსალოდნელი შედეგით არის ხალხის დევნის აქტი და მიზნად ისახავს მოქალაქეების მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ დატოვებას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი თანადგომის აკრძალვას.

„ქართული ოცნების“ ეს ინიციატივა არის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და ხალხის დახმარების სისტემის განადგურების სტრატეგიის გაგრძელება იმ პირობებში, როდესაც „რუსული კანონების” მიღების, დევნის, სამოქალაქო სოლიდარობის ფონდების დაყადაღების მიუხედავად, ამ მიზანს ვერ მიაღწიეს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს კანონი მიზნად ისახავს საქართველოს ჩაკეტილ, იზოლირებულ სახელმწიფოდ გადაქცევას, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო უნდა დაექვემდებაროს პარტია „ქართული ოცნების“ ტოტალიტარული სტილის კონტროლს და გამოირიცხოს საზოგადოებისთვის საჭირო თანადგომის მიღება საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრებისაგან. ეს კანონი ასევე მიზნად ისახავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტას, რომლებიც ქართველ ხალხს აწვდიან ინფორმაციას სახელმწიფო უწყებების მხრიდან ქართველი ხალხის უფლებების დარღვევის, კორუფციული გარიგებების, მოხელეთა მიერ თანამდებობების პირადი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ, რაც „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან ორგანული გახდა.

არალეგიტიმური პარლამენტი ცდილობს ქართველ ხალხს ჩამოაშოროს მეგობრების მხარდაჭერა და თანადგომა და დაუცველი დატოვოს - ბავშვები, ქალები, სტუდენტები, ხანდაზმულები, უკანონო პატიმრები, სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებულები, უკანონოდ დაჯარიმებულები, ძალადობის მსხვერპლები, შშმ პირები, ჟურნალისტები, კულტურის, ბიზნესის და სხვა სფეროს წარმომადგენლები. უიმედოდ აქციოს თითოეული მოქალაქე, რომელიც რაიმე ფორმით საჭიროებს მიიღოს დასავლური ცივილიზაციის სიკეთე.

ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება კვლავაც მტკიცედ ვაცხადებთ: არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას და ბოლომდე წინააღმდეგობას გავუწევთ ქართველი ხალხის დევნის აქტს.

ჩვენ არ დავუშვებთ ივანიშვილის არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტოს როდის და როგორ დაეხმარება ქართველი ხალხი ერთმანეთს და კვლავ გამოვხატავთ ერთგულებას საქართველოს კონსტიტუციის, მოქალაქეების უფლებებისა და ღირსების დაცვის მიმართ“,- აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში, რომელიც „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე წაიკითხა.

ცნობისთვის, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება - თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია