თქვენ გახსოვთ, ხუთი დღის განმავლობაში რა მასშტაბის ძალადობას სჩადიოდნენ კონკრეტული ადამიანები, იყო შტურმი სახელმწიფო შენობებზე, იყო შტურმი პოლიციელების წინააღმდეგ, სამართალდამცავი უწყებების წინააღმდეგ და ამას უწოდებენ მშვიდობიან აქციებს, - ამის შესახებ პრემიერ - მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძის თქმით, კონკრეტული ადამიანები მოქმედებდნენ კონკრეტული პოლიტიკური დაკვეთით და ახლა ისინი იძულებული არიან, უხეში შეფასებები გააკეთონ.
„თავად პარლამენტის თავმჯდომარემაც ამას უწოდა უტიფრობა და სხვა სახელი ამას, უბრალოდ, არ შეიძლება დაერქვას. როდესაც ცხადად, უკიდურესად ძალადობრივი ქმედებები კონკრეტულმა ძალებმა შეაფასეს, როგორც მშვიდობიანი აქციები, მხოლოდ უტიფრობა შეიძლება ეწოდოს ამას.
თქვენ გახსოვთ, ხუთი დღის განმავლობაში რა მასშტაბის ძალადობას სჩადიოდნენ კონკრეტული ადამიანები, იყო შტურმი სახელმწიფო შენობებზე, იყო შტურმი პოლიციელების წინააღმდეგ, სამართალდამცავი უწყებების წინააღმდეგ და ამას უწოდებენ მშვიდობიან აქციებს. რა თქმა უნდა, ეს არის უტიფრობა, სხვა შეფასება არ შეიძლება მიეცეს ასეთ ქმედებებს. აქაც ჩანს, რომ რეალურად, კონკრეტული ადამიანები მოქმედებდნენ კონკრეტული პოლიტიკური დაკვეთით - აქ საუბარი მაქვს როგორც ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსებზე, ასევე უცხოელ პოლიტიკოსებზეც - ისინი იღებდნენ დაკვეთებს და როგორც აგენტები, იძულებული არიან, გააკეთონ ასეთი უხეში შეფასებები, რომლებიც არის არა მარტო მცდარი, არამედ არის შიშველი ტყუილი.
საზოგადოება ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, გამოიტანს დასკვნებს”, - აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას.
„ჩვენთვის ნაკლებად არის საინტერესო ეს ყველაფერი. ჩვენ თავის დროზე მივიღეთ გადაწყვეტილება PACE-ში საქმიანობის შეჩერების თაობაზე, გამომდინარე იმ არასწორი მიდგომიდან, რომლითაც ძველი რეზოლუცია დამტკიცდა“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში გარე ძალების ჩარევის მიუხედავად „საქართველოში გაიმარჯვა საღმა აზრმა, საზოგადოების მტკიცე ნებამ, მათ პატივი უნდა სცენ ქართველი ხალხის არჩევანს“.
„ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს. ქართველმა ხალხმა ოქტომბერში, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, აირჩია „ქართული ოცნება“. ჩვენს არჩევნებში ეს ყველაფერი მოხდა მიუხედავად უცხოური ჩარევისა. თავის დროზე ევროკავშირის ელჩი პირდაპირ აკეთებდა „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო განცხადებებს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ეს იყო უხეში ჩარევა ჩვენს საარჩევნო პროცესებში. ანალოგიურად, სხვა ევროპელი და ამერიკელი ჩინოვნიკები პირდაპირ ერეოდნენ საარჩევნო პროცესში. ჩვენ ყველა ერთად დავამარცხეთ ამ არჩევნებში. პირველ რიგში, ეს გააკეთა ქართულმა საზოგადოებამ. ქართულმა საზოგადოებამ დაამარცხა ყველა ის ძალა, რომელიც ცდილობდა დაპირისპირებოდა ჩვენს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ მათი ჩარევის მიუხედავად საქართველოში გაიმარჯვა საღმა აზრმა, საზოგადოების მტკიცე ნებამ. მათ პატივი უნდა სცენ ქართველი ხალხის არჩევანს“, - განაცხადა კობახიძემ.