„ქართული ოცნება“ - ზაზა ოქუაშვილი დიდი ბრიტანეთის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილთან სამართლებრივ დავაში დამარცხდა- სასამართლომ წარდგენილი ბრალდებები ფალსიფიცირებულად ჩათვალა

„ქართული ოცნების" ინფორმაციით, ზაზა ოქუაშვილი დიდი ბრიტანეთის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილთან სამართლებრივ დავაში დამარცხდა და სასამართლომ წარდგენილი ბრალდებები ფალსიფიცირებულად ჩათვალა.

ამის შესახებ განცხადებას თავად მმართველი პარტია ავრცელებს.

„2025 წლის 7 აპრილს, ინგლისისა და უელსის უზენაესმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა სკანდალურ საქმეს, რომელიც უკავშირდებოდა ზაზა ოქუაშვილის მიერ 2018 წლის 30 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გაჟღერებულ ბრალდებებს. „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილს 4 მილიონი დოლარის გამოძალვაში სდებდა ბრალს.

საქმე განიხილებოდა სახელწოდებით: „Okuashvili & Ors v Ivanishvili & Ors, BL-2023-000“ და მასში მოცული იყო ბრალდებების ფართო სპექტრი, მათ შორის – ქართული პატენტის გარშემო წარმოშობილი დავა, სავარაუდო კორპორატიული იძულება და პოლიტიკური ჩარევა. მოსარჩელეთა მოთხოვნები დაყრდნობილი იყო კონტრაქტის დარღვევის, დელიქტური(ზიანის ანაზღაურების) პასუხისმგებლობისა და არამართლზომიერი გამდიდრების სამართლებრივ საფუძვლებზე.

დავაში მოპასუხეებად ფიგურირებდნენ თავად ბიძინა ივანიშვილი, კომპანია „თბილისის თამბაქო“ და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტები და მათი მოთხოვნები არასაკმარის მტკიცებულებებზე დაყრდნობილად და ფალსიფიცირებულად მიიჩნია. გარდა ამისა, მოსამართლემ დაადგინა სერიოზული პროცედურული ხარვეზები, რაც სარჩელის წარდგენის სწორ ფორმასა და სასამართლოს იურისდიქციის განსახორციელებლად საჭირო სამართლებრივ სტანდარტებს შეეხებოდა.

სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ მთავარ პრეტენზიებს – მუქარას, უკანონო შეთქმულებასა და არაკეთილსინდისიერ ხელშეწყობას – არ გააჩნდა სერიოზული სამართლებრივი საფუძველი და ხშირ შემთხვევაში იყო გამონაგონი. სასამართლომ ამ ბრალდებებს ვადაგასული და არსობრივად მცდარი უწოდა.

სასამართლომ ასევე სრულად უარყო მოსარჩელეთა მოთხოვნა ფიდუციური (ნდობით აღჭურვილი) ვალდებულებების დარღვევისა და ამ დარღვევაში ხელშეწყობის შესახებ. სასამართლოს დასკვნით, სარჩელით მოცულ მხარეებს შორის არ არსებობდა ფიდუციური ურთიერთობა.

მოსარჩელეთა მცდელობა, დაეყრდნონ ქართულ პატენტს, რომელიც საქართველოში უკვე გაუქმებულია, სასამართლომ არასწორად მიიჩნია. აღნიშნულთან დაკავშირებით მიღებულ იქნა ის არგუმენტი, რომ საქართველოს სასამართლოებმა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დაადგინეს აღნიშნული პატენტის არაკანონიერება, რის გამოც გამორიცხული გახდა პატენტთან დაკავშირებული ნებისმიერი სამართლებრივი მოთხოვნის წარდგენა.

რაც შეეხება არამართლზომიერი გამდიდრების ცალკეულ პრეტენზიას, რომელიც უკავშირდებოდა გაუქმებული პატენტით მიღებულ სავარაუდო სარგებელს, მოსარჩელეებმა ვერ დაასაბუთეს სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სასამართლომ საქმეზე ინგლისსა და უელსში იურისდიქციის განხორციელება დაუშვებლად მიიჩნია.

ინგლისისა და უელსის უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება”,- ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე