შალვა პაპუაშვილი - უფროსმა თაობებმა უფლებააყრილ ქვეყანაში სათუთად გამოატარეს ენის, მამულისა და სარწმუნოების დროშა, რომლის შეცვლაც დღეს, ასე მზაკვრულად, ცხვრის ქურქით შემოპარულმა უცხო მენტალობამ განიზრახა

სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას როდესაც ვითხოვდით, ვიცოდით, რისთვის გვჭირდებოდა, რა გვქონდა დასაცავი, საბრძოლი, რა უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის შინაარსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„გილოცავთ ქართული ენის დღეს!

თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც საქართველოში დედაენის დღეს აღვნიშნავთ. 1978 წლის 14 აპრილს, ქართული ენის დასაცავად ერთბაშად იხუვლა ახალგაზრდობამ და ინტელიგენციამ. სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნების მიზნით გამართული დემონსტრაცია, სინამდვილეში, ქართული იდენტობის დაცვისა და მისთვის თავდადების გმირულ აქტს წარმოადგენდა.

ენა, მამული, სარწმუნოება! თვითმყოფადობის განმსაზღვრელი ილიასეული ფორმულა საბჭოთა პერიოდშიც კი ინახავდა ქართული ეროვნულობის მუხტს.

14 აპრილი იყო ნამდვილი
წინამორბედი ათწლეულის შემდეგ აზვირთებული ეროვნული მოძრაობისა. როდესაც სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ვითხოვდით, ჩვენ ვიცოდით, რისთვის გვჭირდებოდა იგი, რა გვქონდა დასაცავი, საბრძოლი, რა უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის შინაარსი.

ქართული ენა წარმოადგენს ქართული სახელმწიფოსა და ქართული ცნობიერების მტკიცე და შეუცვლელ დუღაბს. ეს არის რაც გვაერთიანებს, რაც გვინახავს წარსულს და რომლის გარეშეც ვერ გვექნება მომავალი.

სამწუხაროა, დღევანდელ დღეს, თუნდაც ადამიანთა მცირეოდენი ჯგუფის ხილვა, რომლებიც ხელოვნურად თავსმოხვეული გლობალისტური იდეოლოგიის გავლენით სამშობლოს ინტერესს უცხოურ გავლენაზე ცვლიან, ქართულ ენას მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ და სარწმუნოებას აბიაბრუებენ.

უფროსმა თაობებმა საბჭოთა, ათეისტურ, უფლებააყრილ ქვეყანაში სათუთად გამოატარეს ენის, მამულისა და სარწმუნოების დროშა, რომლის შეცვლაც დღეს, ასე მზაკვრულად და ვერაგულად, ცხვრის ქურქით შემოპარულმა უცხო მენტალობამ განიზრახა.

ამის მიუხედავად, ქართველ ხალხს უარესი ჟამიც გამოუვლია, ჭკუა, ხერხი და ღონე უხმარია, საკუთარი არ დაუკარგავს და სხვისი არ სდომებია. რადგანაც ჩვენი მიზნები და მისია მარადიულია, ათასწლეულებს წვდება და უსასრულობისკენაა მიმართული“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ