გიორგი გახარია - მე პოლიციელებს ყოველთვის ვიცავდი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ხალხი ნიღბით, პოლიციელები არიან - როგორ შეიძლება პოლიციელს ნიღაბი სჭირდებოდეს, რომელიც საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობას იცავს?

მე პოლიციელებს ყოველთვის ვიცავდი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ხალხი ნიღბით, პოლიციელები არიან. პოლიციელს, რომელსაც ნიღაბი სჭირდება, ეს ამ პოლიციელის შეურაცხყოფაა, როგორ შეიძლება პოლიციელს ნიღაბი სჭირდებოდეს, რომელიც საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობას იცავს? - ამის შესახებ შს ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.

მას კომისიის თავმჯდომარემ მიმართა კითხვით, თუკი, ამჟამინდელ შს მინისტრი რეზინის ტყვიებს გამოიყენებს, უნდა გადადგეს თუ არა ის.

„თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, დღეს, ღმერთმა დაიფაროს და გომელაურმა რეზინის ტყვიები გამოიყენოს და ვიღაცები დასახიჩრდნენ, ის უნდა გადადგეს თუ არა, იქნება, თუ არა ეს პრობლემა?“ - მიმართა ყოფილ თანაგუნდელს წულუკიანმა, რაზეც გახარიამ კითხვითვე უპასუხა.

„თქვენ თუ გახსოვთ, 20 ივნისს, ნიღბიანი პოლიციელები არ იყვნენ, როცა ნიღბიანი ადამიანები სცემენ უმოწყალოდ, ადამიანებს, რომლებიც დაკავებული არიან, ქალბატონო თავმჯდომარევ, თქვენ ხომ გესმით, რას ვამბობ? ორგანიზებულად, მასობრივად, სხვადასხვა ჯგუფებით, მაშინ როცა ჟურნალისტებს თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან, კონკრეტულ ადამიანებს არ ვასახელებ, მორალურ კითხვას მისვამთ იმ შემთხვევასთან შედარებით, ადამიანთან, ან ხალხთან შედარებით, რომლებიც მშვიდობიან აქციას“..., - განაცხადა გახარიამ, რასაც თეა წულუკიანმა რეპლიკით უპასუხა, რომ „არავითარ მშვიდობიანობასთან არ გვაქვს საქმე“.

აღნიშნულს კითხვით - იყო თუ არა შტურმი, უპასუხა შს ყოფილმა მინისტრმა, რაზეც თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „შტურმი შტურმია, ძალადობა ძალადობაა“. ამის საპასუხოდ, კომისიის კიდევ ერთმა წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ 150-მა პოლიციელმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო.

„მე პოლიციელების დაცვას ნუ მასწავლით რა“, - უპასუხა სუბარს გახარიამ, რასაც რეპლიკით უპასუხა კომისიის თავმჯდომარემ.

„ჰოდა, დაიცავით, მე გაძლევთ ამის საშუალებას“, - განაცხადა წულუკიანმა, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ ის „დარწმუნებული არაა, რომ ნიღბიანი პირები პოლიციელები არიან“.

„მე პოლიციელებს ყოველთვის ვიცავდი, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ხალხი ნიღბით, პოლიციელები არიან, ამაში არ ვარ დარწმუნებული. პოლიციელს, რომელსაც ნიღაბი სჭირდება, ეს ამ პოლიციელის შეურაცხყოფაა, როგორ შეიძლება პოლიციელს ნიღაბი სჭირდებოდეს, რომელიც საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობას იცავს?“ - განაცხადა გახარიამ.

მას კვლავ კითხვით მიმართა კომისიის თავმჯდომარემ.

„ბატონო გიორგი, ნანახი გაქვთ დასახიჩრებული პოლიციელების ფოტოები? და ეს არის მშვიდობიანი აქცია?“, - მიმართა გახარიას წულუკიანმა.

მას პასუხი ყოფილმა შს მინისტრმა კვლავ კითხვით დაუბრუნა.

„ქალბატონო თავმჯდომარე, თქვენ ადარებთ 20 ივნისის შტურმს, იმას, რაც ახლა ხდებოდა? მარტივი კითხვა დაგისვით, 20 ივნისის შტურმი, ორგანიზებული ძალადობრივი და ის, რაც ახლა ხდებოდა, ორივე არის ერთი და იმავე?“ - განაცხადა გახარიამ, რაზეც წულუკიანმა განაცხადა, რომ ორივე ქმედება ძალადობრივი იყო.

„ორივე არის ძალადობრივი, ერთი მიზნად ისახავდა შტურმს, მეორემ მიზნად დაისახა პოლიციური ძალების დასახიჩრება და ხელისუფლების ჩამოგდება. გეკითხებით, იგივე შედეგით რომ დამთავრებულიყო, შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა აიღოს თუ არა პასუხისმგებლობა? დღეს, თქვენ ხომ გარეთ დგახართ, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში“, - განაცხადა წულუკიანმა, რასაც გახარიამ უპასუხა, რომ „ეს შინაგან საქმეთა მინისტრის გადასაწყვეტია, მისი პირადი რწმენის“.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ