პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის განცხადებით, არსებობს აგრესორთა ჯგუფი, რომლის მიზანია საზოგადოება დააპირისპირონ და ტერორში აცხოვრონ.
როგორც წილოსანმა პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ისინი საერთო ზეიმის ან გლოვის დროსაც შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს.
„ამ აგრესორ დაჯგუფებას შეუძლია საერთო ზეიმის თუ გლოვის დროსაც თავიანთი პოლიტიკური მიზნები ახორციელონ, დააპირისპირონ საზოგადოება და ტერორში აცხოვრონ. 9 აპრილის მემორიალთან მიმსვლელებს აფურთხონ, პოლიციელებს სახეში ურტყან, აგრესიული და ღვარძლნარევი „ოლე-ოლა“ იმღერონ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის აბსოლუტურ უმრავლესობას დედა აგინონ და შეურაცხყოფა მიაყენონ მილიონ 200 ათას ჩვენს ამომრჩეველს და არა მხოლოდ მათ. ამავდროულად, მათაც მიაყენონ შეურაცხყოფა, ვინც არჩევნების დროს არ მოვიდა, თუმცა სახლში მშვიდად იჯდა იმიტომ, რომ იცოდა, „ქართული ოცნება“ ისევ გაიმარჯვებდა“,- განაცხადა წილოსანმა.
მისი შეფასებით, ეს არის თანამედროვე აქტივიზმის მახინჯი ფორმა.
„უკვე მერამდენე ჯერზე ვრწმუნდებით, რომ ადამიანის უფლებები, ქალების თანადგომა, ბავშვების დაცვა მხოლოდ ტრენინგების ჩატარების და ქვეყანაში ფულის შემოტანის საშუალება იყო, როგორც ამ ტრენინგების მიმღებთათვის, ასევე, სამწუხაროდ, მათი ზოგიერთი დამფინანსებლისთვის. უკვე მერამდენედ ვრწმუნდებით, რომ არც ქალებზე თავდასხმებს ეხმაურებიან და გმობენ, არც ბავშვების უსაფრთხოება ადარდებთ. მაგალითად, როცა თეა წულუკიანს ღამის საათებში მიუვარდა დატრენინგებული აგრესორების ბანდა, გადაწყვიტეს, ასე დაეტერორებინათ ქალი პოლიტიკოსი და მისი ოჯახი. უფრო მეტიც, ამ დროს ქალის „უფლებადამცველად“ წოდებული აქტივისტები გამოვარდებიან და წყევლა -კრულვას არ დაიშურებენ ამ ქალი პოლიტიკოსის მიმართ, ხოლო დიპლომატები ამ აგრესიულ აქტივისტებთან მეგობრული შეხვედრებით ამ დუმილით წაახალისებენ ამ ყველაფერს. განა სხვა ადგილას ვერ შეხვდებოდნენ თეა წულუკიანს ან მისი სამუშაო ადგილი არ იციან? არა, უბრალოდ, ეს ზეწოლის და ტერორის ფორმაა. შეშფოთებული და დამფრთხალი ბავშვის დანახვაზე თეას უარი უნდა ეთქვა „ნაცების“ გასამართლებაზე, ამ ყველაფრის შემხედვარე მისი ოჯახის რომელიმე წევრს ნერვებმა უნდა უმტყუნოს და პროვოკაციაზე წამოეგოს. ეს არის თანამედროვე აქტივიზმის მახინჯი ფორმა, რაც ასე კარგად გამოსდით ლიბერფაშისტებს. რაც ამ წლების განმავლობაში უცხო ჩარევებით მიიღეთ, კარგად დატრენინგებული აგრესორთა ჯგუფია, მათ შორის სამწუხაროდ, სწორედ ტრენინგებით „გაძლიერებული“ ქალები, რომლებსაც შეუძლიათ სხვა ქალები შეავიწროონ და დევნონ, მიუვარდნენ სახლებში თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“,-განაცხადა წილოსანმა.