რასა იუკნევიჩიენე „გრანტების შესახებ“ კანონზე - ეს რეპრესიაა, ლუკაშენკოს სამოქმედო სახელმძღვანელოდან - სანქციები უნდა დავაწესოთ, საქართველოს მიმართ პოლიტიკას გადავხედოთ და ახალი არჩევნების დანიშვნა მოვითხოვოთ

საქართველო ავტორიტარიზმში უფრო ღრმად ეშვება, - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ახალი კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოიღო, საერთაშორისო დონორებს აიძულებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების ან სამოქალაქო ჯგუფების დაფინანსებამდე ნებართვა მთავრობისგან მიიღონ. ევროკავშირის დახმარება და საგარეო დახმარება დამოუკიდებელ ხმებამდე ვერ მიაღწევს, თუ ამას ის რეჟიმი არ დაამტკიცებს, რომელიც მათ გაჩუმებას ცდილობს“, - წერს რასა იუკნევიჩიენე.

მისი თქმით, მიზანს „დემონსტრანტების დასჯა, კრიტიკული მედიის ჩახშობა და მხოლოდ რეჟიმისადმი კეთილგანწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება“ წარმოადგენს.

„ეს სახელმწიფოს მიტაცებაა. „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ საქმე გამჭვირვალობას ეხება, სინამდვილეში კი ეს რეპრესიაა. პირდაპირ ლუკაშენკოს სამოქმედო სახელმძღვანელოდან. ბანკები იძულებულები არიან სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების პერსონალური მონაცემები გასცენ - „დივერსიის“ ყალბი ბრალდებებით. რეჟიმი ამის გასამართლებლად მიტაცებულ სასამართლოებს იყენებს“, - აღნიშნავს ევროპარლამენტარი.

რასა იუკნევიჩიენე ევროკავშირს მიმართავს და აცხადებს, რომ „არ შეიძლება ეს პასუხის გარეშე დარჩეს“.

„ჩვენ სანქციები უნდა დავაწესოთ, განვახორციელოთ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის სრული გადახედვა და ახალი არჩევნების დანიშვნა მოვითხოვოთ. „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ბელარუსად გადაქცევის უფლებას ვერ მივცემთ“, - წერს რასა იუკნევიჩიენე.

ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ. ამავე პროექტით, საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა აეკრძალებათ.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს