გიგი წერეთელი - უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში - დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას სრულიად არარეალურს გახდის, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისი განმარტებით, უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ დისკუსია დაწყებულია და მისი ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული.

„სამწუხაროა, რომ ეს, შესაძლოა რეალური იყოს ახლო მომავალში, იმის კვალდაკვალ, თუ როგორ მძიმდება დემოკრატიული და ადამიანის უფლებების დაცვის გარემო რეპრესიებით, პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობებით, არადემოკრატიული კანონებით, ოპონენტების დევნით, სამოქალაქო სექტორის და მედიის შეზღუდვით, მანიპულირებული არჩევნებით, ერთპარტიული პარლამენტით, პოლიტიზებული სასამართლოთი, პარტნიორების მტრებად გამოცხადების და კიდევ ბევრი მახასიათებლით. ამაზე სრულად პასუხისმგებელია „ოცნების“ ხელისუფლება.

ამ პირობებშიც კი, განსაკუთრებით მას შემდეგაც, რაც მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა 2028- წლამდე ევროინტეგრაციის პროცესის ცალმხრივად შეჩერება, ევროკავშირს არ გამოუყენებია უვიზო მიმოსვლის გაუქმება, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილის დასავლურ არჩევანს პატივს სცემს. ეს სანქციის სახით მაღალჩინოსნებს, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს შეეხო.

თუმცა, ეს შეიძლება უახლოეს პერიოდში აქტიური განხილვის და გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში. უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ დისკუსია დაწყებულია და მისი ამა თუ იმ შედეგით დასრულება, დამოკიდებულია საქართველოში არსებულ ვითარებაზე. რასაც ახლა ვხედავთ, არსებული სისტემის ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე, ოპტიმისტური არაფერია. რუსეთის სტრატეგიული მიზანი- დააშოროს საქართველო დასავლეთს და არარეალური გახდეს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ოცნების მმართველობის ქმედებებით სრულდება.

ამაზე ხშირად გვესმის კრემლის ჩინოსნების და პროპაგანდისტების კმაყოფილი განცხადებები.

ამ პროცესის პატრიოტიზმთან დაკავშირება მავნებლური დემაგოგია და რეალობის დამახინჯების პროპაგანდისტული მცდელობაა. პატრიოტიზმი ვერ იქნება ვერაფერი, რაც ქვეყანას და მის მოქალაქეებს ცხოვრებას გაურთულებს, უსაფრთხოებას და ეკონომიკას დაუსუსტებს, განათლების, დასაქმების, მკურნალობის, განვითარების პერსპექტივას შეუზღუდავს.

უვიზო მიმოსვლის გაუქმება, ცივილიზებული მსოფლიოსგან მეტ დისტანცირებას ნიშნავს და ეს საქართველოსთვის, მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის უკიდურესად სახიფათოა. ამით რუსეთთან დაახლოება და მისი გავლენების კიდევ უფრო ზრდა გარდაუვალია.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო ვანუატუს და გამბიის მიმართ, სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ არა დემოკრატიის უკუსვლის და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ეს მხოლოდ საქართველოსთვის ნაწილობრივ მოხდა, როცა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გაუქმდა. ეს ფაქტიც ნათლად მეტყველებს ვითარების სიმძიმეზე.

იმედია, ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებს (ხელისუფლების მომხრეებსაც) ამ პრივილეგიას ჯერჯერობით არ გაუუქმებს და მმართველი რეჟიმის წარმომადგენლების ნაცვლად, რიგითი ადამიანები არ დაზარალდებიან, თუმცა, თუ ვითარება ჩვენთან არ შეიცვალა, უვიზო მიმოსვლასთან ერთად საბოლოოდ დაიკარგება ევროკავშირის წევრობის შანსი. ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევა, ხალხთან ერთად მხოლოდ ნამდვილად პროდასავლურ, დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას შეეძლება და ეს აუცილებლად მოხდება საზოგადოების მშვიდობიანი ბრძოლის, უამრავი ადამიანის თავდადებისა და ნამდვილი პატრიოტიზმის შედეგად“, - აცხადებს წერეთელი.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ