ილია მეორე - დიდად მადლიერნი ვართ პაპ ფრანცისკესი - მისი უწმინდესობა იყო მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება, გამორჩეული თავმდაბლობით, სოციალურ პროექტთა დიდი ხელშეწყობით, მსოფლიოში მშვიდობის აქტიური მხარდაჭერით

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რომის პაპის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.

პატრიარქის წერილს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას,

კარდინალ ჯოვანი ბატისტა რეს,

კარდინალთა კოლეგიის დუაიენს

დიდი გულისტკივილით შევიტყვეთ ცნობა მისი უწმინდესობის, რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ.

გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულითადი სამძიმარი და ჩვენი მწუხარება და თანაგრძნობა გადასცეთ თქვენი ეკლესიის იერარქებს, სამღვდელო პირებსა და სამწყსოს, - ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მისი ხსოვნა.

გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დიდად მადლიერნი ვართ პაპ ფრანცისკესი, რადგან რომში, მის მიერ გადმოცემულ ტაძარში, ჯერ კიდევ 2014 წლიდან ქართული წირვა-ლოცვა აღევლინება; საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შემდგომ კი, ნიშნად იმისა, რომ გამოხატავდა განსაკუთრებულ პატივისცემას ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის მიმართ, სიქსტის კაპელაში მიიწვია თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი და მსოფლიოში წარმოაჩინა უნიკალური ქართული კულტურა, - მრავალხმიანი გალობა და ხალხური სიმღერა.

ყველა აღიარებს, რომ მისი უწმინდესობა, პაპი ფრანცისკე იყო მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება, გამორჩეული თავმდაბლობით, სოციალურ პროექტთა დიდი ხელშეწყობით, მსოფლიოში მშვიდობის აქტიური მხარდაჭერით...

გამოვხატავთ ჩვენს ღრმა პატივისცემას მის მიმართ და ვლოცულობთ მისი უკვდავი სულისათვის”, - წერია პატრიარქის წერილში.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი