უჩა ნანუაშვილი - სიუჟეტი, რომელიც რუსულ არხზე გავიდა, ფალსიფიცირებული და დამონტაჟებულია - სინამდვილეში ვსაუბრობდი გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, ე.წ. ტიტუშკების, არაფორმალური, შეიარაღებული დაჯგუფებების მონაწილეობაზე მოქალაქეების დარბევაში

არასამთავრობო ორგანიზაციის, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ სიუჟეტი, რომელიც მის შესახებ რუსულ არხზე გავიდა, ფალსიფიცირებული და დამონტაჟებულია.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ეს ყველაფერი რუსული პროპაგანდაა და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება მიზანმიმართულად ავრცელებს აღნიშნულ მესიჯებს.

მისივე თქმით, ჩანაწერის ორიგინალში ის საუბრობს გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, აქციების მიმდინარეობის დროს ე.წ. ტიტუშკების, არაფორმალური, შეიარაღებული, ბანდიტური დაჯგუფებების მონაწილეობაზე მოქალაქეების დარბევაში.

„ვრცელდება სხვადასხვა სიუჟეტი, რასაც მოჰყვა პუტინის, დუგინის და გავრილოვის ფანების ჟრიამული რუსულ სივრცეებში. თურმე არაფორმალურ დაჯგუფებებს ვქმნი და ვაწყობ მაიდანს საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს სიუჟეტი, რომელიც მოსკოვში, პუტინის მთავარ არხზე გავიდა, არის ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული. ორიგინალში აბსოლუტურად სხვა რამეზეა საუბარი, შეიძლება ითქვას სრულიად საწინააღმდეგოზეც კი. საუბარია გასული წლის ნოემბერ - დეკემბერში, აქციების მიმდინარეობის დროს ე.წ. „ტიტუშკების“ მიერ არაფორმალური, შეიარაღებული, ბანდიტური დაჯგუფებების მონაწილეობაზე მოქალაქეების დარბევაში, ადამიანთა წამებაში, არასათანადო მოპყრობაში და ეს უკანონობა გრძელდებოდა დღეების განმავლობაში. 500-ზე მეტი ადამიანი იყო დაკავებული, მათ შორის ამ ბანდიტების მხრიდან. 50-ზე მეტი ადამიანი დღემდე რჩება საპყრობილეში და სწორედ ამ საკითხზე ვსაუბრობ, რომ სწორედ ხელისუფლება უწყობდა ხელს ამ ჯგუფების პარპაშს, მათ საქმიანობას და სწორედ ეს შეიარაღებული ფორმირებები იყვნენ ხელისუფლების მიერ დასმულნი. სწორედ ამ ძალებზეა საუბარი, რაც დამონტაჟებულ მასალაში სულ სხვანაირად არის წარმოდგენილი.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვეულებრივ რუსული პროპაგანდაა და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება მიზანმიმართულად ავრცელებს აღნიშნულ მესიჯებს. ამაში ასევე, მათ ეხმარება პროპაგანდისტული მედია და მარტივად იმეორებენ რუსულ პროპაგანდას. სრულად ენდვნენ პუტინის ტელევიზიის ნარატივს. წარმოიდგინეთ, ოკუპანტის მთავარი არხი ავრცელებს მასალას, დაჩეხილ-დამონტაჟებულ, ფალსიფიცირებულ მასალას, არავის გასჩენია კითხვა იქნებ ეს არის მონტაჟი? სამწუხაროა ის, რომ ქართული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ასევე იმეორებენ რუსულ პროპაგანდას“,- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, რუსულ არხზე გასულ გადაცემაში, სადაც უჩა ნანუაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს გარი კასპაროვისა და პეტრო პოროშენკოს სახელით დაუკავშირდნენ. სიუჟეტის მიხედვით, უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის გამო დაფინანსება უცხოეთიდან გართულებულია. ამასთან, ამავე საუბრისას, მან ისიც განაცხადა, რომ „უკრაინის მაიდანის მსგავსად, ჩვენც გვყავს არაოფიციალური დანაყოფები, არიან ნიღბიანი სამოქალაქო პირები“.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში